The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იოსებ კემულრია

იოსებ კემულრია
Date of birth:1879
Date of death:1957  (at 78 years)
Category:Economist

Biography

კემულარიები წარმოშობით სამეგრელოს სოფელ ზუბიდან იყვნენ. იოსების მამა, გრიგოლი შეძლებული კაცი გახლდათ. მას კომერციული ნიჭი ჰქონდა, უმაღლესი გილდიის სოვდაგარი იყო, ფლობდა ქარვასლებს და სხვა მრავალ სავაჭრო ობიექტს ბათუმსა და ქუთაისში, საზღვარგარეთიდან საუკეთესო ხარისხის საქონელი შემოჰქონდა და ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდა.

ახალგაზრდობაში გრიგოლს საფრანგეთში უმოგზაურია და იმდენად მოხიბლულა პარიზული ცხოვრებითა და ემილ ზოლას დროინდელი უდიდესი ჰიპერმარკეტებით, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქუთაისში დაუარსებია მათი მსგავსი დიდი მაღაზიები.

გრიგოლის მეუღლე, ნინო (ნინუცა) ნიკოლაძე, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის და იყო. მათ შეეძინათ სამი შვილი – ანეტა, სოფიო და იოსები. სოფიო კემულარია გახლდათ მწერალ ლევან გოთუას დედა.

იოსებ კემულარია 1879 წელს დაიბადა. ვაჟის განათლებაზე მშობლები განსაკუთრებით ზრუნავდნენ. ოჯახმა ის ჯერ რუსეთში, შემდეგ კი ბელგიაში, იტალიასა და საფრანგეთში გაგზავნა სასწავლებლად. უმაღლესი ეკონომიკური განათლება იოსებმა მოსკოვის, ლიესა და პარიზის უნივერსიტეტებში მიიღო.

გრიგოლსა და ნინოს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ შვილები არაფერში შეეზღუდათ, იქნებოდა ეს სწავლა–განათლება თუ საერთო განვითარება. ხშირად მოგზაურობდნენ. 1889 წელს პარიზში დაესწრნენ ეიფელის კოშკის გახსნას და მსოფლიო გამოფენაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ერთ-ერთი მგზავრობის დროს გრიგოლი ტიფით დაავადდა და მალე გარდაიცვალა. იოსებმა მამის საქმიანობა გააგრძელა. იგი გახლდათ ერთადერთი მამაკაცი მემკვიდრე, ამიტომ საკმაოდ დიდი ქონება ერგო წილად. მოგვიანებით მას დაეკისრა მაღალი ფუნქციები: ის იყო მუნიციპალური დირექტორი, სავაჭრო სკოლისა და სამუსიკო საზოგადოების დამაარსებელი, წითელი ჯვრის წარმომადგენელი, ქართულ-ფრანგული სავაჭრო პალატისა და დევნილთა დახმარების ორგანიზაციის პრეზიდენტი და სხვა.

იოსებ კემულარიას მეუღლე ფრანგი ჰყავდა, თუმცა ქუთაისში გაიცნო თავის მეგობართან, გვარად მდივანთან. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. იოსების რჩეული, მარგარიტა ჟანი ეიშენლობი, წარმოშობით, ბავარიის ალზასური ოჯახიდან იყო. მისი მშობლები ალზასიდან გერმანელთა ანექსიას გამოექცნენ. 1871 წელს მათ უარი თქვეს ოკუპირებულ ალზასში დარჩენაზე და საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდნენ. შეძლებულად ცხოვრობდნენ. ჰქონდათ ხის საწარმო, რომელიც კარგ შემოსავალს იძლეოდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს მარგარიტა სტუმრად იმყოფებოდა თავის დასთან, შარლოტა მდივანთან. სწორედ მის ოჯახში გაიცნო მან იოსები. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალე დაქორწინდნენ. ჯვარი სურამის ეკლესიაში დაიწერეს. დამკვიდრდნენ თბილისში, სადაც ელიტარულ ცხოვრებას ეწეოდნენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იოსებმა ბათუმიდან გემით დატოვა ქვეყანა. მარგარეტი მის გამგზავრებამდე იქნა ევაკუირებული სხვა ფრანგ მოქალაქეებთან ერთად. ცოლ-ქმარი გარკვეული დროით კონსტანტინოპოლში გაჩერდა, საბოლოოდ კი პარიზში დამკვიდრდნენ.

კემულარიებს საფრანგეთში არ ჰქონდა უძრავი ქონება და მიწები, არც ძვირფასეულობა შემორჩათ, რადგან გზაში გაძარცვეს. ოჯახის სარჩენად იოსებმა, თავდაპირველად, ტაქსის მძღოლობას მიჰყო ხელი, ვინაიდან მანქანა ჰყავდათ. რამდენიმე წლის შემდეგ ფრანგულ-ეგვიპტურ ნავთობკომპანიაში დაიწყო მუშაობა. ცხოვრება თითქოს აეწყო, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ სამსახურში საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება მოსთხოვეს.

იოსებს ჰქონდა ე. წ. ნანსენის პასპორტი, რომელიც ეძლეოდა მოქალაქეობის არმქონე პირებს, ლტოლვილებს. მას მართალია საფრანგეთი უყვარდა, მაგრამ არ სურდა საბოლოოდ მოწყვეტოდა სამშობლოს. ამიტომ მოქალაქეობაზე უარი თქვა და სამსახური დატოვა.

ცოლ-ქმარი პარიზში დაბრუნდა. იქირავეს ბინა ელისეს მინდვრებთან ახლოს და მარგარეტმა დაარსა პატარა სილამაზის სალონი, სადაც აკეთებდა სახის მასაჟებს და კლიენტებს ურჩევდა სილამაზის პროდუქციას. 

შემდგომში იოსებ კემულარიამ ბორდოში გახსნა საკუთარი ბანკი და წარმატებული ბანკირი გახდა.

იოსების და მარგარეტის ვაჟი კლოდ კემულარია ფრანგულ ყაიდაზე აღიზარდა, მაგრამ მამა ყოველთვის ჩააგონებდა, ქართველობა არ დავიწყებოდა. თავადაც თვლიდა, რომ მისი კომუნიკაბელურობა, მხიარული ხასიათი და იუმორი ქართული გენიდან მოდიოდა.

იოსებ კემულარია გარდაიცვალა 1957 წელს. დასაფლავებულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო:

კემულარია . (კლოდ დე). ცხოვრება გაშლილი ფრთებით : მემუარები / კლოდ დე კემულარია ; [ფრანგ. თარგმნეს: პრინცესა ვერონიკა მიურატმა, შოთა ჭაბაშვილმა, მზია გობეჩიამ]. - თბ. : ცოტნე, 2010. – 392 გვ.


Share: