The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გრიგოლ ალშიბაია

გრიგოლ ალშიბაია
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1957  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია დაიბადა 1881 წელს, საქართველოში. პროფესიით ექიმი იყო.

1913 წელს გაწევრიანდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებაში.

1920-1921 წწ. იყო საბჭოთა აზერბაიჯანში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი.

1921 წლიდან გრიგოლ ალშიბაია პოლიტიკური ემიგრანტია. იგი წერილებს ბეჭდავდა ემიგრანტულ გაზეთში "დამოუკიდებელი საქართველო" (გამოდიოდა პარიზში 1926 წლის იანვრიდან - 1939 წლის ივლისამდე).

ხელმძღვანელობდა კავკასიურ ოფისს ვარშავაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, გერმანიის ჯარის მიერ ვარშავის დაკავების შემდეგ, აქ დაარსებული კავკასიის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა.

1943 წლის ოქტომბერში, კავკასიის კომიტეტის ნაცვლად, დაფუძნდა „სამეკავშირეო შტაბი“, რომელსაც ევალებოდა წესრიგში მოეყვანა ის სამხედრო ერთეულები, რომელშიც ირიცხებოდნენ გერმანელთა ინიციატივით ბანაკებიდან გამოყვანილი ქართველები, ასევე, ბანაკებიდან უნდა გაეთავისუფლებინათ იქ მყოფი ქართველი ტყვეები და სამსახურით უზრუნველეყოთ ისინი.

გრიგოლ ალშიბაია შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

ექვს თვეში შტაბმა მოახერხა ქართველი და კავკასიელი მუშები გამოეყვანა „აღმოსავლეთის მუშების“ პირობებიდან  და უფლებრივად ევროპელი მუშებისთვის გაეთანაბრებინა, ხოლო ქართველი ჯარისკაცები –  გერმანელებისთვის.

შტაბის ფინანსურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა მიხეილ გრიგოლის ძე ალშიბაია  (1908-1967). იგი ჯერ პოლონეთში ცხოვრობდა, შემდეგ გერმანულ ჯარში ჩაეწერა და 1941 წლიდან ზონდერფიურერის წოდებით მე-18 სატანკო დივიზიის თარჯიმნად მსახურობდა. პირველი რკინის ჯვარიც მან მიიღო.

გრიგოლ ალშიბაიას ქალიშვილი რუსუდანი (1919—2006) ცოლად ჰყავდა (1945 წლიდან) ობერლეიტენანტ გივი გაბლიანს, ტყვედყოფილ ექიმს, აბვერის ქართული ბატალიონის "თამარა-II"–ის მეთაურს. მათი შვილები: გრიგოლი, ვერა და ეთერი აშშ-ში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,  გერმანიის მხარეზე მებრძოლ სხვა ქართველთა მსგავსად, საბჭოთა მხარეს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, გრიგოლ ალშიბაია ოჯახით საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.

გარდაიცვალა 1957 წელს.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_ალშიბაია 

2. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი. - თბილისი,, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 20.


გააზიარე: