The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამარ წერეთელი

თამარ წერეთელი
Date of birth:14 August, 1900
Date of death:5 April, 1968  (at 67 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Singer

Biography

ბოშური რომანსის პირველი ქართველი შემსრულებელი თამარ სიმონის ასული წერეთელი დაიბადა 1900 წლის 14 აგვისტოს სოფელ სვირში (ჭიათურის რაიონი). ბავშვობაში მღეროდა ქუთაისის გიმნაზიის ბავშვთა გუნდში.

1917 წელს დაამთავრა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზია და სწავლა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო, თუმცა მალევე თავი დაანება და სასწავლებლად თბილისის სახელმწიფო  კონსერვატორიაში გადავიდა. ზაქარია ფალიაშვილის სურვილით დაენიშნა სტიპენდია. ფორტეპიანოზე დაკვრას ნ. ნ. ჩერეპნინი ასწავლიდა, ვოკალს - ა. ჯაყელი. 

1920 წელს შედგა მისი სასცენო დებიუტი. ხავერდოვანი ტემბრის დაბალი ხმა ჰქონდა (კონტრალტო). მღეროდა თბილისის ოპერაშიც.

კონსერვატორია არ დაუმთავრებია. თავისი აკომპანიატორის - ბ. პროზოროვსკის რჩევით, სწავლას თავი დაანება და მოსკოვში გაემგზავრა.            

მისი პირველი სოლო კონცერტი, 1923 წელს, მოსკოვის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა და ფურორით დამთავრდა. შემდეგ აღიარება მთელ რუსეთში მოიპოვა. ის ითვლებოდა ბოშური სიმღერების უბადლო შემსრულებლად, რომანსების გარდა რეპერტუარში ჰქონდა ქართული ხალხური სიმღერები და საბჭოთა კომპოზიტორების ნაწარმოებებიც.

მომღერლის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ცნობილმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ბ. პროზოროვსკიმ, რომლის შესანიშნავ რომანსებს „ქარავანი“, „დამიბრუნდი“ და სხვ. უბადლოდ ასრულებდა.

ამბობენ, რომ თამარ წერეთელმა გადაარჩინა საბჭოთა რეჟიმის პირველ წლებში აკრძალული ბოშური და კლასიკური რუსული რომანსი.

მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრს მოგზაურობდა ფრონტებზე.

1958 წელს გახდა საქართველოს დამსახურებული არტისტი.

1959 ჩათვლით აქტიურად გამოდიოდა ევროპისა და რუსეთის სცენებზე. მის კონცერტებში ხშირად მონაწილეობდნენ მაშინდელი ცნობილი არტისტები: დ. ოისტრახი, ნ. ობუხოვა, ა. ნეჟდანოვა, ი. კოზლოვსკი, ლ. სობინოვი, ს. კუზნეცოვი და სხვ.

1960 წელს დატოვა სცენა.

გარდაიცვალა 1968 წლის 5 აპრილს, მოსკოვში. ერთი წლის შემდეგ გადმოასვენეს და დაკრძალეს თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვწეთა პანთეონში.    

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/თამარ_წერეთელი 

2. http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/წერეთელი_თამარ

3. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 558

4. ქართველები უცხოეთში. წ. 1. - თბილისი, 2012. - გვ. 209


Share: