The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


არჩილ მეტრეველი

არჩილ მეტრეველი
Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Humanitarian

Biography

ჟურნალ „ქართული ემიგრაციის“ 2015 წლის გამოცემაში გამოქვეყნებულია სტატია - „გრიგოლ დიასამიძის წერილები შალვა ამირეჯიბს“. პუბლიკაციას ახლავს საძიებელი და კომენტარები, სადაც არჩილ მეტრეველის შესახებ ვკითხულობთ: ინჟინერი, მიუნხენის უნივერსიტეტის ქართული ენის პროფესორი, მთარგმნელი. ქართული სტამბის დამაარსებელი ბერლინსა და მიუნხენში. გაზეთ „საქართველოს“ (1950-52, მიუნხენი) რედაქტორ-გამომცემელი, ქართული ეროვნულ-პოლიტიკური ცენტრის პარიზული ორგანიზაციის წევრი.

აქ მოწოდებული ცნობებიდან უტყუარად მხოლოდ ის ვიცით, რომ არჩილ მეტრეველმა ნამდვილად დაარსა სტამბები გერმანიაში. რაც შეეხება მის ინჟინრობას. გვაქვს, მხოლოდ ერთი პატარა ფოტო წარწერით: ინჟინერი არჩილ მეტრეველი - ქართველ ვაჭარ მრეწველთ კავშირის წარმომადგენელი ბერლინში სხვადასხვა საქონლის შესაძენათ, სამრეწველო ცნობათა შესაკრებად. ფოტო გამოქვეყნებულია ჟურნალში - „თეატრი და ცხოვრება“, 1918, N13.

არჩილ მეტრეველის, როგორც გამომცემლის, სახელი პირველად გვხვდება 1933 წელს პარიზში გამოცემულ ექვთიმე თაყაიშილის 88-გვერდიან ნაშრომში „პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები და ოცი ქართული საიდუმლო დამწერლობის ნიშანი“. შესავალში ავტორი წერს: „ჩემს მოვალეობად ვხადი უღრმესი მადლობა გამოვუცხადო ჩემს ყოფილ მოწაფეს ბ-ნ არჩილ მეტრეველს, რომელმაც ამ გამოცემის ხარჯი იკისრა და რომელსაც სავსებით შეგნებული აქვს აუცილებელი საჭიროება ამგვარი ძეგლების გამოცემისა და მზათ არის განახორციელოს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელოვანი გამოცემანი“.

იმავე 1933 წელს ჟურნალი „დამოუკიდებელი საქართველო“ წერდა: გამოვიდა გერმანულ ენაზე მიხეილ წერეთლის გადათარგმნილი სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუის“ წიგნი, გამომცემლობა არჩილ მეტრეველისა. წიგნს უძღვის მიხეილ წერეთლის შედგენილი ბიოგრაფია სულხან-საბა ორბელიანის და ვრცელი ისტორიულ-ლიტერატურული განხილვა ზურაბ ავალიშვილისა, დაბეჭდილია კარგ ქაღალდზე და ფრიად ლამაზად. დართული აქვს ავტორის მშვენიერი სურათი და სათაური მორთული ქართული ორნამენტებით. ბ-ნ მეტრეველს განუზრახავს გამოსცეს გერმანულად აგრეთვე ვეფხისტყაოსანი, ქართლის ცხოვრება, საქართველოს გეოგრაფია ვახუშტისა და სხვა“.

"სიბრძნე-სიცრუის“ წიგნს „თეთრი გიორგიც“ გამოეხმაურა.

არჩილ მეტრეველის საგამომცემლო საქმიანობაში ეს წიგნი პირველია. წიგნს აწერია“ „ბერლინ-ვილენსდორფი“ და ჩაფიქრებული იყო, როგორც „ქართული ბიბლიოთეკის“ სერიის დასაწყისი. დაიბეჭდა პროსპექტიც მომავალი გამოცემების ჩამონათვალით, მაგრამ პროექტი ვერ განხორციელდა. ამის მიზეზს ვიგებთ 1938 წელს მოსე შანიძისადმი ამერიკაში გაგზავნილი წერილიდან. არჩილ მეტრეველი წერს,რომ იგი მოუტყუებია საგამომცემლო ფირმას და ახლა ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას: „როგორც პროსპექტში ნახავ, კარგი განზრახვები გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი უნდა შეჩერებულიყო. თუ ჩემი ფული მივიღე, ისევ განვაგრძობთ საქმეს“.

აღნიშნული სერიის გამოცემის ჩაშლის შემდეგ, როგორც ჩანს, არჩილ მეტრეველს მუშაობა დაუწყია გრიგოლ ვეშაპელის მიერ პარიზში დაარსებული გაზეთის „ახალი საქართველოს“ რედაქციაში, რადგან მას 1935 წლის პირველ ნომერში მოთავსებულ ფოტოზე რედაქციის წევრთა შორის ვხედავთ.

1940-იან წლებამდე არჩილ მეტრეველის, როგორც გამომცემლის სახელი, მეტად აღარ გვხვდება. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს და ომის შემდეგ დაიბეჭდა მის კუთვნილ სტამბაში ბევრი მნიშვნელოვანი გამოცემა.

1942-45 წლებში გერმანიაში გამოდიოდა ქართული გაზეთი „საქართველო“, რომელიც გვაცნობდა ქართული ლეგიონის ცხოვრებას. სულ გამოვიდა 138 ნომერი(ბოლო 1945 წლის 12 მარტს). გაზეთი ჟურნალ „ქართველი ერისა“ და ლეგიონერებისათვის განკუთვნილ სხვა ლიტერატურასთან ერთად იბეჭდებოდა ბერლინში, არჩილ მეტრეველის ქართულ სტამბაში. გაზეთ ,საქართველოს“ მე-100 ნომერში დაბეჭდილ ფოტოებზე აღბეჭდილია სტამბის ფასადი ქართულ-გერმანული წარწერით და ინტერიერი.

ქართული საკავშირო შტაბის დავალებით არჩილ მეტრეველმა ჯარისკაცებისათვის შეადგინა გერმანულ-ქართული და ქართულ-გერმანული ლექსიკონი, რომლითაც სარგებლობდნენ არა მარტო ქართველები, რომლებსაც გ. მაღალაშვილი აგზავნიდა გერმანული ენის კურსებზე, არამედ გერმანელებიც.

1943 წელს, დ. ხელაძემ ბერლინში არჩილ მეტრეეელის სტამბაში ქართულ ენაზე გამოსცა მინიატურული „ჯიბის“ „ვეფხისტყაოსანი“ ლეგიონერებისათვის. ამ სტამბაში 1943 წელს ღაიბეჭდა, აგრეთვე, „ქართული ლეგიონის საველე ბიბლიოთეკის“ 3 წიგნი: „ჩვენი სიმღერები“ (ლეგიონერთა შემოქმედება), სიმონიკო ბერეჟიანის „ნაწერები“ და აკაკი წერეთლის „ბაშიაჩუკი“.

1944 წელს დაისტამბა სალიტერატურო-სამეცნიერო ჟურნალი „საქართველო“, არჩილ მეტრეველის მიერ შედგენილი კრებული „ქართველი პოეტები“ (ალ. ჭაეჭავაძიდან ალ. აბაშელამდე) და სხვა.

შტაბის ორგანიზებით 1944 წლის 26 მაისი ბერლინში ჩატარდა. გაიმართა ორგანყოფილებიანი კონცერტი. ვ. მაღრაძის ლოტბარობით. კონცერტში მონაწილეობდნენ როგორც ემიგრანტები,ისე ტყვეები. კონცერტის პროგრამა ქართულ და გერმანულ ენებზე დაიბეჭდა არჩილ მეტრეველის ქართულ სტამბაში.

ექიმისა და ჟურნალისტის გივი კობახიძის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ იგი 1947-1949 წლებში მუშაობდა მიუნხენის უნივერსიტეტში ქართული ენის პროფესორ არჩილ მეტრეველთან.

1957-1958 წლებში პოლიტიკოსი დავით საღირაშვილი და არჩილ მეტრეველი მიუნხენში ერთად გამოსცემდნენ გაზეთს - "სამშობლოს განთავისუფლებისათვის".

წყარო:

 1. საძიებელი და კომენტარები // ქართული ემიგრაცია / გრ. რობაქიძის სახელობის უნ-ტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტი.-თბილისი, 2015.-N3 (6).-გვ.145

2. ინჟინერი არჩილ მეტრეველი : ქართ. ვაჭარ-მრეწველთ კავშირის წარმომადგენელი ბერლინში...[პორტრეტი] // თეატრი და ცხოვრება. - 1918. - N13. - გვ.8

დაუშვილი, რუსუდან. ქართული სამხედრო ნაწილები და ორგანიზაციები გერმანიაში // 8 ეპიზოდი ქართულ-გერმანული ურთიერთობების ისტორიიდან / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - გვ.72-107

დაუშვილი, რუსუდან. ემიგრანტული სტამბები, გამოცემები და გამომცემლები // ქართული ემიგრაცია 1921-1939 წლებში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2007. - ISBN 978-9940-49-19-6. - გვ. 177-179.




Share: