The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ფრანგიშვილი დავით

ფრანგიშვილი დავით
Date of birth:24 November, 1948  (75 years)
Category:Biologist

Biography

მიკრობიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დავით ფრანგიშვილი დაიბადა 1948 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, ფსიქოლოგ ალექსანდრე ფრანგიშვილის ოჯახში. დედა — ელისაბედ ლასხიშვილი იყო სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი განათლების მინისტრის, გიორგი ლასხიშვილის ქალიშვილი.

დავით ფრანგიშვილმა 1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბიოფიზიკოსის სპეციალობით. 

მეცნიერებათა კანდიდატის და დოქტორის ხარისხები მიიღო მოსკოვში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოსა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიების ინსტიტუტებში თბილისსა და მოსკოვში.

1986-1991 წლებში იყო განყოფილების გამგე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში.

1992-2004 წლებში მუშაობდა გერმანიაში, მაქს-პლანკის ბიოქიმიის ინსტიტუტში (მიუნხენი) და რეგენსბურგის უნივერსიტეტში.

1999 – 2004 წლებში იყო რეგენსბურგის უნივერსიტეტის Archaea-ს ცენტრის (გერმანია) მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის კვლევების დირექტორი.

2004 წლიდან მუშაობს საფრანგეთში, პარიზის პასტერის ინსტიტუტში. არის Institut Pasteur-ის ლაბორატორიის დირექტორი და წამყვანი ექსპერტი ვირუსების კვლევაში.

პროფესორი ფრანგიშვილი გახლავთ არქების - ცოცხალი სამყაროს ახლად აღმოჩენილ სამეფოს, კვლევის ერთ-ერთი პიონერი. განსაკუთრებულად დიდია მისი წვლილი არქეების ვირუსების კვლევაში. მის მიერ აღმოჩენილი და აღწერილია ამ ვირუსების მრავალი ახალი სახეობა და ოჯახი. მისმა კვლევამ გამოავლინა, რომ არქეების ვირუსები წარმოადგენს ვირუსული სამყაროს განსხვავებულ ნაწილს, უჩვეულო მორფოლოგიური  და გენომური თვისებებით. კვლევის შედეგებმა მნიშვნელოვნად შეცვალა შეხედულებები ვირუსების მრავალფეროვნებისა და წარმოშობის შესახებ და დასახა ვირუს-მასპინძლის ურთიერთობის შესწავლის ახალი პერსპექტივები.   

დავით ფრანგიშვილს ეკუთვნის 140 აკადემიური სტატია, 103 სამეცნიერო ნამუშევარი, 36 წიგნის თავი და მიმოხილვა, 1 წიგნი და 2 პატენტი.

მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1979), ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის და მაქს პლანკის სტიპენდიები (1983, 1992-1999);

არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი: ევროპის მეცნიერებათა აკადემიის Academia Europaea (2018), მიკრობიოლოგიის ევროპული აკადემიის European Academy of Microbiology (2015), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2011); ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მოწვეული პროფესორი (2015), საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი (2015); უძველესი მიკრობიოლოგიური ჟურნალის - "Research in Microbiology"-ს მთავარი რედაქტორი. 

2019 წლიდან მეცნიერი გახლავთ ევროპის მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ცენტრის აკადემიური დირექტორი, ხოლო 2020 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიტის მოწვეული პროფესორი.

 წყარო:

1. თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.181

2. https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_ფრანგიშვილი 


Share: