The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ქეთევან ჭანტურია

ქეთევან ჭანტურია
Other name:ქეთი  (Acronym)
Date of birth:197?
Category:Psychologist

Biography

ქეთევან (ქეთი) ჭანტურიამ ძალზე შთამბეჭდავი სამეცნიერო გზა გაიარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლონდონის კინგს კოლეჯის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრებში. ამჟამად იგი არის ლონდონის სამეფო კოლეჯის კლინიკური ფსიქოლოგიის სრული პროფესორი, ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, ინგლისის უმაღლესი სწავლების აკადემიის საპატიო წევრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.

ქეთევანი კვებითი დარღვევების პროფესორია Institute of Psychiatry, Psychology and Neuroscience-ში, რომელიც ლონდონში მდებარეობს. ის ასევე თანახელმძღვანელობს კვებითი დარღვევების მკვლევრების ჯგუფს King’s College London–ში და 2005 წლიდან არის კვების რეჟიმის დარღვევის ნევროფსიქოლოგიის სპეციალისტთა ჯგუფის დამფუძნებელი და კვების რეჟიმის დარღვევის კვლევის ხელმძღვანელი მსოფლიოს უდიდეს კომპანიაში Academy Of Eating Disorders.

მკვლევრების ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით შეისწავლის ნევრობიოლოგიურ, გენეტიკურ და ფსიქოლოგიურ მიზეზებსა და კავშირებს კვებით დარღვევებთან. ჯგუფის საქმიანობის მიზანი უკეთესი მკურნალობის შექმნაა.

პროფესორი ჭანტურია ხელმძღვანელობს კლინიკურ- ექსპერიმენტულ ლაბორატორიას 15 მკვლევარის შემადგენლობით და კლინიკური ფსიქოლოგიის სამსახურს 35 კლინიცისტის შემადგენლობით ლონდონში, მოცლის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ქეთი ჭანტურიას საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში ფოკუსირებულია კვების რეჟიმის დარღვევის, ანორექსიის დაავადებების კვლევაზე და კლინიკურ სამუშაოებზე. იგი არის რამდენიმე პროფესიული ორგანიზაციის წევრი, როგორებიცაა: BPS, HPC, BABCP, EDRS, AED.

ქეთი ჭანტურია აქტიურად არის ჩართული მსოფლიოს წამყვანი კვლევითი და კლინიკური ლაბორატორიების კვლევებში – როგორც ევროპაში, ასევე ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, იაპონიაში და ახალ ზელანდიაში. იგი გახლავთ საერთაშორისო მასშტაბის მკვლევარი და კლინიცისტი, რომელიც არაერთი უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია. ამასთან ერთად პროფესორი ჭანტურია არის შესანიშნავი მასწავლებელი და მენტორი, რომლის ხელმძღვანელობით თბილისის ილიას უნივერსიტეტში 2012 წლიდან დღემდე არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
კვების დარღვევების სფეროში მისმა კვლევებმა განაპირობა სფეროს გამორჩეული განვითარება, კლინიკური პრაქტიკის ინოვაციური მიდგომების შემუშავება-დანერგვა. კერძოდ, მისმა კვლევამ კვებითი აშლილობებისა და აუტისტური სპექტრის დარღვევებს (ASD) შორის კავშირის შესასწავლად გამოიწვია სტაციონარული მომსახურების ცვლილებები, რაც მათ სოციალურად ინკლუზიურს გახდიდა და ASD–ს მქონე ადამიანებს გაუადვილდებოდათ წვდომა ძირითად სამედიცინო მომსახურებაზე.

ქეთი ჭანტურიას კვლევამ გაზარდა საზოგადოების ცოდნა და ინტერესი კვების დარღვევების შესახებ და გამოიწვია ინოვაციური გაუმჯობესება მათთვის, ვინც სარგებლობს სერვისებით და აწვდის მათ.

პროფესორ ჭანტურიას გამოქვეყნებული აქვს 230 შრომა ინგლისურ ენაზე, ოთხი მონოგრაფია და სახელმძღვანელო. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 30 სადისერტაციო შრომა.

2021 წელს პროფესორი ქეთევან ჭანტურია Academia Europaea-ს („ევროპული აკადემიის“) ახალ წევრად აირჩიეს. აღნიშნული აკადემია წარმოადგენს ასოციაციას, რომელიც მეცნიერების, განათლებისა და კვლევების მიმართულებების 4500–მდე წამყვან ევროპელ ექსპერტებს აერთიანებს. 

ქეთი ჭანტურია გახლავთ პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, ვინც ამ პრესტიჟული აკადემიის წევრად აირჩიეს. იგი ჟურნალ European Eating Disorder Review–ის რედაქტორიცაა.

ბოლო წლების განმავლობაში მას არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მინიჭებული გაერთიანებული სამეფოს სამეცნიერო საზოგადოებების მიერ. ასე მაგალითად, 2021 წელს ბრიტანეთის ფსიქოლოგიურმა საზოგადოებამ ქეთის გადასცა უაღრესად პრესტიჟული ჯილდო სახელწოდებით: „კლინიკურ პრაქტიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის“.
ქეთი ჭანტურია და მისი მეუღლე სიმონ სურგულაძე, რომელიც პროფესიით ფსიქიატრია, საქართველოს და ყოველივე ქართულის ერთგულ დამფასებლად გვევლინებიან ლონდონში. მათი ოჯახი მუდმივად მონაწილეობს საქველმოქმედო საქმიანობაში, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში გამართულა საქართველოს დასახმარებლად დიდ ბრიტანეთში.

წყარო: 

1. https://forbes.ge/prophesori-qethevan-tchanturia-academia-europaea-s-tsevri-gakhda/

2. https://faculty.iliauni.edu.ge/arts/qethevan-tchanturia/ 

3. https://on.ge/story/87373-პროფესორმა-ქეთი-ჭანტურიამ-ბრიტანული-ფსიქოლოგიური-საზოგადოების-ჯილდო-მიიღო

4. https://forbes.ge/kargi-gundi-nakhevrad-gakethebuli-saqmis-tolphasia-qethevan-tchanturia/

5. http://kvira.ge/689716


Share: