The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დევიდ პოლ კეი

დევიდ პოლ კეი
Legal name:დავით ხაბურძანია
Date of birth:1982  (42 years)
Category:Artist

Biography

არტისტი დავით გურამის ძე ხაბურძანია (დევიდ პოლ კეი) დაიბადა 1982 წელს, საქართველოში. როგორც თავად ამბობს, მისი განათლება და კარიერა მრავალფეროვანი და სრულიად ურთიერთშეუსაბამოა.

ამერიკაში პირველად 16 წლის ასაკში მოხვდა, როგორც გაცვლითი მოსწავლე. სკოლა იქ დაამთავრა და შემდეგ თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ფაკულტეტზე ჩააბარა.

რამდენიმე წლის შემდეგ მეორად პროფესიად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაიმატა. პარალელურად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების პროექტზე მუშაობდა. ასევე, თბილისში რუსთავი 2– ზე გადაცემა  “დილა მშვიდობისა საქართველო” მიჰყავდა.

პირველი ხატვის გაკვეთილი მამის მეგობარმა, მხატვარმა ავთანდილ ტატანაშვილმა ჩაუტარა. ის არაჩვეულებრივი კალიგრაფიც იყო, ხელით აფორმებდა წიგნებს და გამოცემებს. მან ასწავლა პატარა დავითს ქართული ანბანის ხატვა, ფიგურის აგება, მედიუმი, კომპოზიცია, პერსპექტივა, შუქ-ჩრდილი და ძალიან ბევრი სხვა ის ფუნდამენტური ნიუანსი, რაც ყველა მხატვრის განვითარებისთვისაა აუცილებელი.

2008 წლის ზაფხულში დავით ხაბურძანია საცხოვრებლად ამერიკაში, ნიუ-იორკში,  გადავიდა და დღეს თანამედროვე ხელოვნების წამყვანი არტისტია.

დევიდ პოლ კეის ნამუშევრები ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, პარიზსა და დუბაიში მრავალრიცხოვანი ჯგუფის შოუებში შედის. მისი მხატვრობით კერძო კოლექციონერები და მსოფლიოს ცნობილი ბრენდები ინტერესდებიან.

ხელოვანის ბიოგრაფიაში არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენაა დაფიქსირებული. პირველი და ყველაზე საინტერესო გამოცდილება იყო მაიამის “არტ ბაზელი”. ეს არის  სახელოვნებო კვირეული, როდესაც მთელი ქალაქი ხელოვნების დედაქალაქად იქცევა. იმ კვირეულის განმავლობაში დავითმა, ბევრი ცნობილი კოლექციონერის, გალერისტისა და კრიტიკოსის თვალწინ, ავტოკომპანია “კადილაკის” ახალი მოდელი ძალიან დეტალური ხაზოვანი ტექსტურით მოხატა. ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა – დგილობრივმა პრესამაც დაწერა და არტსამყაროს მესვეურების ყურადღებაც მიიპყრო, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდა მისი შემდგომი განვითარებისთვის.

დავით ხაბურძანიას ბევრ მნიშვნელოვან პროექტზე უმუშავია. საინტერესო იყო დასავლეთ აფრიკაში მიღებული პირველი გამოცდილება, სადაც ექსპერიმენტის სახით ადგილობრივი თავშესაფრის ბავშვებთან ერთად შეასრულა კედლის კომპოზიცია. ჰქონდა პროექტები ფეიფალთან, კადილაკთან და მონბლანის ბრენდთან.

2018 წელს აივ/შიდსის წინააღმდეგ მიმართული კამპანიისთვის შექმნა ინსტალაცია. ნამუშევარი 27 სექტემბერს, ნიუ-იორკში, (MONTBLANC M)RED ახალი კოლექციის პრეზენტაციაზე გამოიფინა. ღონისძიება ძვირადღირებული აქსესუარების ბრენდ MONTBLANC-ისა და HIV/AIDS (აივ/შიდსი) პრობლემაზე მომუშავე (RED) ფონდის თანამშრომლობით შექმნილ კოლექციას ეძღვნებოდა და აივ/შიდსის მქონე ადამიანების დახმარებას ისახავდა მიზნად.

ხელოვანმა ერთ-ერთი ბოლო პროექტი შეასრულა მანჰეტენზე, მეხუთე ავენიუზე. მან Empire state building-ის და მეხუთე ავენიუს დამაკავშირებელ ხვეული კიბის კედლებზე და ჭერზე შექმნა ორიგინალური კომპოზიცია.

დევიდ პოლ კეიმ საინტერესო პროექტი გააკეთა ქართველ მხატვრებთან ერთად ყაზბეგში.

თბილისში ერთ-ერთი ვიზიტის დროს დახატა ტილო“ფლამენკო”, რომელიც საჩუქრად გადასცა ორბელიანების სასახლეში მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციის კოლექციას და დარჩება მემკვიდრეობად მომავალ თაობებს.

2019 წელს თბილისში, თავისი პირველი Street Art ნამუშევარი შეასრულა. ერთ ფერში გავლებული უსასრულო ხაზებით მან გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ძველი შენობის უსახურ კედელს ახალი სიცოცხლე შესძინა და სივრცე წარმოსახვისთვის გამვლელებს დაუტოვა.
მხატვარს იმედი აქვს, რომ ეს იქნება პიონერი პროექტი, რომელიც ადამიანებს მეტ ყურადღებას მიაქცევინებს ქუჩის არტზე და სულ მალე Street Art -ი დედაქალაქის სხვადასხვა უბნის შენობების კედლებზეც გაჩნდება.

წყარო:

https://blogs.netgazeti.ge/2019/06/26//დავით-პოლ-კეის-ცხოვრება-/

#სფიჩი #სპიჩი #speech #speechmedia 

 


Share: