The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსი ასათაშვილი

ალექსი ასათაშვილი
Date of birth:197?
Category:Lawyer

Biography

ალექსი ასათაშვილმა უმაღლესი განათლება საქართველოში მიიღო. 1989 წელს, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუთების შეტანის დრო მოვიდა, ჯერ კიდევ არ არსებობდა საერთაშორისო საჯარო სამართლის ფაკულტეტი, ამიტომ აირჩია იურიდიული მიმართულება. ორ წელიწადში გადავიდა უნივერსიტეტში ახლად დაარსებულ საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ  საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიით პარიზში გაემგზავრა. 

მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართულებით სორბონის უნივერსიტეტში მოიპოვა.

დიპლომატიური სამსახური დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ირაკლი მენაღარიშვილის მინისტრობის დროს.

საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ევროპის საბჭოს განყოფილებაში მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესში.

მექსიკაში საცხოვრებლად 1997 წელს გადავიდა, რაც იმან განაპირობა, რომ მისი მეუღლე, ბეგონია, მექსიკელია.

რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზზე დაკავებულ თანამდებობებს - მსახურობდა ომბუდსმენის იბერო-ამერიკული ფედერაციის ტექნიკური მდივნის თანამდებობაზე. ასევე, ეკავა პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა ეროვნული დაწესებულებების საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსთა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი.

მექსიკაში სამსახური რამდენჯერმე შეიცვალა: იყო ერთ-ერთი წამყვანი მასობრივი საშუალებების კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩეველი; 15 წლის განმავლობაში მუშაობდა მექსიკის ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის საერთაშორისო საქმეთა კოორდინატორის პოსტზე; იმსახურა, ასევე, კალიფორნიის შტატის ადამიანის უფლებათა კომისიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე; იყო მეხიკოს საქალაქო პოლიციის ადამიანის უფლებათა დაცვის გენერალური დირექტორი.

არც წმინდა იურიდიული საქმიანობა დავიწყებია. იმუშავა მექსიკის სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორად.

2019 წელს კოლეგებთან ერთად დააფუძნა იურიდიული ფირმა Strad consulting (www. Strad. mx), რომლის პარტნიორი და გენერალური დირექტორი თავად არის; შესაბამისად, პირადი პრაქტიკის გარდა, ადმინისტრაციულ საქმეებსაც ითავსებს.

ფირმა 4 წელია, რაც მექსიკასა და საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობს. ჰყავს 30-ზე მეტი პარტნიორი და მოიცავს იურიდიულ, ფინანსურ და ეკონომიკურ საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროს.

იურიდიული ფირმის მუდმივ კლიენტებს შორის არიან მექსიკისა და სხვა ქვეყნების კომპანიები და კერძო პირები, მათ შორის საქართველოდანაც.

ალექსი ასათაშვილის, როგორც ფირმის ერთ-ერთი პარტნიორის სპეციალიზაციაა - საიმიგრაციო სამართალი, უცხოური ინვესტიციები და საკონტრაქტო სამართალი.

ამან საშუალება მისცა ემუშავა მექსიკაში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის საქმეებზე. ეს საქმიანობა მისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია, რადგან დაკავშირებულია სამშობლოსთან, იმ მიწასთან სადაც ის დაიბადა.

წყარო: 

https://speech.ge/skhvadaskhva/aleqsi-asathashvili-iuristi-da-advokati-meqsika/


Share: