The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იასე რაჭველი

იასე რაჭველი
Legal name:იოსებ მეხუზლა
Other name:რაჭველი  (Pseudonym)
Date of birth:1860
Date of death:1919  (at 59 years)
Burial location:სოფელი ბაილეთი, ოზურგეთი, საქართველო
Category:Writer, Politician, Journalist, Public Man

Biography

იოსებ მეხუზლა (იასე რაჭველი) დაიბადა 1860 წელს, სოფელ ბაილეთში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). სოფლის ერთკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ჭიჭინაძემ რვა წლის იასე, მშობლების, მაქსიმეს და ანას თანხმობით რაჭაში წაიყვანა, სადაც ორკლასიან სასწავლებელში შეიყვანა.

სკოლა რაჭაში დაამთავრა, დარჩა იქ და შეუერთდა არალეგალურ ორგანიზაციას. ორგანიზაცია ჟანდარმერიამ დახურა, რის შემდეგაც იასე გურიაში გადავიდა და იქ განაგრძო არალეგალური საქმიანობა. ეწეოდა ეთნოგრაფიულ მუშაობას, დააარსა ამხანაგობა „გეორგია“.

არალეგალური საქმიანობის გამო იასე მეხუზლას პოლიცია დევნიდა. თავის დაღწევის მიზნით იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში, ოსმალეთის იმპერიაში. ძირითადად სტამბოლში ცხოვრობდა, ჯერ 1880-1902, 1904, შემდეგ კი 1909-1915 წლებში. მოღვაწეობდა სტამბოლის ქართულ სავანესა და მასთან არსებულ სტამბა-გამომცემლობაში. შეისწავლა თურქული და ბერძნული ენები. აქვეყნებდა წერილებს იქაურ პრესაში.

როგორც ცნობილია, სტამბოლის ქართული სავანე არა მარტო კათოლიკეთა სამლოცველო ადგილს წარმოადგენდა, იქ სხვა რელიგიურ აღმსარებლობათა წარმომადგენლებიც მრავლად იკრიბებოდნენ ხოლმე. იასე რაჭველს ახლო მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა, როგორც იმხანად იქ თავმოყრილ ჩვენს თანამემამულეებთან (დ. მიქელაძესთან (მეველესთან), მ. ნაკაშიძესთან, ე. მიქელაძესთან, ა. გარაყანიძესთან და სხვ.), ისე ადგილობრივ ქართველებთან.

იმდროინდელი ქართული პრესის შეფასებით, იასე სტამბოლის ქართული სავანის დამფუძნებლისა და წინამძღვრის – მამა პეტრე ხარისჭირაშვილის აზრებით განმსჭვალული მამულიშვილი იყო. მისი თაოსნობით იქაურ ქართველობას თანხაც კი შეუგროვებია და გამოუგზავნია საქართველოში შოთა რუსთაველის ძეგლის დასადგმელად.

სტამბოლში ცხოვრების პერიოდში იასე რაჭველის ეროვნულ-პატრიოტული მოღვაწეობა ძირითადად ორი მიმართულებით წარიმართა – ერთის მხრივ, იგი აქტიურად ცდილობდა იქაურ ქართველებში შეძლებისდაგვარად გაეღვივებინა ეროვნული ცნობიერება, მეორეს მხრივ კი მოკავშირის როლი შეესრულებინა თურქეთში მცხოვრებ ქართველობასა და საქართველოს შორის.

ქართულ პრესაში იასე რაჭველის მიერ გამოქვეყნებული კორესპონდენციებით ირკვევა, რომ ის აქტიურად უჭერდა მხარს სავანის ბერ-მონაზონთა მცდელობას შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გაეკეთებინათ თავიანთი სასწავლებლების მოსწავლეებისათვის განათლების მისაღებად საჭირო პირობების შესაქმნელად. კერძოდ, სასწავლო სახელმძღვანელოებით მოსწავლეთა უზრუნველსაყოფად იასე რაჭველს საქართველოში არსებული გამომცემლობებისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესვეურებთანაც ჰქონია ურთიერთობა დამყარებული და მათი დახმარებით ცდილობდა აღნიშნული საქმის მოგვარებას. ქართულ სასწავლო წიგნებზე, განსაკუთრებით კი „დედა ენაზე“, არა მარტო მოსწავლეებში ყოფილა დიდი მოთხოვნილება, არამედ არამოსწავლე ქართველობაშიც და მათ შორის მაჰმადიან ქართველებშიც. მაგალითად, ქართული წიგნის გამომცემლებისადმი სტამბოლიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში იასე რაჭველი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერდა: „დიდად დაგვავალებდნენ წიგნების გამომცემელნი საზოგადოებანი, რომ არ დაზოგავდნენ და გამოგვიგზავნიდნენ ჩვენის ნორჩის სკოლისათვის თავიანთ საყმაწვილო გამოცემებს, თორემ ეს მონასტერი ხელ-ვიწროდ არის ქონებრივად და საქმე გაჭირვებით მიდის წინ“.

იასე რაჭველს გამოცემული აქვს რამდენიმე რომანი, მოთხრობები და პოემები: „დასჯილი“, „მეექვსე ნომერი", „რაშია ბედნიერება“, „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა", „მარიანა", „უმანკო მსხვერპლი", „მართალი კაცი" და სხვა.

1902 წლიდან იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

იასე რაჭველმა იმოგზაურა იტალიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. აგროვებდა ეთნოგრაფიულ მასალებს. რაჭველის ფსევდონომით აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „ივერია“, "კვალი".

საქართველოში დაბრუნები შემდეგ, 1904 წელს თბილისის თვითმმართველობასთან დადო კონტრაქტი გზების მოპირკეთებაზე. თავდაპირველად ქვები უცხოეთიდან შემოჰქონდა, შემდგომ კი გელათთან ახლოს, სოფელ კურსებიდან იღებდა. 

1907 წელს კონცესიით აიღო მუხრანის ხიდის რკინის კონსტრუქციის მშენებლობა, თუმცა ვალდებულება ვერ შეასრულა. ამის შემდეგ საცხოვრებლად ლაგოდეხში გადავიდა, სადაც დაიწყო ხელნაწერი ჟურნალის "ჰერეთის" გამოცემა.

1909-1915 წწ. კვლავ თურქეთში იმყოფებოდა.

გარდაიცვალა 1919 წელს ლაგოდეხში. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ბაილეთში, მოგვარის, ფირალ ნიკოლოზ მეხუზლას გვერდით.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/იასე_რაჭველი 

2. ნიკოლეიშვილი ავთანდილ. იასე მეხუზლა (რაჭველი) თურქეთში მოღვაწე პუბლიცისტი // ქართული ემიგრაცია. – 2015 - #3(6). გვ.37-45.

3. ბოსტაშვილი, ნელი. იასე რაჭველის (მეხუზლა) წერილი თურქეთიდან . - თბილისი, 1991.


Share: