The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარიკა კაპანაძე

მარიკა კაპანაძე
Date of birth:197?
Category:Physicist

Biography

მარიკა კაპანაძე ბავშვობაში ექიმობაზე ოცნებობდა. დედა პედიატრი იყო და ზაფხულის არდადაგებზე ხშირად სტუმრობდა მას საავადმყოფოში. როცა გაიზარდა გააცნობიერა, რომ მედიცინაში ძირითადად სიმსივნური უჯრედების მოლეკულური მექანიზმები აინტერესებდა და სპეციალობად ბიოფიზიკა აირჩია.

წარმატებით დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მეოთხე კურსზე იყო, როცა თანაკურსელს გაჰყვა ცოლად და დიპლომზე სამუშაოდ ერთად წავიდნენ რუსეთში, პუშჩინოში.

სადიპლომო ნაშრომის თემა იყო დნმ-ის მოლეკულის სხვადასხვა კონფიგურაცია, რომელსაც თავისივე შექმნილი პროგრამის საშუალებით ითვლიდა.

2 წლის შემდეგ, კვლავ, ჩავიდა პუშჩინოში, ამჯერად თავის პატარა ქალიშვილთან ერთად და სწავლა განაგრძო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცილის ინსტიტუტის ასპირანტურაში. რამდენიმე წელი მუშაობდა კვლევაზე ცილების ინჟინერიის მიმართულებით. ეს იმ პერიოდში ძალიან თანამედროვე მიდგომა იყო მეცნიერებაში. დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ადამიანის პანკრეასის პოლიპეპტიდის მუტანტების სტაბილურობის შესწავლა“.

1992 წელს ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. მარიკამ ბიოფიზიკის ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა, როგორც ფიქრობდა მცირე ხნით, რადგან პუშჩინოში დაწყებული კვლევების გაგრძელებას აპირებდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ ცხოვრების პირობების იმდროინდელი სირთულეებიდან გამომდინარე, გამგზავრება ვეღარ მოახერხა.

იმ პერიოდში მისი ქალიშვილი სასკოლოდ ემზადებოდა და მარიკამაც სკოლაში დაიწყო მუშაობა ფიზიკის და მატემატიკის მასწავლებლად. პედეგოგობამ ისე გაიტაცა, რომ მას შემდეგ საგანმანათლებლო სფეროსთვის არ უღალატია.

მარიკა კაპანაძემ ორი წელი იმუშავა გერმანიაში, შტუდგარტის უნივერსიტეტის თერმოდინამიკის ლაბორატორიაში ტექნიკური თერმოდინამიკის მიმართულებით. პარალელურად, განათლების თანამედროვე მეთოდებს ეუფლებოდა და მიუხედავად პროფესორ ჰასის შეთავაზებისა გაეგრძელებინა კვლევები თერმოდინამიკაში, დაბრუნდა საქართველოში და განათლების სისტემაში განაგრძო საქმიანობა.

2004 წლიდან აქტიურად მუშაობს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით, 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ამავდროულად ილიაუნის საბუნებისმეტყველო განათლების ცენტრი SALIS-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, განათლების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.

პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად კოორდინირებას უწევს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განათლების პროექტების დანერგვას საქართველოში.

2010-2012 წლებში იყო TEMPUS-ის პროექტის პირველი ქართველი კოორდინატორი. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა საქართველოში ევროკომისიის მე-7 ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები PROFILES და Chain Reaction.

ამჟამად ERASMUS+ პროექტის ESTA – ს კოორდინატორია საქართველოში.

გაცვლითი პროექტების ფარგლებში კითხულობდა ლექციებს ევროპის უნივერსიტეტებში, მათ შორის – ბრემენის (გერმანია), ლიმერიკის (ირლანდია), ლინეუსის (შვედეთი), მალტის (მალტა) და კლაგენფურტის (ავსტრია) უნივერსიტეტებში.

DAAD-ის დაფინანსებით კვლევით საქმიანობას ეწეოდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

მარიკა კაპანაძე არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. ამასთან ერთად, რამდენიმე საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის რედკოლეგიის წევრია. ასევე, საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის – ARISE დამფუძნებული და რედაქტორია.

თანამშრომლობს ევროპისა და ამერიკის ბევრ უნივერსიტეტთან, აწარმოებს ერთობლივ კვლევებს საბუნებისმეტყველო მიმართულებით, ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო განათლების განვითარებასა და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას საქართველოში.

მიჩიგანის უნივერსიტეტის დაფინანსებით 2018 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მარიკა კაპანაძის ცხოვრება არ შემოიფარგლება მხოლოდ მეცნიერებითა და პედაგოგიკით. მას ძალიან უყვარს ხატვა. ამბობს, რომ დიდ სიამოვნებას იღებს, როდესაც ხატავს. ზოგადად შემოქმედებითი პროცესი ხიბლავს, მაგ. ბაღის მოწყობა, ყვავილებისგან გაკეთებული დეკორაციები. მოსწონს ფერების შეხამება და სიმრავლე. თავისი პროფესიიდან გამომდინარე ბევრს მოგზაურობს და საქმეების დასრულების შემდეგ პირველ რიგში სტუმრობს სამხატვრო გალერეებს. განსაკუთრებით, თანამედროვე ხელოვნება უყვარს და ბოლო წლების არც ერთი ვენეციის ბიენალე არ გამოუტოვებია, რათა თვალყური ადევნოს თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობას მსოფლიოში.

წყარო: 

1. https://research.iliauni.edu.ge/ka/person/247-marika-kapanadze

2. https://weekofart.com/participants/მარიკა-კაპანაძე/ 

 


Share: