The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლადო სულაბერიძე

ლადო სულაბერიძე
Other name:ამური  (Pseudonym)
Date of birth:20 April, 1919
Date of death:27 September, 1993  (at 74 years)
Category:Poet

Biography

1992 წელს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა პოეტ ლადო სულაბერიძის ბიოგრაფიული რომანი – „ცხადსიზმარიანა“, რომელშიც დოკუმენტური სიმართლითაა წარმოჩენილი მეორე მსოფლიო ომისა და მისი შემდგომი დროის საბჭოთა კავშირსა და ევროპაში განვითარებული ურთულესი ეპოქალური მოვლენები.   

ლადო სულაბერიძე დაიბადა 1919 წლის 20 აპრილს, ვანის რაიონის სოფელ შუამთაში. მამამისი, სიმონ პორფილეს ძე სულაბერიძე (1883-1964) პირველი მსოფლიო ომის დროს მეფის არმიის პორუჩიკი იყო. ჯარიდან დაბრუნებული მენშევიკურ პარტიაში შევიდა, შემდეგ კი ბოლშევიკებს მიემხრო. დედა, მარიამ პავლეს ასული ნამიჭეიშვილი-სულაბერიძისა, ვანის რაიონის სოფელ ზედავანიდან იყო. დაწყებითი განათლება არ მიუღია; წერა-კითხვა შინ, თავისით უსწავლია.

1926 წელს ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა. ლადომ მეოთხე-მეხუთე კლასიდან დაიწყო ლექსების წერა. 1935 წელს, შვიდწლედის დამთავრების შემდეგ მამამ ლადო სულაბერიძე ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში შეიყვანა, სადაც მისი პოეტური ნიჭი მისმა ქართულის მასწავლებელმა მიხეილ მახათაძემ შენიშნა და მწერლის მომავალი განვითარებისთვის უკეთეს გარემოში, ქუთაისის მეორე საშუალო სკოლაში გადაიყვანა.

მეათე კლასში სწავლის დროს ლადო სულაბერიძის ლექსები საქალაქო გაზეთ ინდუსტრიულ ქუთაისში უკვე მრავლად იბეჭდებოდა. იგი მონაწილეობდა ქუთაისის მწერალთა კავშირის მიერ გამართულ საღამოებშიც.

1938 წელს ძმები ლადო და შოთა სულაბერიძეები სწავლის გაგრძელების მიზნით თბილისში ჩამოვიდნენ. იმავე წელს ლადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მისი ძმა კი – სამედიცინო ინსტიტუტში.

1941 წლის 5 აგვისტოს ლადო სულაბერიძე მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. 1942 წლის 18 მაისს ქერჩთან მძიმედ დაჭრილი გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა. თავდაპირველად, ორი თვის განმავლობაში ფეოდოსიის ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა. იქიდან დასავლეთ უკრაინის ქალაქ ვლადიმირო-ვოლინსკის ტყვეთა სიკვდილის ბანაკში გადაიყვანეს.

სასიკვდილო ტყვეობისგან თავის დაღწევის მიზნით ლადო სულაბერიძე გერმანელების შეთავაზებაზე დათანხმდა. მისი თქმით, იმ სიტუაციაში ფაქტობრივად ეს იყო გადარჩენის ერთადერთი შანსი. ის ზასლავაში გადაიყვანეს, სადაც კავკასიელებისგან დაკომპლექტებულ სამთო ანუ „ბერგმანის ბატალიონში“ ოცეული ჩააბარეს.

პოეტურ საქმიანობას მაინც აგრძელებდა: ობერლეიტენანტი (ასეულის მეთაური) დაითანხმა, რომ ზასლავაში განლაგებული "ბერგმანის ბატალიონისთვის” ბერლინში საგანგებოდ ლეგიონერებისთვის გამომავალი გაზეთი "საქართველო" გამოეგზავნათ. სწორედ ამ გაზეთში დაბეჭდა ნარკვევი "ბერგმანის ბატალიონის” შესახებ და ლექსები "ამურის" ფსევდონიმით.

ლადო სულაბერიძის პოეტურ შემოქმედებას მაშინ ისეთი მოწონება დაუმსახურებია, რომ გაზეთ „საქართველოს“ გამომცემელთ მისი ლექსების ცალკე კრებულად გამოქვეყნებაც კი გადაუწყვიტავთ.

ზასლავაში სამთვიანი ყოფნის შემდეგ ლადო სულაბერიძის ასეული დასავლეთ უკრაინის ერთ დაბურულ ტყეში გადაიყვანეს სურსათის შესანახ ბანაკში საწყობების დატვირთვა-გადმოტვირთვის მიზნით. იქვე რაიონულ ცენტრ იჩნიას ერთ-ერთ სოფელში 24 წლის ლადო სულაბერიძე სიყვარულმა 16 წლის უკრაინელ გოგონასთან, ვალიასთან დააკავშირა. 1943 წლის შემოდგომაზე, მაშინ, როდესაც ვალია ფეხმძიმედ იყო, ლადო სულაბერიძის ასეული ბელორუსიაში გადაიყვანეს, რადგან "წითლებმა" უკრაინის ფრონტი გაარღვიეს.

1944 წლის გაზაფხულზე კვლავ ალყაში მოხვდნენ და ამჯერად პოლონეთს შეაფარეს თავი. ლადო ათდღიანი მივლინებით ბერლინში ჩავიდა, რათა თავისი ასეულის საფრანგეთში გადაყვანის ნებართვა მიეღო. პასუხის მიღება ვერ მოასწრო, რადგან ქ. პოზნანში, სადაც ლადო იმყოფებოდა, რუსები შევიდნენ და გერმანულ მუნდირებში გამოწყობილმა ქართველმა ლეგიონერებმა თავიანთი მუნდირებისა და იარაღის სამოქალაქო ფორმაში გადაცვლა დაიწყეს, რათა სიცოცხლე გადაერჩინათ.

ლადო სულაბერიძის ცხოვრების გერმანული პერიოდი პოზნანში დამთავრდა. გერმანელთა არმიის უკან დახევის შემდეგ იგი თავის საბრძოლო შენაერთს ჩამოშორდა და საბჭოთა ჯარის მიერ კონტროლირებად ამ ქალაქში დარჩა მარტოდმარტო.

1945 წლის ზამთრის მიწურულს, ტყვედყოფილისა და ლტოლვილის სტატუსით,  ლტოლვილთა ნაკადთან ერთად გერმანიაში გადავიდა.

ბერლინში ლადო სულაბერიძეს რუსებმა სარეპატრიაციო ბანაკის კომენდანტობა მიანდეს. ბანაკი ბერლინის გარეუბანში ბისდორფში მდებარეობდა. ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, სხვა ტყვედყოფილებთან ერთად ქალაქ კოზელსკის დიდ შემკრებ პუნქტში ჩაიყვანეს. მალე მის შესახებ მოსკოვიდან მოვიდა დასტური, რომ ის ტყვედჩავარდნამდე საბჭოთა არმიაში ლეიტენანტი იყო და დემობილიზაციით თბილისში გამოუშვეს.

ლადო სულაბერიძე თბილისში 1945 წლის დეკემბერში დაბრუნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროიდან მოყოლებული 1948 წლამდე პოეტს თავისუფლად და შეუზღუდველად ცხოვრების უფლება ჰქონდა მიცემული, მისი ბიოგრაფიის ეს პერიოდი საკმაოდ წარმატებული გამოდგა შემოქმედებითი თვალსაზრისით. კერძოდ, 1947 წელს იგი მწერალთა კავშირის წევრად მიიღეს, ახალგაზრდა მწერალთა რესპუბლიკური კომიტეტის მდივნობაც ჩააბარეს. იმავე წელს მან შეადგინა ლექსების პირველი კრებული „ყირიმის ღამეები“ და გამოსაცემად გამომცემლობა „საბლიტგამში“ ჩააბარა.

1948 წელს „ყირიმის ღამეები“ გამოიცა, მაგრამ ავტორის დაპატიმრებისთანავე ტირაჟი დაჭრეს და გადაყარეს. წიგნის ერთადერთი ეგზემპლარი გადარჩა, რომელიც საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკაში გამოცემისთანავე იქნა გადაგზავნილი. სწორედ ეს ეგზემპლარი იხილა ლადომ წიგნის გამოცემიდან რვა წლის შემდეგ, როდესაც  გადასახლებიდან დაბრუნდა.

1948 წლის 7 მარტს პოეტი სამშობლოს მოღალატეობის ბრალდებით დააპატიმრეს და 1950 წელს სასჯელის მოსახდელად ციმბირში, კერძოდ კი მაგადანის ოლქის დაბა კალიმაში გააგზავნეს.

უმძიმესი პირობების მიუხედავად, გაციმბირებული ლადო სულაბერიძე ლექსების წერას მალულად მაინც ახერხებდა. 1950-1954 წლებში ცემენტის ყუთების ქაღალდისგან თავისი ხელით შეკრულ ორ პატარა წიგნაკში მან 67 ლექსი და 8 პოემა ჩაწერა. ეს ორი წიგნაკი მასზე ადრე გათავისუფლებულმა ქართველმა მეგობრებმა გულაგის ლაგერიდან ფარულად გამოიტანეს და თბილისში მის მშობლებს ჩააბარეს.

ლადო სულაბერიძე 1956 წლის იანვარში გაათავისუფლეს. განთავისუფლების საფუძველი 1955 წლის 17 სექტემბერს ხელისუფლების მიერ მიღებული ის ამნისტია გახდა, რომელიც ითვალისწინებდა სამამულო ომში ყოფნის დროს გერმანელებთან თანამშრომლობაში ბრალდებული საბჭოთა მოქალაქეების განთავისუფლებას სასჯელისაგან.

ლადო სულაბერიძის პოემები „შემოდგომის დღის ქრონიკა“ და „ლოდზე ამოკითხული თქმულება“, აგრეთვე, ლექსების ციკლი „თბილისი დამიმშვენე“ აღინიშნა საქართველოს მწერალთა კავშირის ლიტერატურული პრემიებით. 1985 წელს გამოსცა რომანი „ზღვისკენ მიმავალი გზები“. ლირიკული ლექსების კრებული „ჩამავალ მზესთან“ (1991) პოეტის ბოლო გამოცემაა.

1993 წელს მწერალთა კავშირის მიერ სათავგადასავლო რომანი „ცხადსიზმარიანა“ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურულ პრემიაზე იქნა წარდგენილი.

ლადო სულაბერიძე საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ, სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს საკუთარ ბინაში გულის შეტევით გარდაიცვალა. ზეპირი ანდერძის თანახმად, პოეტი დასაფლავებულია მშობლების გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე.

ლადო სულაბერიძის ლექსებისა და პოემების ძირითადი კრებულებია: „წარწერა კლდეზე“, „ჩრდილები“, „მზე მავრთულხლართებში“, „რჩეული“ და „რჩეული ლირიკა“. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ფრანგულ, პოლონურ, უნგრულ ენებზე.

2013 წელს გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა ლადო სულაბერიძის 100 ლექსი.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ლადო_სულაბერიძე
2. ნიკოლეიშვილი ავთანდილ. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანულ არმიაში მებრძოლი ქართველი ლეგიონერი პოეტები // ქართული ემიგრაცია . - თბილისი, 2020-2021. N 9. გვ. 19-36.


Share: