The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თეა გვეტაძე

თეა გვეტაძე
Date of birth:1971  (53 years)
Category:Painter

Biography

თეა გვეტაძე დაიბადა 1971 წელს რიგაში, ექიმ პაატა გვეტაძის ოჯახში. 1988-1993 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რის შემდეგაც განათლების მიღება განაგრძო გერიტ რიტველდის აკადემიაში (ამსტერდამი, ჰოლანდია).

1994-2001 წლებში სწავლობდა გერმანიაში, დიუსელდორფის სახელმწიფო ხელოვნების აკადემიაში.

2002 წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში და სახელოვნებო ბაზრობებზე.

სოლო გამოფენები: ეზოფაგური უცხო სხეულები / გალერეა ნექტარი, თბილისი, 2014;

შავი შოთები / რუპერტ ფაბის გალერეა, დიუსელდორფი, 2012; „შლოსერინენ“- ნუსერ & ბაუმგარტ / მიუნხენი, 2005 და სხვ.

ჯგუფური გამოფენები: კრედიტს მიღმა - არტ ინ ჯენერალ, ნიუ იორკი, 2016; დიუსელდორფის შესახებ, დუსელდორფი, 2015;  ზამთარი ამერიკაში - ტანჯა პოლ გალერეა, მიუნხენი, 2009; საქართველოში დაბადებული - კობრა მუზუემი, ამსტელვეენი, 2008; ხელოვნებასთან ურთიერთობა, ხელოვნებაზე. ბაუჰაუსიდან თანამედროვე ხელოვნებამდე - ტოკიო, 2005 და სხვ.

თეა გვეტაძე ნამუშევრებს სხვადასხვა მედიაში ქმნის, თუმცა მის შემოქმედებაში მთავარი მედიუმი ფერწერა და ნახატი ობიექტია. ხელოვანი ასევე იკვლევს სივრცეს და სპეციფიკურად მუშაობს ობიექტებზე. მისი ნახატები, რომლებიც ხშირად პირდაპირ შავ ხავერდზეა დატანილი, ნათელი და ამავდროულად ამოუცნობია. სიმბოლო, მითი და ალეგორია თეას ნამუშვერებში გრძნობად-ემოციურ საწყისებს გამოხატავს. არტისტი ფერწერის მედიუმით ამკვიდრებს თანამედროვეობის სიმბოლიზმს, რომელიც თავის მხრივ ქართული იდენტობის სპეციფიკას ეფუძნება.

გერმანიაში 21-წლიანი ცხოვრებისა და შემოქმედებითი საქმიანობის შემდეგ, თეა სამშობლოში მამის მძიმე დიაგნოზმა ჩამოიყვანა. მის გარდაცვალებამდე ერთი წელი ერთად იცხოვრეს ოჯახურ გარემოში, ხოლო, როცა ის უკვე აღარ იყო, ხელოვანი უცხოეთში აღარ დაბრუნებულა. აქ, თბილისში, ფერმწერი ბებიის, ცისია შანშიაშვილის სახელოსნოში ცხოვრობს და მუშაობს.

2017 წელს თეა პირველად მოხვდა სვანეთში. თვალუწვდენელი მთები და ულამაზესი ბუნება თავისი უშბით, შხარითა და თეთნულდით, არაფერია იმ ადამიანებთან შედარებით, რომელთა აღმოჩენამაც ეს მხარე სამუდამოდ შეაყვარა.

სვანეთმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ხელოვანი თეა გვეტაძე, მისი ცხოვრების ამ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, თეა მერლანად გარდაისახა.

2018 წელს ანტვერპენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა არტისტი მიიწვია პერსონალური გამოფენით, რომლის სახელიც "Becoming Thea Merlani..." იყო.

თეა გვეტაძის მიერ შექმნილი ობიექტები მონუმენტურ სულსა და თვითმყოფადობას ასხივებენ, ისინი სვანური სოფლის – ლენჯერის ბუნების, არქიტექტურისა და ფრესკების რემინისცენციად ევლინებიან მნახველს. მათი საშუალებით მხატვარი მისეულ ხელოვნებაში აცოცხლებს სივრცეს, სადაც ადამიანები VIII-XII საუკუნის ძეგლებს შორის ცხოვრობენ.

2022 წლის ოქტომბერში, ქალაქ პარიზში, ორი საუკეთესო სახელოვნებო ბაზრობა: Paris Internationale და Art Basel Paris + მოეწყო, რომლებზეც სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად ქართულმა გალერეებმაც წარმოადგინეს მათ მიერ შერჩეული ხელოვანების ნამუშევრები –    გალერეა Artbeat-მა Paris Internationale -ზე ნიკა ქუთათელაძის მიერ შექმნილი ნახატების სერია გამოფინა, გალერეა LC Queisser-მა კი Art Basel Paris + -ზე  წარადგინა თეა გვეტაძის ინსტალაცია, სახელწოდებით „ღვთაებრივი სილამაზე, ჯოჯოხეთური სიმწარე საკუთარი თავისთვის და საყოველთაო ობლობა“.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/g/gvetadze-tea.html

2. გვეტაძე თეა. ზედა წინსვლა: ინტერვიუ / ესაუბრა ანა ძიაპშიპა // ინდიგო. თბილისი, 2018. N 34. გვ. 10-21 

3. https://at.ge/2022/11/08/nika-kutateladze-tea-gvetadze/


Share: