The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


რომან მკურნალი

რომან მკურნალი
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:1947  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:პუბლიცისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სამხედრო მოღვაწე და პუბლიცისტი რომან მკურნალი (კურნალი) დაბადებულა 1887 წელს. ის იყო ცნობილი ქუთაისელი პედაგოგის, ბერძნული წარმოშობის კონსტანტინე (კოწია) მკურნალის (1856-1918) ვაჟი. კოწიას ბაბუა საბერძნეთიდან გადმოსახლებული პოლიტიკური ემიგრანტი იყო, პროფესიით ექიმი, გვარად კორნარო. დასახლებულა სამეგრელოში, ცოლადაც მეგრელი ქალი შეურთავს და როცა უკვე შვილებიც ჰყავდათ, ბერძნული გვარი „კორნარო“ ქართულად მკურნალად გადაუკეთებიათ.

რომან მკურნალმა 1908 წელს დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი და მიიღო რუსეთის არმიის პოდპორუჩიკის წოდება.

მსახურობდა მე-20 მსროლელთა პოლკში (სუვალკი, პოლონეთი), შემდეგ იყო ხარკოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს ადიუტანტი;

დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენით (1915). 

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების გენერალური შტაბის სადაზვერვო განყოფილებაში, პოდპოლკოვნიკი;

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ  ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა ბერლინში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1933 წელს მონაწილეობა მიიღო "ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაციის" დაარსებაში;

თანამშრომლობდა ქართველი ნაციონალისტების გაზეთ "კლდესთან" (რედაქტორი - შალვა ქარუმიძე 1934-1936);

აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, მათ შორის ფსევდონიმებითაც. აღსანიშნავია 1934 წელს "კლდეში" (№4-5) დაბეჭდილი "მიზეზნი ჩვენი დამარცხებისა", რომელშიც 1918-1921 წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

რომან მკურნალი გარდაიცვალა 1947 წელს იტალიაში. მისი მეუღლე, ალექსანდრა, გარდაცვლილა 1932 წელს, გერმანიაში.

წყარო: 

1. ქაჯაია ვ.კონსტანტინე მკურნალი (1856-1918) // წერილები / ვარლამ ქაჯაია. - თბ., 1974. - გვ.231-235;

2. შარაძე გ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 6 / გურამ შარაძე. - თბ., 2005.

3. https://ka.wikipedia.org/wiki/რომან_მკურნალი

4. იტალიაში გარდაცვალებულნი // ლტოლვილთა საძვალენი : 1921-1974. - პარიზი, 1971. - გვ. 40


გააზიარე: