The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით ხმალაძე

დავით ხმალაძე
Other name:დევი  (Acronym)
Date of birth:1966  (58 years)
Category:Sculptor

Biography

დავით (დევი) ხმალაძე დაიბადა 1966 წელს, თბილისში. გაიზარდა ხელოვანების ოჯახში და პატარაობიდანვე გამოავლინა სიყვარული ხატვისა და ძერწვისადმი.

1981-1985 წწ. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, 1985-1993 წწ. - თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე.

მეორე კურსზე იყო, როცა ორი სტუდენტი– მოქანდაკე და ფერმწერი, გაცვლითი პროგრამით გაუშვეს პრაღის სამხატვრო აკადემიაში. იქ, 1989-1990 წლებში, დაახლოებით, ერთი წელი სწავლობდა. სწავლის პერიოდში შეხვდა ბელგიელ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც თავიანთ ქვეყანაში მიიწვიეს.

ბელგიაში 1990-იან წლებში ჩავიდა და დარჩენა გადაწყვიტა, რადგან იმ პერიოდში საქართველოში სრული განუკითხაობა და ქაოსი სუფევდა. თავდაპირველად აპირებდა სწავლის გაგრძელებას სამეფო სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთმა მოქანდაკემ მასთან ერთად მუშაობა შესთავაზა და ისიც დათანხმდა.

მუშაობდა ბელგიელ მოქანდაკე იოჰანეს გერტთან  („Johan Geerts & Co“ 1994-1999 წწ.).

მას თავისი ფირმა ჰქონდა გახსნილი, სადაც აკეთებდნენ ორნამენტულ ქანდაკებებს, ფასადის რესტავრაციებს, მონუმენტურ ძეგლებს და ასე შემდეგ.

პარალელურად, წელიწადში 3-4-ჯერ მონაწილეობდა გამოფენებში. აქედან ბევრი იყო პერსონალური. 

2011 წელს სწავლობდა ბელგიის წმინდა ლუკას სახელობის სამხატვრო აკადემიაში.

აქვს საკუთარი სახელოსნო-გალერეა „Atelierdevka“ ანტვერპენის ძველ უბანში, სადაც იგი მუშაობს, ქმნის მულტიდისციპლინური ხელოვნების ნიმუშებს, ობიექტებს და ამავდროეულად ფენს თავის ქანდაკებებს.

“Atelierdevka”, ეს არის სახელოვნებო სივრცე, არტისტების ერთობლივი გამოფენების, ვორქშოფების/სემინარებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად.

დევი ხმალაძის შემოქმედებაში მთავარია ახალი იდეის გაჩენა და მისი დაფიქსირება ჩანახატის სახით. მოქანდაკე ჩანახატს ყოველთვის არ მიყვება და მუშაობის დროს გაჩენილ იდეას ანვითარებს, რომელიც თავდაპირველი ჩანახატისგან შეიძლება სრულიად განსხვავებულიც კი იყოს. ხელოვანის შემოქმედება სწორედ მუშაობის პროცესში ახალი იდეების წარმოსახვის ნაყოფია და საბოლოოდ სამ განზომილებიანი ქანდაკების ფორმას იღებს.

მოქანდაკის პროფესიის გარდა დევი ხმალაძე რესტავრატორის ხელობასაც დაეუფლა. ამჟამად არის მოქანდაკე-რესტავრატორი.აკეთებს როგორც მცირე, ასევე, დიდი მოცულობის ქანდაკებებს, რომლებსაც უფრო ესთეტიური ხასიათი აქვთ, ანუ ძირთადად, ინტერიერზეა გათვლილი და შეიძლება, დეკორატიული დატვირთვაც  ჰქონდეთ. მას ხშირად იწვევენ ბელგიის უმნიშვნელოვანესი ძეგლების აღდგენაში მონაწილეობის მისაღებად. მუშაობს ცნობილ ბელგიურ კომპანიაში „Monument- Altri Tempi“.
არტისტი წლების მანძილზე მჭიდროდ თანამშრომლობს ბელგიისა და ნიდერლანდების რიგ გალერეებთან. მონაწილეობდა ხელოვნების მრავალ საერთაშორისო კონკურსში, თანამედროვე ხელოვნების ბაზრობებსა თუ გამოფენებში.

დევი ხმალაძის ნამუშევრები ინახება ტონ შულტენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (Museum Ton Schulten) ნიდერლანდებში და კერძო კოლექციებში ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.

მოქანდაკე ორი მონუმენტის ავტორია საქართველოში: „მედეა ოქროს საწმისით“ ბათუმში და „პრომეთე“ ბორჯომში. თბილისში გააკეთა შალვა ნუცუბიძის ბიუსტი.

ასევე, იგი ავტორია ძეგლისა „LIKE“, რომელიც აღმართულია ანტვერპენში და ეძღვნება იმედს.

მოქანდაკე მონაწილეობდა ანტვერპენის მოედანზე არსებულ მე-16 ს-ის მერიის შენობის ქვაში გაკეთებული ფასადისა და ინტერიერის აღდგენაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ხელოვანის მიერ შესრულებული წმიდა კატერინას  ტაძარზე არსებული სამმეტრიანი ქანდაკების აღდგენითი სამუშაოები. ამ ქანდაკებას ორი მნიშვნელოვანი დეტალი აკლდა – გატეხილი ეტლის ბორბალი, რომელიც უკავშირდება წმიდა კატერინას ტრაგიკულ ისტორიას და ხმალი, რომელიც შინაარსობრივად თავდადებული მებრძოლის დატვირთვას ატარებდა. დევი ხმალაძის ძალისხმევით, არქივში ნაპოვნი ფოტოს მიხედვით, არქიტექტორებმა ქანდაკება სრულად აღადგინეს.

2023 წლის მაისში ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელზე დაცულ  ქართველთა სასაფლაოზე დაიდგა მემორიალური დაფა. მემორიალის დიზაინის ავტორი დავით (დევი) ხმალაძეა.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/ch-dj/khmaladze-devi.html 

2. https://www.facebook.com/TbilisiSculptureGuide/videos/297342051930392/

3. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268457518

4. https://www.radiotavisupleba.ge/a/ukhilavi-parda/27066387.html

5. ხმალაძე დევი. რ გამოხმაურება მოჰყვა დევი ხმალაძის მიერ აღდგენილ წმინდა კატერინას ქანდაკებას ბელგიაში : ინტერვიუ / დევი ხმალაძე ; ესაუბრა ნინო სანებლიძე. // თბილისელები. 2019. 16-22 დეკემბერი. N51 (990). გვ. 54


Share: