The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ჟორდანია

გიორგი ჟორდანია
Date of birth:23 December, 1964  (59 years)
Category:Musician

Biography

გიორგი ჟორდანია დაიბადა 1964 წლის 23 დეკემბერს, თბილისში, მუსიკოსთა ოჯახში. მამა - დირიჟორი ვახტანგ ჟორდანია; დედა - პიანისტი, კონცერტმაისტერი ნანა ასკურავა. გიორგიმ 1989 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო–სადირიჟორო). პედაგოგი შალვა მოსიძე.

სტაჟირება გაიარა ქ. ლენინგრადის კონსერვატორიაში (პედაგოგი ილია მუსინი), რომლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო აშშ-ში, ტენესის უნივერსიტეტის ასპირანტურაში, სადაც გაიარა საოპერო-სიმფონიური დირიჟორობისა და საოპერო რეჟისურის სრული კურსი (1989-1991). პედაგოგი დავიდ ჰოფეკერი(დირიჟორობა).

პარალელურად, გახდა ჩატანუგის სიმფონიური და საოპერო ასოციაციის მთავარი დირიჟორის ვახტანგ ჟორდანიას ასისტენტი და აქტიურად მონაწილეობდა სიმფონიური კონცერტებისა თუ საოპერო სპექტაკლების ("აიდა", "რიგოლეტო", "ტოსკა", "სევილიელი დალაქი", "ბოჰემა") დადგმის პროცესში.
1990 წლის 4 ივლისს, აშშ-ში, ქ. ჩატანუგაში შედგა გიორგი ჟორდანიას პროფესიული დებიუტი. სიმფონიური კონცერტი ჩატარდა ჩატანუგის ოპერისა და სიმფონიური ასოციაციის ორკესტრთან ერთად (30 ათასი მაყურებლის წინაშე);

1991 წელს დირიჟორი საქართველოში დაბრუნდა. 19 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც დირიჟორობდა ისეთ სპექტაკლებს როგორიცაა: "რიგოლეტო", "ტოსკა", "მადამ ბატერფლაი", "დონ ჯოვანი", " პიკის ქალი", "მედეა", "სოფლის ღირსება", "დაუპატიჟებელი სტუმრები", "მაკნატუნა" და სხვ.;

1991 წ., უკრაინაში გასტროლების შემდეგ, დაინიშნა ხარკოვის სახელმწიფო აკადემიური თეატრისა და ხარკოვის ფილარმონიული ორკესტრის მთავარ მოწვეულ დირიჟორად; 1995 წ. შედგა მისი დებიუტი რუსეთის ფედერალურ ორკესტრთან მოსკოვში, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა.

მაესტრო გიორგი ჟორდანია სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერალურ ორკესტრს - მთავარი მოწვეული დირიჟორის რანგში, 1991-1992 წწ. - ხარკოვის სიმფონიური ორკესტრსა და შემდგომ ოპერისა და ბალეტის თეატრს, სადაც მაესტრომ 10 წელი გაატარა, ასევე, აშშ-ში, დენვერის კამერულ ორკესტრს (კოლორადო), სადაც 3 წლის განმავლობაში მთავარი მოწვეული დირიჟორი გახლდათ, ფენიქსის სიმფონიურ ორკესტრს (არიზონა), ქეიფ თაუნის ფილარმონიის ორკესტრს (სამხრეთ აფრიკა), თეგუს ფილარმონიის ორკესტრს (სამხრეთ კორეა), დაგ-სითის სიმფონიურ ორკესტრს სამხრეთ კორეაში, ორკესტრს “რუმინეთის რადიო” და ა.შ.;
1999 - 2004 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი და ორკესტრთან ერთად კონცერტებით მოიარა პრაქტიკულად მთელი ევროპა;

2000 წელს სახელმწიფო კამერული ორკესტრთან ერთად მონაწილეობა მიიღო მევიოლინე ლიანა ისაკაძის თაოსნობით ჩატარებულ საკონცერტო მოგზაურობაში "პილიგრიმობა ევროპიდან იერუსალიმში", რომელიც საქართველოდან დაიწყო და ევროპის გავლით იერუსალიმში დასრულდა;
ამავე წელს ლიანა ისაკაძესთან ერთად დააფუძნა "ბორჯომის კამერული ფესტივალი" და ოთხი წლის განმავლობაში მისი მთავარი დირიჟორი იყო;
2001 წელს გახდა უკრაინის საერთაშორისო სადირიჟორო კონკურსის "ახალი მილენიუმის" გამარჯვებული - I პრემიისა და გრან პრის მფლობელი;

2001 წელსვე მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია;
2002 წლიდან გიორგი ჟორდანიას რეგულარულად იწვევენ სხვადასხვა კონკურსებზე ჟიურის წევრად. 2005 წელს უკრაინაში და 2006 წელს კი აშშ -ში იგი ვახტანგ ჟორდანიას სახელობის საერთაშორისო სადირიჟორო კონკურსის ჟიურის წევრია;

2008 წელს დააარსა "თბილისის აღმოსავლური ხელოვნების ფესტივალი". იყო სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური მენეჯერი;

2013–2014 წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გენერალური დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი;

ამავე დროს, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას - თბილისში, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში. 1999 წლიდან - ქ. ხარკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში (საპატიო პროფესორი);

მაესტრო გიორგი ჟორდანიას სადირიჟორო რეპერტუარშია როგორც საოპერო, ისე საბალეტო ნაწარმოებები, მათ შორის: ვერდის - აიდა (ჩატანუგის ოპერა, აშშ; ხარკოვის ოპერა, უკრაინა), რიგოლეტო (ჩატანუგის ოპერა, აშშ;), ტრავიატა (ხარკოვის ოპერა, უკრაინა), ბალ მასკარადი (ხარკოვის ოპერა, უკრაინა), დონ კარლოსი (ხარკოვის ოპერა, უკრაინა); პუჩინის - ტოსკა (ჩატანუგის ოპერა, აშშ;), ბოჰემა (ჩატანუგის ოპერა, აშშ); როსინის - სეველიელი დალაქი (ჩატანუგის ოპერა, აშშ); რახმანინოვის - ალეკო (ხარკოვის ოპერა, უკრაინა); სენ-სანსის - სამსონი და დალილა (ხარკოვის ოპერა, უკრაინა); ბიზეს - კარმენი (ხარკოვის ოპერა, უკრაინა); ჩაიკოვსკის - პიკის ქალი (თბილისის ოპერა), ევგენი ონეგინი (ხარკოვის ოპერა, უკრაინა); ბიძინა კვერნაძის - მედეა (თბილისის ოპერა); ლეონკავალოს - ჯამბაზები (თბილისის ოპერა; ხარკოვის ოპერა, უკრაინა) და სხვ.;

ბალეტები: ჩაიკოვსკის - მაკნატუნა (თბილისის ოპერა) და ფერდინანდ ჰეროლდის - ამაო სიფრთხილე (თბილისის ოპერა);
სიმფონიური მუსიკა: ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის სიმფონიები;

გასტროლები: ისრაელი, ნიდერლანდები, ბელგია, შვეიცარია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, გერმანია, თურქეთი, აშშ, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა; მაესტროს ჩატარებული აქვს საქველმოქმედო კონცერტები საქართველოში და ქართული დიასპორისთვის პარიზსა და ლევილში (საფრანგეთში).

გიორგი ჟორდანია დაოჯახებულია. მისი მეუღლე – ნინო ქაჯაიაც მუსიკოსია. იგი მუსიკის პედაგოგია ილიას უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე, ასევე სკოლაში. ჰყავთ ქალ-ვაჟი - თედო და სალომე.

 წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 395 

2. https://misa.ge/ge/invited-guest/giorgi-zhordania 

3. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268437132


Share: