The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ქეთევან შავლიაშვილი

ქეთევან შავლიაშვილი
Date of birth:197?
Category:Medical Doctor

Biography

1999 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ქეთევან შავლიაშვილი ოჯახთან ერთად პორტუგალიაში გადავიდა საცხოვრებლად. უცხო ქვეყანაში ინტეგრირება და პროფესიული წინსვლა ადვილი არ იყო, თუმცა, მალე დაეუფლა პორტუგალიურ და ესპანურ ენებს და პროფესიითაც დაიწყო მუშაობა. წლების მანძილზე, მუშაობდა პორტუგალიის წამყვან სამედიცინო კლინიკებში. თავდაპირველად გაიარა ინტერნშიპი (სტაჟირება) ლისაბონისა და პორტოს წამყვან ჰოსპიტლებში. შემდეგ მისი კარიერა განვითარდა ინტეგრაციული და ფუნქციონალური მედიცინის განხრით.

2007 წელს, ლისაბონში გახსნა საკუთარი, პრევენციულ მედიცინაზე ორიენტირებული კლინიკა, სადაც ინტეგრაციული და ფუნქციონალური მედიცინის ექიმ-სპეციალისტის ფუნქციები შეათავსა კლინიკური დირექტორის პოზიციასთან. პარალელურად, მუდმივად იღრმავებდა სამედიცინო განათლებას და ცდილობდა ახალი კომპეტენციების დაუფლებას.

ლისაბონში გაიარა სამედიცინო აკუპუნქტურისა და ელექტრო-სტიმულაციის სადიპლომო კურსი, ასევე, ლისაბონის ჯანდაცვის ტექნოლოგიების სკოლის საერთაშორისო კურსი რადიოლოგიაში.

2012 წელს ჩაირიცხა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ლისაბონის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის -  Universidade Autonoma-ს ბიზნეს სკოლაში. მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ჯანდაცვის მენეჯმენტსა და ეკონომიკაში.

აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა ჯანდაცვის მენეჯმენტში (Executive MBA in Healthcare Management and Economics) ევროპის რეიტინგით ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა, რომლის გავლაც ბევრის მომცემი, თუმცა საკმაოდ შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა. პროგრამამ ასწავლა, როგორ შეეთავსებინა კლინიკური ნაწილი მენეჯმენტთან და მისცა შესაძლებლობა, მოქმედი კლინიცისტის პოზიციიდანაც ეფექტურად ემართა საკუთარი სამედიცინო პრაქტიკა.

პარალელურად, შესაძლებლობა ჰქონდა ემუშავა ლისაბონის ნატუროლოგიის ინსტიტუტის კათედრის პროფესორად და სტუდენტებისთვის გაეზიარებინა მედიცინაში თავისი ცოდნა და გამოცდილება.
2014 წლიდან ქეთევან შავლიაშვილი ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც თავიდან მოუხდა ახალ პროფესიულ გარემოში ინტეგრირება. მუშაობდა სამედიცინო კლინიკებში მენეჯერულ და კლინიკურ თანამდებობებზე,

პარალელურად, ექიმის უწყვეტი განათლების ფორმატში, გაიარა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ბიოსამედიცინო კვლევის სასერთიფიკაციო კურსი, სპეციალიზაციის სასერთიფიკაციო კურსები აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში და სამედიცინო სკოლებში- სტენფორდის, ჰარვარდის, ჯონს ჰოპკინსის და კალიფორნიის უნივერსიტეტებში.

კოვიდ პანდემიამდე სწავლობდა დოქტორატურაზე ინტეგრაციული მედიცინის განხრით და ემზადებოდა აშშ-ს ექიმის ლიცენზიის მისაღებად.

პანდემიის დაწყებისთანავე, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ეპიდემიოლოგიის სასერთიფიკაციო კურსის გავლის პარალელურად, 2020 წლის მარტში შეუერთდა გადაუდებელი დახმარების სამსახურის, ამერიკის კრიზის ცენტრის სამედიცინო გუნდს. ჯგუფის სხვა მოხალისე წევრებთან ერთად, თვეების განმავლობაში, სამედიცინო კონსულტაციების სახით, დახმარებას უწევდა კოვიდ პაციენტებს, მათ შორის,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს და დღემდე ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს როგორც ექიმი-კონსულტანტი მათ  დახმარებას.

მიღებულმა გამოცდილებამ  ქეთი შავლაშვილი დაარწმუნა, რომ საჭირო იყო გადართულიყო ფუნქციონალურ მედიცინაზე, რომელიც, სიმპტომების მკურნალობის ნაცვლად, სისტემების ბიოლოგიაზე დაფუძნებული მიდგომაა, დაავადების ძირეული მიზეზის იდენტიფიცირებას და მკურნალობას ახდენს და ცხოვრების სტილის შეცვლით, აქცენტს ქრონიკული დაავადებების პრევენციაზე აკეთებს.
ქეთევანმა დაასრულა ამერიკის ჯანდაცვისა და ქოუჩინგის აკადემიის სასერთიფიკაციო პროგრამა და ამერიკის ფუნქციური მედიცინის აკადემიის სასერთიფიკაციო კურსი, რის შემდეგაც შესაძლებლობა მიეცა სრული დრო დაეთმო კერძო პრაქტიკისთვის  ფუნქციურ და პერსონალიზირებულ მედიცინაში.
ამჟამად მუშაობს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე და პარალელურად, თანამშრომლობს ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკურ ცენტრთან - Ahava Medical, როგორც ასოცირებული სამედიცინო კონსულტანტი.
როგორც სპიკერი, ხშირად ატარებს პრეზენტაციებს ინგლისურ, ესპანურ და ქართულ ენაზე მოსაუბრე სხვადასხვა ჯგუფთან ქრონიკული დაავადებების პრევენციაზე, ჯანსაღი ცხოვრების სტილის, სწორი კვების, რეგულარული ფიზიკური აქტივობის და ა.შ. მნიშვნელობაზე.
წყარო:

1. https://speech.ge/meditsina/qethevan-shavliashvili-eqimi-ashsh/ 

2. https://www.radiotavisupleba.ge/a/32192160.html

 


Share: