The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ტერენტი ყიფიანი

ტერენტი ყიფიანი
Date of birth:1 January, 1918  (106 years)
Date of death:8 November, 19??
Category:Poet

Biography

ტერენტი ყიფიანი დაიბადა 1918 წლის 1 იანვარს, სენაკის რაიონში. აქვე დაამთავრა პედაგოგიური ტექნიკუმი (1935) და იმავე წელს ჩაირიცხა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

სწავლის დასრულების შემდეგ, 1939 წელს, დაიწყო მუშაობა აბაშის რაიონში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

ტერენტი ყიფიანმა 15 წლიდან დაიწყო ლექსების წერა. ქუთაისში სწავლისას მეგობრობდა გიორგი ნაფეტვარიძესა და ლადო ასათიანთან, სწორედ ისინი იყვნენ ტერენტი ყიფიანის პოეზიის პირველი შემფასებლები.

1941 წლის ივნისში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. ომში ყოფნის დროს მონაწილეობას იღებდა ქერჩის ნახევარკუნძულზე გამართულ საბრძოლო ოპერაციებში.

1942 წლის 15 მაისს გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს 300 000 კაცი, მათ შორის ტერენტი ყიფიანი. ამავე წლის მაისის ბოლოს ვარშავის მახლობლად ტყეში აშენებულ ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს, სადაც ყოველ დღე 500-600 ადამიანი იხოცებოდა.

გადარჩენის ერთადერთი გზა გერმანელთა მიერ შექმნილ ბატალიონში შესვლა იყო, რომელთაც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ეროვნების ტყვეებით ავსებდნენ. ამგვარ ბატალიონებს აღმოსავლეთის ფრონტზე უშვებნდენ, თუმცა ტყვეები ისევ საბჭოთა არმიის მხარეს გადადიოდნენ, ამიტომაც გერმანელებმა ტყვეები დასავლეთის ფრონტზეც გადაანაწილეს.

1942 წლის ოქტომბერში, ასეთი გადანაწილებისას, ტერენტი ყიფიანი აღმოჩნდა პოლონეთში, ქალაქ კრუშინაში. სწორედ აქ გაიგო, რომ ბერლინში გამოდიოდა გაზეთი „საქართველო“. 1942 წლიდან 1945 წლამდე, ის ამ პერიოდული გამოცემის აქტიური თანამშრომელი იყო. ლექსებს აქვეყნებდა ხან ურდოელის, ხანაც ბარათელის ფსევდონიმით.

პოეტსა და გაზეთის გამომცემლებს შორის დროთა განმავლობაში ახლო პიროვნული ურთიერთობაც დამყარდა, რამაც ტერენტი ყიფიანის იქაურ ყოფაში კეთილისმყოფელი როლი შეასრულა.

1942 წელს ბერლინში გამოცემულ ხუთ ლექსზე წერილი დაუწერია გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც გამოქვეყნებულია გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" (1991).

1943-1944 წლებში ტერენტი ყიფიანი მუშაობდა ბიბლიოთეკაში (საფრანგეთში). პარალელურად წერდა ლექსებს ფრონტზე მიღებულ შთაბეჭდილებებზე.

საფრანგეთში გამოდიოდა გაზეთი "ლეგიონერი", რომელთანაც პოეტი აქტიურად თანამშრომლობდა და საკუთარ ლექსებს გზავნიდა.

1945 წელს ბერლინში გამოიცა მისი კრებული "ლექსები", ვახტანგ ურდოელის სახელით (რომლის შესახებაც თავად ავტორმა არც იცოდა).

მიუხედავად იმისა, რომ ლექსების წერა ტეტენტი ყიფიანმა მოწაფეობის წლებში დაიწყო, საკუთარ თავს  იმდენად დიდ მოთხოვნებს უყენებდა, რომ გაზეთ „საქართველოში“ თანამშრომლობის დაწყებამდე არც ერთი ლექსი არ ჰქონდა გამოქვეყნებული. მანამდე შექმნილი მისი ლექსები დაკარგულია, გარდა იმ რამდენიმე ტექსტისა, რომლებიც ავტორმა ზეპირად აღადგინა და ბერლინში 1943 წელს გამოცემულ პოეტურ კრებულში დაბეჭდა.

პოეტი სამშობლოში 1946 წლის მარტში დაბრუნდა. 1952 წელს ის დააპატიმრეს, როგორც ტყვეობაში ნამყოფი და დაახლოებით ოთხი წელი დაჰყო საპატიმროში. სასჯელს იხდიდა რუსთავის კოლონიაში

განთავისუფლების შემდეგ სენაკში დაბრუნდა და ორმოცი წლის განმავლობაში მუშაობდა ქართული ენასა და ლიტერატურის პედაგოგად.

ტერენტი ყიფიანი გარდაიცვალა 1995 წლის 8 ნოემბერს. დაკრძალულია სენაკში.

პოეტი ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდგომ არა თუ საკუთარი ლექსების წიგნად გამოცემა ვერ მოახერხა, არამედ რომელიმე პერიოდულ გამოცემაშიც კი არ გამოუქვეყნებია თავისი ნაწარმოებები.

ტერენტი ყიფიანის ლექსების კრებული, მხოლოდ მისი დარდაცვალების შემდეგ, 1996 წელს გამოსცა მისმა ქალიშვილმა ნანი ყიფიანმა.

წყარო:
1. ნიკოლეიშვილი ავთანდილ. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანულ არმიაში მებრძოლი ქართველი ლეგიონერი პოეტები // ქართული ემიგრაცია . - თბილისი, 2020-2021. N 9. გვ. 19-36.
 

2. https://www.litinstituti.ge/emigrant/terentyifi.html

 


Share: