The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვლადიმერ პაპიტაშვილი

ვლადიმერ პაპიტაშვილი
Date of birth:195?
Category:Scientist

Biography

ვლადიმერ პაპიტაშვილი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მეც­ნი­ე­რია ან­ტარ­ქტი­დის კონ­ტი­ნენტზე. მასზეა დამოკიდებული დედამიწის სამხრეთ თუ ჩრდილოეთ პოლუსებზე მიმდინარე გეოკოსმოსური კვლევები თუ ასტროფიზიკის პროგრამები.

დაიბადა აზერბაიჯანში, განჯაში, რუსი დედის და ქართველის მამის ოჯახში. მისი დაბადებიდან მალევე მშობლები დაშორდნენ, თუმცა შეთანხმდნენ, რომ წელიწადში ორჯერ შეეძლო მამასთან ჩასვლა. მამა, ოთარ პაპიტაშვილი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირექტორი იყო.

ყმაწვილი საქართველოში ყოველთვის სიხარულით ჩამოდიოდა. ახლო კონტაქტი ჰქონდა ქართველ ბებიასთან, პაპასთან და მამიდის ოჯახთან. „ძალიან მიყვარდა საქართველოს ისტორია, აქაური ხალხი და ქართული კულტურა (განსაკუთრებით, ვოკალური მუსიკა) - ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც თავს ქართველად მაგრძნობინებდა“, -  იგონებს მეცნიერი.

ვლადიმერს ფიზიკა და მათემატიკა ბავშვობიდან უყვარდა. სკოლის ბოლო წელს პატარა ტელესკოპიც კი ააშენა. 14-15 წლის ასაკიდან Ham radio-ს ოპერატორი იყო, რამაც ინტერესი გაუღვიძა რადიოფიზიკისა და ასტრონომიის მიმართ. საბოლოოდ, ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის სკოლაში ჩააბარა და გეოფიზიკის მაგისტრი გახდა.

მაგისტრატურაში სწავლის დასრულების შემდეგ მან იაკუტსკში, ციმბირში, პერმაფროსტის შესწავლის ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა, სადაც პერმაფროსტის ელექტრომაგნიტურ თვისებებს სწავლობდნენ. ამ დროს დაინტერესდა მზის ფიზიკით და გეოკოსმოსური კვლევებით.

1975 წელს, მოსკოვში, დედამიწის მაგნეტიზმის, იონოსფეროსა და რადიოტალღების გავრცელების ინსტიტუტში — IZMIRAN-ში გადავიდა სამუშაოდ. ძირითადად, გეომაგნეტიზმის კვლევაში მონაწილეობდა. ასევე, სწავლობდა ანტარქტიდიდან ჩამოტანილ მაგნეტოგრამებს.

1980 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომლის ფარგლებშიც შექმნა სამხრეთ პოლუსზე იონოსფეროს კონვექციის პირველი მოდელი. მაშინ მიხვდა, რომ ანტარქტიდის მონახულება სურდა.

ანტარქტიდაზე პირველად 1983 წლის ნოემბრის დასაწყისში წავიდა და იქ, დაახლოებით, 5 თვე გაატარა. თავდაპირველად, მან რუსული სადგურები — მოლოდეჟნაია, მირნი და ვოსტოკი მოინახულა. შემდეგ ფრანგულ-იტალიური სადგური... მოგვიანებით, ანტარქტიდაზე, ვიქტორიას მიწის ტრანსანტარქტიკულ მთიანეთში მდებარე ველს ბატონი ვლადიმერის სახელი უწოდეს.

როგორც ვლადიმერ პაპიტაშვილი ამბობს, საერთო ჯამში არქტიკასა და ანტარქტიდაზე 30-ჯერ არის ნამყოფი.

1990 წლი­დან მეცნიერი აშშ-ში საქ­მი­ა­ნობს. იგი ამუნდსენ-სკო­ტის სამ­ხრეთ პო­ლუ­სის სად­გუ­რის მთა­ვა­რი მეც­ნი­ე­რია, ან­ტარ­ქტი­დის კონ­ტი­ნენტზე ამე­რი­კულ სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­რა­მას ხელ­მძღვა­ნე­ლობს და დე­და­მი­წის სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე კვლე­ვებს ატა­რებს.

ყინულის სადგურის ამერიკულ ბიბლიოთეკაში მან ქართული წიგნებიც ჩაიტანა და ანტარქტიდაზე ჩასულ ტურისტებს საქართველოს შესახებ პირადად აწვდის ინფორმაციას.

1991 წელს ამერიკელმა კოლეგებმა ვლადიმერ პაპიტაშვილი 1 წლით NASA-ს გოდარის კოსმოსური ფრენების ცენტრში, მზისა და დედამიწის ენერგიის საერთაშორისო პროგრამის ოფისში მიიწვიეს სამუშაოდ.

1992 წელს ამერიკელი მეცნიერებისგან მიწვევა მიიღო მისმა მეუღლემაც, გეოფიზიკოსმა ნატალია პაპიტაშვილმა, რომელმაც მსოფლიო მონაცემთა ცენტრში დაიწყო საქმიანობა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცოლ-ქმარი რუსეთში არ დაბრუნდა, რადგან აქ სამეცნიერო მუშაობა შეჩერებული იყო.

1993 წელს ვლადიმერ პაპიტაშვილმა მიჩიგანის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. თავიდან მიწვეული მეცნიერი იყო, ლექციებს კითხულობდა. შემდეგ მკვლევარი მეცნიერი გახდა და გრენლანდიისა და ანტარქტიდის პროგრამებზე მუშაობდა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები ამ ორ რეგიონზე მზის ქარებისა და დედამიწის მაგნიტური ველის ურთიერთქმედებასა და მაგნეტოსფეროსა და პოლარული იონოსფეროების შეერთებას სწავლობდნენ.

2002 წელს NSF-ში გააგრძელა საქმიანობა, სადაც აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გეოკოსმოსური კვლევებისა და ასტროფიზიკის პროგრამის დირექტორი გახდა და დღემდე მუშაობს. კმაყოფილია, რომ ისეთ ორგანიზაციაში საქმიანობს, რომელიც საუკეთესო სამეცნიერო კვლევებს აფინანსებს და მეცნიერების განვითარებას უწყობს ხელს.

ვლადიმერ პაპიტაშვილს დღემდე 155 კვლევა აქვს გამოქვეყნებული. ბოლო ნაშრომი 2013 წელს გამოაქვეყნა, მას შემდეგ კი თავისი პროგრამის ფარგლებში კვლევების დაფინანსებაზე მუშაობს.

ქართველი ფიზიკოსის აღმოჩენებსა და კვლევებს საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და უკვე წლებია უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს.

წყარო: 

1. https://www.ambebi.ge/article/254712-20-kartveli-mecnieri-romlebic-msoplios-camqvan-la/

2. https://speech.ge/metsniereba/vladimer-papitashvili-metsnieri-antraqtidis-kontinenti/ 

https://on.ge/story/80640-პაპიტაშვილი-ქართველი-მეცნიერი-ანტარქტიდაზე

 


Share: