The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი

ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი
Legal name:ეკატერინე ბერიშვილი
Date of birth:1973  (51 years)
Category:Scientist

Biography

ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჟენევის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერია.

1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემიის მედიცინის ფაკულტეტი;

2003 წელს მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი, 2005 წელს – ზოგადი ქირურგის კვალიფიკაცია;

2006-2007 წლებში ეწეოდა პოსტსადოქტორო სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობას ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯის ღვიძლის კვლევით ცენტრში (იეშივას უნივერსიტეტი, ნიუ იორკი, აშშ);

2008-2010 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტს (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

2008-2014 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად;

2009-2014 წლებში ხელმძღვანელობდა უჯრედული ტრანსპლანტაციის განყოფილებას ნ. ყიფშიძის საუნივერსიტეტო კლინიკაში, საქმიანობდა ევროპის პანკრეასის კვლევით ცენტრში ჰეიდელბერგში;

2013-2014 წლებში მუშაობდა იეშივას უნივერსიტეტში (ნიუ იორკი, აშშ) მიწვეულ პროფესორად;

შვეიცარიაში საცხოვრებლად ეკატერინე ბერიშვილი 2013 წელს გადავიდა, რაც განპირობებული იყო ცვლილებით მის პირად ცხოვრებაში - შვეიცარიელ მამაკაცზე გათხოვებით. მათ ერთობლივად გადაწყვიტეს ეცხოვრათ ჟენევაში და იქ გაეგრძელებინათ სამეცნიერო მოღვაწეობა.

ეს იმას ნიშნავდა, რომ ეკატერინეს კარიერა ნოლიდან უნდა დაეწყო. ყველაფერს ფრანგული ენის არცოდნაც ართულებდა, მაგრამ მუხლჩაუხრელი შრომით და სიბეჯითით მან ოთხ წელიწადში მოახერხა დაემკვიდრებინა თავი ჟენევის უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეში.

2014-2017 წლებში მუშაობდა ჟენევის უნივერსიტეტის უჯრედული ტრანსპლანტაციის ლაბორატორიაში. ასევე ჩართული იყო ტიპი პირველი დიაბეტის მქონე პაციენტებში ლანგერჰანსის კუნძულების გადანერგვის კლინიკურ პროგრამაში, რისთვისაც თავად მოიპოვა მცირე გრანტები.

2019 წელს, მისი ხუთწლიანი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Communication-ში. წარმატებულმა საპილოტო კვლევებმა საწინდარი დაუდო მეცნიერის შემდგომ იდეას, შეექმნა ჰიბრიდული ენდოკრინული პანკრეასი, რომლის გადანერგვაც შესაძლებელი გახდებოდა დიაბეტით დაავადებული ყველა პაციენტისთვის და ეს ყველაფერი იმუნოსუპრესიული თერაპიის გარეშე.

2019 წელს, გამოცხადდა ევროპული კომისიის, ჰორიზონტ 2020 საკმაოდ ამბიციური საგრანტო კონკურსი რეგენერაციულ მედიცინაში. ეკატერინე ბერიშვილმა შეკრიბა გუნდი და სამ თვეში დაწერა ისეთი პროექტი, რომელიც უმაღლესი ქულით გამარჯვებულების სამეულში გავიდა. პროექტი დააფინანსეს 7 მილიონი ევროთი. 

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ქართველმა მეცნიერმა ჟენევის უნივერსიტეტში შექმნა ქსოვილოვანი ინჟინერიისა და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორია. პროექტის წარმატებით იმპლემენტაციის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება გუნდის მიერ გენერირებული ენდოკრინული პანკრეასის გადანერგვა იმუნური სისტემის დათრგუნვის გარეშე. ეს კი, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის საგრძნობლად გაფართოვდეს უჯრედული ტრანსპლანტაციის ჩვენებები და გაუმჯობესდეს დიაბეტით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პროცესი.

პირველი შედეგები უკვე სახეზეა. ეკატერინე ბერიშვილი გვაუწყებს, რომ ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის უჯრედული თერაპიის ცენრში დაიწყო ღეროვანი უჯრედებისაგან მიღებული ინსულინმაპროდუცირებელი უჯრედების კლინიკური გამოცდა დიაბეტიან პაციენტებში. უჯრედებს ნერგავენ ღვიძლში, კარის ვენიდან. პროცედურა ტარდება რენტგენოლოგიური კონტროლის ქვეშ, არ საჭიროებს განაკვეთს და არის არაინვაზიური.

ეკატერინე ბერიშვილი- ბერნი, დღეს, ჟენევის უნივერსიტეტში ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, სამედიცინო სკოლის მეორე კურსის სტუდენტებს ასწავლის რეპროდუქტოლოგიასა და გენეტიკას. ამავე დროს, ინტენსიურად არის ჩართული  პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების გადანერგვის კლინიკურ პროგრამაში.

გარდა ამისა, მან კოლეგებთან ერთად ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტში დააფუძნა მედიცინის სკოლა, სადაც, იღვწიან რათა შექმნან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაზა და მოამზადონ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები და მეცნიერები.

წყარო:

1. https://speech.ge/metsniereba/ekaterine-berishvili-metsnieri-shveitsaria/https://faculty.iliauni.edu.ge/engi/ekaterine-berishvili-berni/ 

2. https://on.ge/story/91771--ეკატერინე-ბერიშვილი-დიაბეტიან-პაციენტებში-ინოვაციური-მკურნალობის-შესახებ-იტყობინება

 


Share: