The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თათია სხირტლაძე

თათია სხირტლაძე
Date of birth:1976  (48 years)
Category:Artist

Biography

მხატვარი და ვიზუალური არტისტი თათია სხირტლაძე დაიბადა 1976 წელს თბილისში. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ვენაში (ავსტრია).

1993–1999 სწავლობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის სამხატვრო ფაკულტეტზე.

1999 წელს სწავლა გააგრძელა ავსტრიაში, ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში, რომელიც 2004 წელს დაამთავრა.

2006-2008 წლებში გაიარა მაგისტრატურა ნიდერლანდებში, სადაც ჰოლანდიური ხელოვნების ინსტიტიტუტში დაიცვა ხელოვნების მაგისტრის ხარისხი.

თათია სხირტლაძე მუშაობს სხვადასხვა მედიაში, ქმნის განგრძობად და ადგილ-სპეციფიკურ ნამუშევრებს. ასწავლის ვიდეო-ხელოვნებას ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში. არის SuK-ის (კულტურაში ჩართულობის ბიურო) თანადამფუძნებელი.

მხატვარს საქართველოსტან კავშირი არასდროს გაუწყვეტია, რადგან მისი ოჯახის წევრები საქართველოში ცხოვრობენ და მისი არტპროექტების ნაწილიც სამშობლოს უკავშირდება. გარდა ამისა, იგი შემეცნებითი მუზეუმის "შუქურას" თანადამფუძნებელია და საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა.

2014 წლის 11-13 ნოემბერს, თბილისში, ავსტრიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი: „Thonet Stories ანუ ვენური სკამები საქართველოში“. პროექტის ინიციატორი გახლდათ ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის დოცენტი თათია სხირტლაძე. პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლასა და ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

2020 წლის 5 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „სტამბაში“ დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi ფარგლებში შედგა პრემიერა თათია სხირტლაძის დოკუმენტური ფილმისა - „დიდება დედოფალს“ (Glory to the Queen, 2020). ეს ფილმი მისი დებიუტია კინოინდუსტრიაში.

ავსტრიაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ თათია სხირტლაძის როგორც ქართველის იდენტიფიკაცია მრავალი წლის მანძილზე მხოლოდ სტალინით, რუსეთით, საბჭოთა კავშირით ხდებოდა. ერთადერთი გამონაკლისი ქართველ მოჭადრაკე ქალებთან იყო დაკავშირებული. შემოქმედი ამან დააფიქრა, ნელ-ნელა ამ თემას ჩაუღრმავდა და აქედან გაჩნდა ფილმის იდეაც. ცივი ომის პერიოდში ოთხი ქართველი მოჭადრაკე ქალის – ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის წარმატება ფენომენალური მოვლენა იყო არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ისტორიაშიც. მაშინ, როდესაც მსოფლიოს ჭადრაკში ქალების ხსენებაც არ იყო, საქართველოს მოჭადრაკე ქალები კაცებსაც კი უწევდნენ მეტოქეობას.

თათია სხირტლაძემ ფილმის გადაღება დამოუკიდებლად, თავისი სახსრებით დაიწყო. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი მისი იდეით პროდიუსერები, ანა ხაზარაძე და ნინო ჩიჩუა, მოიხიბლნენ და ფილმი დააფინანსეს. მალევე გუნდს ავსტრიელი და სერბი კო-პროდიუსერები შეუერთდნენ და 2 წელიწადში საბოლოო პროდუქტი მივიღეთ.

ფილმი, საქართველოს გარდა, წარადგინეს მექსიკაში, ბრაზილიაში, ავსტრიაში, ფინეთში, დანიაში, იტალიაში, გერმანიაში, სერბეთში, მონტენეგროში, სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე კინოფესტივალებზე.

საქართველო – ავსტრია – სერბეთის თანაპროდუქტმა სერბეთში „მაყურებლის პრიზი“ (Free Zone Film Festival), ამერიკასა (SEEfest) და მექსიკაში (Doqumenta) „საპატიო ხსენების პრიზი“, საქართველოში (Tbilisi International Film Festival) კი „ოქროს პრომეთეს პრიზი“ სალომე ჯაშის „მოთვინიერებასთან“ ერთად გაინაწილა.

2021 წელს იგი ავსტრიაში იმ ფილმების სიაში მოხვდა, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. ამავე წელს „დიდება დედოფალს”  აშშ–ის ორ კინოფესტივალზე აჩვენეს – Kansas City FilmFest (მისურის შტატი) და SeeFest (ლოს ანჯელესი, კალიფორნია).

წყარო: 

https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/s-t/skhirtladze-tatia.html 


Share: