The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვახტანგ ჟორდანია

ვახტანგ ჟორდანია
Date of birth:9 December, 1942
Date of death:4 October, 2005  (at 62 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Musician

Biography

მუსიკოსი ვახტანგ ჟორდანია დაიბადა თბილისში 1942 წლის 9 დეკემბერს, ისტორიკოს გივი ჟორდანიას ოჯახში; დედა - ბარბარე გლადკოვა.

მუსიკის სწავლა დაიწყო ხუთი წლის ასაკში. წარმატებით დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლა, სადაც ფორტეპიანოზე დაკვრას ეუფლებოდა ე. ჩერნიავსკაიას კლასში. იმთავითვე დირიჟორობაზე ოცნებობდა, მაგრამ თავდაპირველად, 1965 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი დაამთავრა. იმავე წელს ლენინგრადის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტის მესამე კურსზე ჩაირიცხა, პროფ. გრიკუროვის კლასში. 1970 წელს დაამთავრა. სტუდენტობის წლებში ლენინგრადის საოპერო სტუდიაში ორმოცჯერ წარმატებით უდირიჟორა სხვადასხვა სპექტაკლს.

1970-1973 წწ. იყო ლენინგრადის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, ე. მრავინსკის ასისტენტი;

1973-1974 წწ. ლენინგრადის რადიო-ტელევიზიის ორკესტრის მთავარი დირიჟორი;

1974-1977 წწ. ქ. სარატოვის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, სარატოვის კონსერვატორიის პედაგოგი, დოცენტი;

1977-1983 წწ. ქ. ხარკოვის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ხარკოვის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი;

1983 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა აშშ-ში: 1985-1992 წწ. ქ. ჩატანუგას (ტენესის შტატი) საოპერო და სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, 1989 წლიდან ქ. ტენესის უნივერსიტეტის მაგისტრი, 1991-1993 წწ. ქ. სპოკანის ორკესტრის დირიჟორი;

1985-1992 წწ. ტენესის უნივერსიტეტში სადირიჟორო ხელოვნების მასტერკლასები მიჰყავდა.

ბოლო წლებში ვახტანგ ჟორდანიამ „თავისუფალი მსოფლიო მოქალაქის“ სტატუსი აირჩია. იგი ხან რუსეთის სახელმწიფო ორკესტრის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, ხანაც სეულის საოპერო თეატრისა და სამხრეთ კორეის რადიოს სიმფონიური ორკესტრის მიწვეული დირიჟორი;

1995 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსულ ფედერალურ სიმფონიურ ორკესტრს;

2002 წლიდან სამხრეთ კორეის ქ. ტეგუს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი;

რეპერტუარი: ბრამსი სიმფონია N4, მისივე სავიოლინო კონცერტი, დვორჟაკი სიმფონია N9 "ახალი სამყაროდან", ჩაიკოვსკის, ბეთჰოვენის სიმფონიები და მრავალი სხვა ნაწარმოები;

გასტროლები: აშშ, ინგლისი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, უნგრეთი და სხვ.; 

რეგალიები: ჰერბერტ ფონ-კარაიანის სახელობის "ახალგაზრდა დირიჟორთა" საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატი (1971), უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის სახალხო არტისტი (1983); 

2001 წელს ქ. ხარკოვში დააარსა დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსი "ვახტანგ ჟორდანია - მესამე ათასწლეული"; 

ამერიკული პერიოდი ვახტანგ ჟორდანიას შემოქმედებაში იმითაც გამოირჩევა, რომ საკონცერტო მოღვაწეობის პარალელურად იგი აქტიურად მუშაობდა ჩანაწერებზე. მან მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკალურ ფირმებში ჩაწერა 60-ზე მეტი კომპაქტ-დისკი. აქედან ექვსმა პრესტიჟული „გრემის“ ჯილდო დაიმსახურა.

ვახტანგ ჟორდანია გარდაიცვალა 2005 წლის 4 ოქტომბერს, ვირჯინიაში. მისი ანდერძის თანახმად, ურნა ფერფლით თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიწას მიაბარეს  - მამის, გივი ჟორდანიასა და დედის, ხელოვნებათმცოდნე ვერა გლადკოვა-ჟორდანიას გვერდით.

ვახტანგ ჟორდანიას ოთხი შვილი დარჩა. მისი უფროსი ვაჟი, გიორგი ჟორდანია, ასევე, დირიჟორი გახლდათ. 

წყარო: 

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 395

2. სარუხანოვა, ირინა. ქართველი ამერიკელი დირიჟორი : (ვახტანგ ჟორდანიას პორტრეტისათვის) // ამერიკული ლიტერატურა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები : ამერიკის შესწავლის საკითხისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო კონფერენციის მასალები, ნოემბერი. - ქუთაისი, 2006. - გვ. 334-340

3. https://ru.wikipedia.org/wiki/Жордания,_Вахтанг_Георгиевич


Share: