The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე სევერსკი

ალექსანდრე სევერსკი
Legal name:ალექსანდრე გედევანიშვილი
Date of birth:24 May, 1894
Date of death:24 August, 1974  (at 80 years)
Burial location:ვუდლოუნის სასაფლაოზე, ბრონკსი, ნიუ-იორკი
Category:Inventor, Aviator

Biography

ალექსანდრე სევერსკის ცხოვრების გზა ფრიად შთამბეჭდავია - მფრინავი, გამომგონებელი, თვითმფრინავის დიზაინერი და სტრატეგიული ავიაციის საბრძოლო გამოყენების გამოჩენილი თეორეტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო საჰაერო ძალების ერთ-ერთი დამაარსებელი.

წარმოშობით ქართველი იყო, გედევანიშვილთა თავადური გვარის წარმომადგენელი.  მისი წინაპრები, სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. მხოლოდ მამამ, ნიკოლოზ სევერსკიმ უღალატა ტრადიციას და გახდა ცნობილი მომღერალი, რეჟისორი და თეატრის მფლობელი პეტერბურგში. სევერსკი მისი სასცენო ფსევდონიმი იყო, მისი ვაჟებისთვის კი გვარად იქცა.

ალექსანდრე სევერსკი (რუსეთში - ალექსანდრე პროკოფიევ-სევერსკი; უცხოეთში - Alexander de Seversky) დაიბადა 1894 წლის 24 მაისს, თბილისში. დედაც მსახიობი ჰყავდა - ვერა პრესმანი.

ნიკოლოზ სევერსკის გადაწყვეტილებით მისმა ვაჟებმა სამხედრო განათლება მიიღეს. ალექსანდრე სწავლობდა საზღვაო კადეტთა კორპუსში, რომელიც დაამთავრა 1914 წლის დეკემბერში მიჩმანის წოდებით და ჩაირიცხა 1-ელი ბალტიის ფლოტის ეკიპაჟში.  

ახალგაზრდა ოფიცერს მეზღვაურის კარიერა არ აინტერესებდა. ის სამხედრო მფრინავობაზე ოცნებობდა. კადეტთა კორპუსში შესვლისას მან უკვე იცოდა ფრენა, რადგან მამამისი გატაცებული იყო ავიაციით და ვაჟებთან ერთად პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე სწავლობდა თვითმფრინავის მართვას გატჩინის სამხედრო აეროდრომზე.

1914-1915 წლებში რუსეთის საზღვაო ძალებში დაიწყო საავიაციო ჯგუფების შექმნა, რომლებიც განკუთვნილი იყო საზღვაო დაზვერვისა და გემებთან ერთობლივი მოქმედებებისთვის.

ადმირალ ესენის ბრძანებით, ახალგაზრდა ოფიცერი ალ. პროკოფიევ-სევერსკი გაიგზავნა საავიაციო და აერონავტიკის კურსებზე პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საჭირო თეორიული სწავლების მისაღებად.

კურსების დასრულების შემდეგ მიავლინეს სევასტოპოლის სამხედრო საავიაციო სკოლაში. 1915 წლის 2 ივლისს მან ჩააბარა გამოცდა და მიიღო საზღვაო მფრინავის წოდება.

სამსახური დაიწყო ეზელის კუნძულზე მდებარე კონკორდის ჰიდროპლანეტების ბაზაზე, მაგრამ იქ ფაქტიურად სულ რამდენიმე დღე იმსახურა: 1915 წლის 6 ივლისს საბრძოლო მისიიდან დაბრუნებისას თვითმფრინავის დაჯდომის დროს ბომბი აფეთქდა და შტურვალთან მჯდომი სევერსკი მძიმედ დაიჭრა.

ექიმებს უნდოდათ მისთვის ფეხი თითქმის მთლიანად მოეკვეთად განგრენისგან დაზღვევის მიზნით, მაგრამ ალექსანდრეს თხოვნით რისკზე წავიდნენ და გაუკეთეს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია მუხლს ქვემოთ.

ოპერაციის შემდეგ მან დაიწყო გაძლიერებული ვარჯიში. ისწავლა სიარული, ჯერ ყავარჯნებით, შემდეგ პროთეზით. დროთა განმავლობაში კი არა მარტო ფრენას დაუბრუნდა, გოლფსაც თამაშობდა, ციგურებით სრიალებდა და ცეკვავდა კიდეც.

1916 წლის დასაწყისში ალექსანდრე სევერსკიმ მუშაობა დაიწყო რუსეთის პირველი აერონავტიკის ასოციაციის სანკტ-პეტერბურგის ქარხანაში, როგორც ბალტიის ფლოტის ავიაციისთვის განკუთვნილი საზღვაო თვითმფრინავების მშენებლობისა და ტესტირების დამკვირვებელმა. ამ პერიოდში გაიღვიძა მასში კონსტრუქტორის ნიჭმა. დაიწყო დიზაინის კუთხით მუშაობა. შექმნა სქემა და შეიმუშავა ტექნოლოგია მფრინავი აპარატების თხილამურებზე გადასვლისთვის, რამაც ფლოტის ავიაციას ზამთარში მუშაობის საშუალება მისცა.

მიუხედავად ახალი საქმიანობისა ალექსანდრე კვლავ მფრინავობაზე ოცნებობდა. იმის დასამტკიცებლად, რომ ფრენა შეუძლია, ერთხელ სადემონსტრაციო ფრენების დროს შეცვალა დაკარგული მფრინავი, რისი უფლებაც არ ჰქონდა. დისციპლინის დარღვევისთვის დააპატიმრეს. მხოლოდ იმპერატორის ჩარევამ უშველა. ამ საქმის შესწავლის შემდეგ, ნიკოლოზ II- ემ აპატია მას თვითნებობა და ნება დართო დაბრუნებოდა საფრენოსნო სამსახურს.

1916 წლის გაზაფხულზე ალექსანდრე სევერსკი ჩაირიცხა ბალტიის ფლოტის კომუნიკაციების სამსახურის საავიაციო დეპარტამენტის მე -3 საავიაციო სადგურის საზღვაო მფრინავად. მალე თავი გამოიჩინა საბრძოლო მისიებში. 1916 წლის 1 აგვისტოს დაიჭრა საჰაერო ბრძოლაში, 1917 წლის 3 თებერვალს მიენიჭა ფლოტში ლეიტენანტის წოდება.

1917 წლის 1 ოქტომბერს საბრძოლო ფრენის შესრულებიის დროს ძრავის დაზიანების გამო დაეშვა გერმანიის ზურგში. თავის გადარჩენის მიზნით თვითმფრინავი დაწვა და 30 მილი ფეხით იარა  რუსულ პოზიციამდე.

1917 წლის 12 ოქტომბერს  დააწინაურეს უფროს ლეიტენანტად.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის დროს ლეიტენანტი პროკოფიევ-სევერსკი იყო ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი მფრინავი რუსეთში: იფრინა 1600 საათი, მონაწილეობა მიიღო 57 საჰაერო ბრძოლაში, გაიმარჯვა 13-ში. მას მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო, მათ შორის: სპეციალური ჯილდო ღირებული გამოგონებისთვის საზღვაო ავიაციის სფეროში, საპატიო ოქროს იარაღი და მე-4 ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი, რომელიც პირადად გადასცა დროებითი მთავრობის მეთაურმა კერენსკიმ.

ალექსანდრე სევერსკი მსახურობდა ბალტიის ფლოტის გამანადგურებელი ავიაციის მეთაურად, საადმირალოში კი ეკავა ტექნიკური კონსულტანტის თანამდებობა.

რუსეთში ბოლშევიკების სათავეში მოსვლის გამო, 1918 წლის დასაწყისში იგი  ვლადივოსტოკის გავლით გაემგზავრა აშშ-ში და მუშაობა დაიწყო ვაშინგტონში მდებარე ჯერ კიდევ მოქმედ რუსეთის საელჩოში, სამხედრო-საზღვაო ატაშეს თანაშემწედ. მისი დიპლომატიური სამსახური დიდხანს არ გაგრძელებულა, რუსეთსა და გერმანიას შორის სეპარატული ზავის დადების შემდეგ საელჩო დაიხურა.

ალექსანდრე სევერსკიმ ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო. მალე  შეხვდა ამერიკის საჰაერო ძალების მომავალ "ნათლიას", ცნობილ გენერალ ბილი მიტჩელს, რომელიც ბომბდამშენი ავიაციის განვითარების მტკიცე მომხრე გახლდათ. გენერალი დაინტერესდა ახალგაზრდა რუსი მფრინავის  იდეებით თვითმფრინავების ტექნიკური გაუმჯობესების შესახებ და შესთავაზა ინჟინერ-კონსულტანტის თანამდებობა ვაშინგტონის სამხედრო დეპარტამენტში.

ამერიკის სამხედრო ძალებში მუშაობა ალექსანდრე სევერსკიმ 1918 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 1927 წელს მან მიიღო ამერიკის მოქალაქეობა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, მიენიჭა მაიორის წოდება შეერთებული შტატების საჰაერო ძალების რეზერვში.

1922 წელს დააარსა ფირმა „Seversky Aero Corp“ თავისი იდეების განვითარებისა და კომერციული გამოყენებისთვის. კომპანია წარმატებით მუშაობდა, ჰქონდათ რამდენიმე ტექნიკური ინოვაცია, მაგრამ დიდი დეპრესიის დროს გაკოტრდა.

1931 წლის თებერვალში სევერსკიმ დააარსა ახალი ფირმა „Seversky Aircraft Corp“.

ის იყო ფირმის პრეზიდენტი, დიზაინერი და  პილოტი-გამომცდელი. იქვე მთავარ ინჟინრად მუშაობდა მისი თანამემამულე, ნიჭიერი ქართველი ავიაკონსტრუქტორი  ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი).

კომპანიამ შეიმუშავა თვითმფრინავის რამდენიმე ახალი მოდელი - SEV-3, P-35, 2PA, მაგრამ კომერციულად წარმატებული არ აღმოჩნდა და 1939 წელს ალექსანდრე სევერსკი გადააყენეს პრეზიდენტობიდან (მისი არყოფნის დროს), ხოლო თავად კომპანია გარდაქმნეს და უწოდეს რესპუბლიკის საავიაციო კომპანია (Republic Aviation Company). ალ. ქართველი იყო ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.

ერთობლივი მუშაობით ქართველიშვილმა და სევერსკიმ შექმნეს რამდენიმე ინოვაციური  თვითმფრინავი, მათ შორის: მეორე მსოფლიო ომის დროს Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა.

თავისი საჯარო გამოსვლებისა და ორატორული ნიჭის წყალობით ალექსანდრე სევერსკი გახდა ცნობილი ადამიანი. იგი მუდმივად პრესის ყურადღების ცენტრში იყო. 1942 წელს მის ახალ ბინაში გადასვლაზეც  კი დაიბეჭდა ინფორმაცია New York Times– ში.

მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა 1942 წელს გამოქვეყნებული წიგნით „Victory Through Air Power „ (გამარჯვება საჰაერო ძალის საშუალებით), რომელიც სწრაფად გახდა ბესტსელერი. ამ წიგნში ის არგუმენტირებულად ამტკიცებს, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია და უნდა გახდეს წამყვანი ძალა ჰაერში, რითაც აიღებს სამხედრო ლიდერობას მსოფლიოში.

ამ წიგნის საფუძველზე უოლტ დისნეის კომპანიამ გადაიღო პროპაგანდისტული ფილმი, რომელშიც თავად ალექსანდრე სევერსკი გამოდის განმარტებებით ანიმაციურ სცენებს შორის ინტერვალებში. რუზველტმა და ჩერჩილმა ერთად ნახეს ეს ფილმი.

მეორე მსოფლიო ომის ბოლოს თბილისელი ავიაკონსტრუქტორი სამხედრო სტრატეგიის აღიარებული ავტორიტეტი იყო და იკავებდა აშშ-ს მთავრობის სამხედრო მრჩევლის თანამდებობას. 1946 წელს მას მიენიჭა ღირსების მედალი, იმ დროისთვის აშშ–ს ყველაზე საპატიო სამოქალაქო ჯილდო.

1960 წლიდან  ალექსანდრე სევერსკი ეკოლოგიის სფეროში მუშაობდა. მან შექმნა კომპანია Seversky Elektronatom Corp, შეიმუშავა ელექტროსტატიკური ფილტრი საწარმოო ნარჩენებისგან გარემოს გასუფთავებისთვის და ასევე, გამოიგონა ეკოლოგიურად სუფთა საფრენი აპარატი "იონოკრაფტი" (Ионокрафт, 1964).

ალექსანდრე სევერსკი სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდა აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების კონსულტანტად და საავიაციო უნივერსიტეტის ლექტორად. იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით კითხულობდა ლექციებს, გამოდიოდა პრესაში და მონაწილეობდა კონფერენციებში. იყო მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, მათ შორის: ამერიკის სამხედრო ინჟინერთა საზოგადოების, ამერიკის სპორტსმენ-მფრინავთა ასოციაციის წევრი. მას ჰქონდა მეცნიერების საპატიო დოქტორის ხარისხი.

1925 წელს დაქორწინდა ეველინ ოლიფანტზე, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული მეგობარი და თანამოაზრე იყო.

ალექსანდრე სევერსკი გარდაიცვალა 1974 წლის 24 აგვისტოს, ნიუ-იორკში. დაკრძალულია ვუდლოუნის სასაფლაოზე (ბრონკსი, ნიუ-იორკი).

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki/Прокофьев-Северский,_Александр_Николаевич

2. https://mematiane.ge/product-details.php?id=4729&lang=ru

3. https://www-ihst ru.translate.goog /projects/emigrants /prokofev.htm


Share: