The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თეონა ბოტკოველი

თეონა ბოტკოველი
Date of birth:196?
Category:Psychologist

Biography

თეონა ბოტკოველი დაიბადა კახეთის სოფელ იყალთოში. 1987 წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მესამე კურსიდან სწავლა გააგრძელა „ემგეუში“ (МГУ – მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი). თავიდან თეონა მოხვდა იმ ექვს საუკეთესო სტუდენტს შორის, რომლებიც  ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა მიავლინა მოსკოვში 6-თვიან პრაქტიკაზე. პრაქტიკის გავლის შემდეგ კი მოსკოვში დარჩა და ლომონოსოვის უნივერსიტეტი დაასრულა ვიწრო სპეციალიზაციით „უმაღლესი  ნერვული სისტემის ფიზიოლოგი“, ანუ, მისი პროფესიაა - ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა ტურისტულ ფირმა „პონტოში“ – ბიზნესჯგუფებს დაყვებოდა ხელმძღვანელად და ფსიქოლოგად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.

1990-იანების მძიმე წლებში პროფესიით დასაქმება ვეღარ შეძლო. მაგრამ არ გაჩერებულა, სადაც კი სამსახური გამოჩნდა ყველგან მუშაობდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა ეს იყო ბარი, რესტორანი, მაღაზია თუ რომელიმე ფირმა. ბოლოს კონტროლის პალატაში იყო დასაქმებული და 2010 წელს, როცა კვლავ უმუშევარი დარჩა, გადაწყვიტა ემიგრაციაში წასულიყო, კერძოდ, იტალიაში, სადაც ერთი წლის წინ წასული და ეგულებოდა.

ამჟამად ბარის რეგიონის ქალაქ ჯოვინაცოში იმყოფება. იტალიაში ახალჩასული ყოველგვარ სამუშაზე თანახმა იყო, მერე, როცა იტალიური ისწავლა, შეეცადა საკუთარი პროფესიის დაბრუნების გზები მოეძებნა. თავიდან ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან არ ჰქონდა ე. წ. პერმესო დი სოჯორნო (იტ. permesso di soggiorno – ოფიციალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება). ამის გამო, ვერ შეძლო ესწავლა, მის ქართულ დიპლომს კი იქ არ აღიარებდნენ.

ყველაფერი შეიცვალა 2022 წლის აპრილიდან, როცა უკვე ოფიციალურად აიღო საბუთი და მიეცა უფლება და შანსი, ოფიციალურად ემუშავა და ესწავლა. პირველ რიგში საქართველოში წამოვიდა, სადაც გაამზადა თავისი დიპლომის აპოსტილი და ყველა საბუთის იტალიური ვარიანტი. იტალიაში დაბრუნების შემდეგ რვა თვე სწავლობდა გრამატიკულ იტალიურს, რაც აუცილებელი იყო სწავლის უფლების მისაღებად. კურსის დამთავრებისთანავე ჩააბარა გამოცდა, აიღო ენის სერტიფიკატი და უკვე მიეცა საშუალება, სერტიფიკატზე და საქართველოდან ჩატანილ საბუთებზე დაყრდნობით, გაევლო ფსიქოლოგიის კურსი იტალიაში ფსიქოლოგად მუშაობის უფლების მისაღებად.

2023 წელი კარგი ამბით დაიწყო ბარის რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის. პირველად ქართული დიასპორის ისტორიაში ოფიციალურად გაიხსნა ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტი, რომელსაც იტალიაში სერტიფიცირებული ქართველი ფსიქოლოგი თეონა ბოტკოველი გაუძღვება. ამ ეტაპზე მას მხოლოდ ქართველ ემიგრანტებთან მუშაობის უფლება აქვს, მაგრამ ის უკვე გადის  ექვსთვიან აუცილებელ კურსს, რის შემდეგაც ოფიციალურად მიენიჭება იტალიაში მდებარე ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობის უფლება.

თეონა იტალიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვისაც იღწვის. ქართველ მეგობრებთან ერთად მართავს საქველმოქმედო ღონისძიებებს და შემოსული თანხით ეხმარება გაჭირვებულ მოხუცებს და ავადმყოფ ბავშვებს; გარდა ამისა, ქ. ბარიში და სხვა ქალაქებშიც, მისი ინიციატივით, განათავსეს „სიკეთის ყუთები“, სადაც ემიგრანტები ყრიან ყოველთვიურ ნებაყოფლობით შემოწირულობას. თვეში ერთხელ ყუთები პირდაპირ ეთერში იხსნება და თანხა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ერიცხებათ.

თეონა ბოტკოველის ძალისხმევით საქართველოშიც გახსნეს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც მისი  ძმისშვილი – შოთა ბოტკოველი ხელმძღვანელობს. ის და მისი მეგობრები ხშირად აწყობენ ქუჩის კონცერტებს, შეგროვილ თანხას და იტალიიდან გადარიცხულ ფულს კი მთლიანად გაჭირვებულ ბავშვებს ახმარენ.

რამდენიმე წლის წინ ქ. ჯოვინაცოში თეონამ და მისმა დამ, მაია შათირიშვილმა ადგილობრივი „კარიტასის“ დახმარებით, ქართული კულტურის წარმოსაჩენად ძალიან კარგ ღონისძიებას უმასპინძლეს. ქართული დიასპორის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი პროზა, პოეზია, ცეკვები, მოეწყო მქარგველი გოგონების ნამუშევრების გამოფენა, იტალიელ საზოგადოებას უჩვენეს ქართული ტრადიციული სტუმარმასპინძლობის ულამაზესი კულტურა, გაუმასპინძლდნენ ქართული ნუგბარით, ეროვნული ჰიმნების ფონზე გაჭრეს ტორტი საქართველოს და იტალიის დროშებით ... ამ საღამოზე მეორე დღესვე წერდა იტალიური პრესა, რამაც იქაურ ქართველებს მისცა სტიმული კიდევ დაგეგმონ მსგავსი ღონისძიებები.

წყარო:

1. https://nostal.ge/2023/01/30/italiam-qartveli-emigranti/

2. https://nostal.ge/2020/03/10/teona-botkoveli/


Share: