The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ირმა შიოლაშვილი-ბრიტცე

ირმა შიოლაშვილი-ბრიტცე
Date of birth:29 March, 1974  (50 years)
Category:Translator, Poet, Journalist

Biography

ირმა ივანეს ასული შიოლაშვილი დაიბადა 1974 წლის 29 მარტს დედოფლისწყაროს რაიონში. მამა ვეტექიმი გახლდათ. დედა, ეთერ ჟიჟიაშვილი, პედაგოგო იყო.

ირმამ 1991 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს პირველი საშუალო სკოლა, 1996 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (ტელე-რადიო ჟურნალისტიკა).

1993 -1998 წლებში საზოგადოებრივ არხზე მიჰყავდა გადაცემათა ციკლი თანამედროვე ქართულ მწერლობაზე (პროგრამები „ანიდან ჰოემდე“ და „ცხრიდან თორმეტამდე“).

1998-2004 წლებში სწავლობდა გერმანისტიკას და შედარებით ლიტმცოდნეობას  (კომპრატივისტიკას) შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრა)  და  ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტში.

ბონის უნივერსიტეტიდან სასწავლო ვიზა რომ მოვიდა ირმა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი იყო.  მის ხელმძღვანელს, დავით თევზაძეს, სურდა, რომ მას სამეცნიერო თემა შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში დაეწერა. სწორედ ამ დროს გამოუჩნდა გერმანიაში სწავლის შანსი და ბონის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურატმცოდნეობის კათედრის გამგემ, დოლფ ოელერმა, დოქტორანტად აიყვანა.

სამეცნიერო კვლევა ბონში გააგრძელა და 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა.“ როგორც თავად ამბობს დისერტაციაში ერთმანეთს შეადარა დამარცხებული, მაგრამ თავისუფლად მოაზროვნე დასავლეთ გერმანიისა და გამარჯვებული, მაგრამ იდეოლოგიით გაჟღენთილი საბჭოთა პოეტების ლირიკა. უფრო სწორად, ლექსებში გამჟღავნებული ორი ქვეყნის ერთი ეპოქა.

ამჟამად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის  საზოგადოებაში (GIZ) ქართულ ენას ასწავლის გერმანელ პროფესიონალებს, რომლებიც რამდენიმე წლით სამუშაოდ მოდიან საქართველოში. გარდა ამისა, დიდი ენთუზიაზმით უძღვება ქართული საკვირაო სკოლას ბონში.

სამწერლო ასპარეზზე ირმა შიოლაშვილი გამოვიდა 1992 წელს. საქართველოში გამოცემული აქვს ექვსი პოეტური კრებული: „არარსებული სიტყვა“ (მერანი, 1992); „მოლურჯო თაღი“ (მეცნიერება, 1996, ქართულ-რუსული გამოცემა); „ცრემლის ნაფეხური“ (მერანი, 2002); „ფოთლების ხიდი“ (საარი, 2009); „ორშაბათი“ (საუნჯე, 2013); „ოქტომბერი“ (ინტელექტი, 2020).

2011 წელს გერმანულმა გამომცემლობა „Pop-Verlag“-მა გამოსცა მისი ლექსები სახელწოდებით - „ფოთლების ხიდი („Eine Brücke aus bunten Blättern“), ხოლო, 2018 წელს ქართულ-გერმანულად - „თავდაყირა“ („Kopfüber“).

ირმა შიოლაშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე და შესულია არაერთ უცხოენოვან ანთოლოგიაში.

არის გერმანიის მწერალთა კავშირის წევრი; 2008 წლიდან - ევროპელ ავტორთა გაერთიანება „Die Kogges“ წევრი, რომელმაც 2020 წელს  მიაკუთვნა ლიტერატურული ჯილდო.  

2017 წელს მიიღო „წარმატებული ემიგრანტი ქალის“ პრიზი.

სამეცნიერო  და შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობასაც. 1999 წლიდან დღემდე ბონის სამოქალაქო რადიო „LoCom“- ში უძღვება საავტორო გადაცემათა ციკლს ქართულ კულტურაზე - „სარკმელი საქართველოსკენ“, რომელიც წლების მანძილზე ეთერში ქართულ-გერმანულად გადიოდა. გადაცემების სტუმრები გერმანიაში და ავსტრიაში მოღვაწე წარმატებული ქართველები იყვნენ, ან საქართველოსთან დაკავშირებული გერმანელები.

2005 წლიდან რაინის მხარეში რეგიონალური სამთავრობო პოლიტიკა შეიცვალა და სამოქალაქო რადიოში უცხოენოვანი გადაცემები აკრძალეს. მას შემდეგ ირმა ეთერში  გერმანულ ენაზე გადის, თუმცა აუცილებლად ქართული მისალმებით და ქართული მუსიკის თანხლებით.

ბოლო წლებში ირმა შიოლაშვილმა მთარგმნელობითი საქმიანობაც დაიწყო. იოახიმ ბრიტცესთან ერთად გერმანულად თარგმნა და წიგნად გამოსცა მიხო მოსულიშვილის ნოველებისა და მინიატიურების კრებული "გედები თოვლქვეშ", რომელიც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარადგინეს... იმავე წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაკვეთით გერმანულ ენაზე თარგმნა  და წიგნად გამოსცა თანამედროვე ქართველი პოეტი ქალების პოეზია.

ახლახან კი, გერმანიაში გამოვიდა მის მიერ ნათარგმნი თანამედროვე პროზაიკოსი ქალების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის თემაზე შექმნილი მოთხრობების კრებული "უსაზღვროდ". მთარგმნელი იმედოვნებს, რომ კრებულში შესული მოთხრობები დაეხმარება გერმანულენოვან ევროპას უკეთ გაუგოს რუსეთისგან ოკუპირებულ საქართველოს და საერთოდ, მსხვერპლადქცეულ კავკასიას.

ირმას მეუღლეა გერმანელი ფილოსოფოსი და ლიტერატორი იოახიმ ბრიტცე. ორი ვაჟი ჰყავთ - ლუკასი და ალექსანდრე.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ირმა_შიოლაშვილი#ბიოგრაფია 

2. https://intelekti.ge/author_ge.php?id=557

3. https://speech.ge/skhvadaskhva/irma-shiolashvili-poeti-da-zhurnalisti-germania/

4. ირმა შიოლაშვილი // გობეჯიშვილი ნელი. ისინი ქმნიან ისტორიას. - თბილისი,
2016. - გვ. 210-215.


Share: