The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


რუსუდან ჟორჟოლიანი

რუსუდან ჟორჟოლიანი
Date of birth:1985  (39 years)
Category:Writer

Biography

იტალიურენოვანი ქართველი მწერალი რუსუდან (რუსკა) ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან დევნილია. დაიბადა 1985 წელს მესტიაში. 1989 წელს მისი ოჯახი გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში დასახლდა. აფხაზეთის ომის გამო, 1994 წელს იძულებული გახდნენ სახლ-კარი მიეტოვებინათ და წამოსულიყვნენ. ჯერ მესტიაში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი თბილისში.

10 წლის იყო რუსკა როცა საზოგადოება „საქართველო-იტალიის“ ორგანიზებით სხვა დევნილ ბავშვებთან ერთად იტალიაში, სიცილიაზე გაემგზავრა. ეს ბავშვები ზაფხულობით, სამი თვის მანძილზე ცხოვრობდნენ იტალიურ ოჯახებში, შემდეგ ცხრა თვეს კი საქართველოში ატარებდნენ. ეს პროგრამა მათ სრულწლოვანებამდე გაგრძელდა. 18 წლის ასაკს როცა მიაღწიეს ზო­გი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დარ­ჩა და სწავ­ლა გა­ნაგ­რ­ძო, და­ო­ჯახ­და, ზოგ­მა კი პალერმოსთან და „იტალიელ მშობლებთან“ კავშირი არ გაწყვიტა.

2007 წლამდე რუსკაც ამ რეჟიმით ცხოვრობდა. პარალელურად ორივე ქვეყანაში გაიარა სასკოლო პროგრამა. იტალიელი მშობლების დახმარებით საქართველოში იტალიური სკოლა დაამთავრა, ზაფხულობით კი იტალიურ სკოლაში აბარებდა ექსტერნად გამოცდებს. მერე თსუ-ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ჩაა­ბა­რა და დაასრულა თუ არა იტა­ლი­ა­ში გაემ­გ­ზავ­რა თავის დედობილ-მამობილთან.

თა­ვი­დან იქაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ჩაა­ბა­რა პალერმოს უნივერსიტეტში, შემ­დეგ კი პრო­ფი­ლი შეიც­ვალა და ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტი დააამ­თავ­რა. სადიპლომო დაიცვა ქართველ ფილოსოფოს მერებ მამარდაშვილზე და ამჟამად მის ნაშრომებს იტალიურ ენაზე თარგმნის.

რუსკა ჟორჟოლიანის, როგორც მწერლის დებიუტიც, იტალიურ ენაზე შედგა. თავდაპირველად წერდა დღიურებს, წერილებს, ლექსებს, აკეთებდა ჩანახატებს, მაგრამ ფიქრობდა, რომ რაიმე სერიოზულის დაწერა ჯერ ნაადრევი იყო. 2009 წელს მისი დინო კამპანასადმი მიძღვნილი ლექსი პალერმოში გამართულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­ს­ „მონდელო ჯოვანიზე“ (Mondello Giovani) მთავარი პრიზით დაჯილდოვდა.

2016 წლის ნოემბერში გამოიცა რუსკას პირველი წიგნი „შენი აქ ყოფნა როგორც ქალაქი“ , რომლის მოქმედება ყოფილ საბჭოთა კავშირში ხდება. იტალიურმა ლიტერატურულმა კრიტიკამ ნაწარმოები კარგად მიიღო და ცნობილმა იტალიურმა გამოცემებმა რუსკა პერსპექტიულ მწერალთა შორის მონიშნეს.

2016 წელსვე რომანი ჰერმან გეიგერის პრემიაზე (დებიუტანტებისთვის) წარადგინეს. წიგნმა “ნაწარმოების სიღრმის და მნიშვნელობისთვის” ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა (Menzione speciale) დაიმსახურა. "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის" ნაწილობრივი დაფინანსებით კი რომანი გერმანულ ენაზე ითარგმნა.

„სამი ცოცხალი, სამი მკვდარი“ რუსკა ჟორჟლიანის მეორე წიგნია. რომანში მოქმედება 1930-1950-იანი წლების იტალიაში ვითარდება. ეპოქაში, როდესაც იტალიამ გამოიარა ფაშიზმი, მეორე მსოფლიო ომი და შემდეგ უკვე ეკონომიკურმა ბუმმა მოუსწრო.

რუსკა ჟორჟოლიანის წიგ­ნის გა­რე­კანს ამშვენებს მისი დის, ქეთევანის ნა­მუ­შე­ვა­რი, რომელიც პალერმოს სმხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. მათი ძმა, ლაშა კი ლონდონში ცხოვრობს, ელექტრონულ მუსიკას წერს და წარმატებული დიჯეია.

რუსუდან ჟორჟოლიანის წიგნებს დადებით რეცენზიებს უძღვნიან ცნობილი იტალიური გამოცემები, ისეთები, როგორიცაა „ლა სტამპა“ , „ლა რეპუბლიკა“, „უნიტა“ და სხვა.

იტალიაში იგი აღიარებული მწერალია, მაგრამ თავად მაინც სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი „სამჭედლო“ მაინც „ქართულ ყაიდაზეა აგებული“ და ყველაზე ღირებული რამ ამ გრდემლზე „ქართულ მასალაზე ქართული ხელით“ გამოიჭედება.

წყარო:

1. ჟორჟოლიანი რუსკა. ნაწყვეტები ავტობიოგრაფიიდან, რომელსაც არასოდეს დავწერ / რუსკა ჟორჟოლიანი ; იტალიურიდან თარგმნა დარეჯან კიკოლიაშვილმა // იალქანი: შემეცნებით-ლიტერატურული ჟურნალი ყმაწვილთათვის / აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ; სსიპ "აფხაზეთის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი". თბილისი, 2018 წ. N 1. გვ. 20-23.
2. ჟორჟოლიანი რუსკა. რთულია ორი კულტურის საზღვარზე დგომა! = To Stand on the Border of Two Cultures Is a Very Difficult Task / რუსკა ჟორჟოლიანი ; ესაუბრა გვანცა გუბელაძე  // Diplomat : ყოველთვიური ორენოვანი ჟურნალი საქართველოში. თბილისი, 2019. ოქტომბერი. N 6. გვ. 43-47.

3. „ჟორჟოლიანი რუსკა "დაკარგული დროისა და სამშობლოს ძიებაში" : ინტერვიუ / რუსუდან ჟორჟოლიანი ; ესაუბრა ნატო კორსანტია // რიწა : სამხატვრო-სალიტ. ჟურნალი / აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ; სსიპ "აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი". თბილისი, 2018. N 2. გვ. 57-62.
 

 


Share: