The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ქეთევან ბაგრატიონ-ორსინი

ქეთევან ბაგრატიონ-ორსინი
Date of birth:29 July, 1954  (70 years)
Category:Nobleman

Biography

ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი ქეთევან კონსტანტინეს ასული ბაგრატიონი დაიბადა 1954 წლის 29 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ ტალანსში.

1977 წელს დაამთავრა ბორდოს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სლავური და ინგლისური ენების სპეციალობით. 1975-1976 წლებში სტაჟირება გაიარა  თბილისისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში: რვათვიანი სასწავლო სტიპენდია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ორთვიანი სასწავლო სტიპენდია თბილისის ივ. ჯავახიშვილი სახელობის უნივერსიტეტში.

1986 წელს აიღო სასოფლო-სამეურნეო ექსპერტის დიპლომი.

1978 წელს ქეთევანი ცოლად გაჰყვა იტალიის დიდ მთავარს რაიმონდო ორსინ დ’არაგონა დუკა დი გრავინას და საცხოვრებლად რომში გადავიდა. მათ ჰყავთ ოთხი შვილი.

ქეთევან ბაგრატიონი არის საქართველოს ჰუმანური დახმარების მრავალი აქციის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი: 1991 წელს რომში დააარსა საზოგადოება იტალიელთა და ქართველთა ერთობა–"წმინდა გიორგის ფარი" და იყო მისი პრეზიდენტი 2005 წლის 9 მარტამდე. ამ წლების განმავლობაში მონაწილეობა მიიღო და ითანამშრომლა სხვადასხვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან (CRI, WFP, Caritas, "Insieme per la Pace"), საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების პროექტების განხორციელებაში, ჩაატარა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ხელი შეუწყო საერთაშორისო დონის პოლიტიკურ შეხვედრებში ქართული დელეგაციების მონაწილეობას.

1997 წელს ქეთევან ბაგრატიონმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის იტალიის რესპუბლიკასა და წმინდა საყდარში სახელმწიფო ვიზიტისა და რომის პაპთან, იოანე-პავლე II-თან შეხვედრის ორგანიზებაში.

1999 წელს მონაწილეობდა რომის პაპის იოანე-პავლე II-ის საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაში. 

ფლობს: ფრანგულ, იტალიურ, ინგლისურ, რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

2005-2014 წლებში ქეთევან-ბაგრატიონ-ორსინი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან (ვატიკანი) და მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან. 2019 წლიდან იგი კვლავ იკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

1995 წელს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა.

მიღებული აქვს ჯილდოები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (1992); ანტონ I ბაგრატიონის სახელობის ოქროს მედალი; ინვალიდთა და ვეტერანთა წმინდა თამარ მეფის ორდენის ოქროს მედალი; 2000 წელს - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისი უწმინდესობა ილია II მიერ დამსახურების სიგელი; 2007 წელს - წმინდა საყდრის პიუს IX ორდენის დიდი ჯვარი; 2009 წელს - ანჰალტების საგვარეულოს "ალბრეხტის დათვის" დიდი ჯვარი; 2013 წელს - მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის დიდი ჯვარი.

ქეთევან ბაგრატიონის ვაჟი  ლელიო ნიკოლო ორსინი დ’არაგონა არის  საქართველოს საპატიო კონსული მილანში. მისი ინიციატივით იტალიის პარლამენტში შეიქმნა საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფი.

2020 წლის 24 მარტს გარდაიცვალა ქეთევან ბაგრატიონის მეუღლე, საქართველოს საპატიო მოქალაქე, რაიმონდო უმბერტო მარია ორსინი დ’არაგონა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრინცი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოში მრავალგზის განხორციელებული საქველმოქმედო საქმიანობისათვის. 

წყარო:
1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ. 320

2. ჭუმბურიძე ზვიად. დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1. - თბ., 2021. გვ.38.


Share: