The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით მანაგაძე

დავით მანაგაძე
Date of birth:197?
Category:Biologist

Biography

დავით მანაგაძე აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის ბიოინფორმატიკოსია, მიკროსხეულების ბიოგენეზზე მოლეკულურ-ბიოლოგიური და პროტეომიკური კვლევების, არამაკოდირებელი დნმ-ის ექსპრესიისა და ევოლუციის, ასევე ორთოლოგ გენთა ევოლუციისა და კიბოს მეტაბოლური გზების შესახებ კვლევების ავტორი. ამჟამად მუშაობს გენომთა ანოტაციაზე, სამაგალითო მიმდევრობებისა და ჰომოლოგი გენების მონაცემთა ბაზების შექმნაზე.

ქიმია და ბიოლოგია ბავშვობიდან იტაცებდა. ხარბად კითხულობდა ყველაფერს, რასაც კი ამ თემებზე წააწყდებოდა, მათ შორის, წიგნებს ცნობილ ქიმიკოსებზე, ფიზიკოსებზე, ელემენტარულ ნაწილაკებზე და ა.შ. ამიტომ არავის გაკვირვებია, როცა პროფესიად ბიოქიმია აირჩია.
1990-იანების ბოლო წლები დავით მანაგაძემ თბილისში, საქართველოს მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში გაატარა. ასპირანტურაში საკანდიდატოზე მუშაობდა, მაგრამ მატერიალური სიძნელეების გამო დროებით მიატოვა პროფესია და კომპიუტერების სფეროში გადაინაცვლა. ისწავლა IT პრინციპები, ქსელებთან, მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, რამდენიმე პროგრამირების ენა. Microsoft-ის და Novell-ის პროფესიონალის სერთიფიკატებიც აიღო… თუმცა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა ისევ მეცნიერებას დაბრუნებოდა.

2003 წელს გაემგზავრა გერმანიაში და ბოხუმის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში დაიწყო სადოქტორო კვლევები მიკროსხეულების წარმოშობისა და ფუნქციონირების შესახებ.

2007 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (Magna cum laude), რის შემდეგაც მიიწვიეს პოსტ-სადოქტორო კვლევებზე აშშ-ში, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტებში (National Institutes of Health, NIH). აქ კვლევის თემა პრიონები იყო, რომელთა შესწავლა აუცილებელია მათგან გამოწვეული დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

დავით მანაგაძის საოცნებო სფერო იყო ბიოინფორმატიკა, რომელიც აერთიანებს ბიოლოგიასა და კომპიუტერებს, ბიოლოგიური ინფორმაციის ანალიზით კი უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა.

საბედნიეროდ ქართველ მეცნიერს გაუმართლა და მიიღო მოწვევა NCBI-დან, მსოფლიო ბიოინფორმატიკისა და გენომიკის ფლაგმანი ორგანიზაციიდან. აქ მოღვაწეობს იუჯინ კუნინი (Eugene Koonin), ბიოინფორმატიკისა და გენომიკის პიონერი და ერთ-ერთი ფუძემდებელი.

პოსტ-სადოქტორო სამუშაოების დამთავრების შემდეგ დავით მანაგაძეს NCBI-ში სამსახური შესთავაზეს და კიდევ სამი წელი იმუშავა იქ ეუკარიოტების გენომების ანალიზის ახალი გზების პოვნასა და ანოტაციაზე.
2012 წელს ქართველმა მეცნიერმა  გადაწყვიტა აკადემიურ ცხოვრებას ჩამოშორებოდა და ინდუსტრიაში, სტარტაპში ეცადა ბედი. ამიტომ საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიაში, სილიკონის ველზე, რომელიც არა მხოლოდ კომპიუტერებთან დაკავშირებული ლეგენდარული კომპანიებითა და სტარტაპებით, არამედ ბიოსამედიცინო კვლევებითაც გამოირჩევა.

იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე ახალი და ლამის სამეცნიერო ფანტასტიკის თემა ერთი უჯრედის სექვენსინგის (single cell sequencing) თემა იყო. დავით მანაგაძე შეუერთდა ამ თემის პიონერ სტარტაპს, შექმნა ბიოინფორმატიკის ჯგუფი და კვლევების შედეგად  წელიწადზე ნაკლებ დროში შეიქმნა პროდუქტი, რომელსაც საბოლოოდ BD Rhapsody დაერქვა. აღნიშნული სტარტაპი ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ Becton Dickinson-მა იყიდა.

2015 წელს დავით მანაგაძე თბილისში ჩამოვიდა და წაიკითხა საჯარო ლექცია, რომელიც შეეხებოდა ბიოლოგიის ახალ დარგს  - გენომიკას, ადამიანის გენომის პროექტს, აღწერილ ფაქტებსა და მათ ანალიზს, ასევე პროექტის შედეგებს ბიოლოგიაში, მედიცინასა და ყოფაცხოვრებაში.

წყარო:

https://speech.ge/metsniereba/davith-managadze-biologi-ashsh/


Share: