The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ავთო გოგიჩაიშვილი

ავთო გოგიჩაიშვილი
Date of birth:197?
Category:Scientist, Physicist

Biography

მექსიკაში მოღვაწე არქეომაგნეტოლოგი ავთო (ავთანდილ) გოგიჩაიშვილი დაიბადა თბილისში. მამამისი თსუ-ს ფსიქოლოგიის პროფესორია, ხოლო დედა პედიატრი – ინფექტოლოგი.

ბავშვობა გაატარა გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესაში, ბებია-ბაბუასთან. 7 წლის ასაკში ჩამოვიდა თბილისში და 23-ე ფრანგული სკოლის პირველკლასელი გახდა.

მათემატიკისკენ მიდრეკილების გამო, მერვე კლასიდან გადავიდა ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში.

1988 წელს ჩააბარა ფიზიკის ფაკულტეტზე ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1991 წლის ზაფხულში სამცხე-ჯავახეთში ჩატარდა საერთაშორისო პალეომაგნიტური ექსპედიცია, სადაც მისმა მასწავლებელმა, თსუ-ს გეოფიზიკის კათედრის პროფესორმა, ჯემალ სოლოღაშვილმა წაიყვანა, როგორც სტუდენტი და თარჯიმანი. აქ გაიცნო მონპელიეს უნივერსიტეტის პროფესორი მიშელ პრევო, რომელმაც შემდგომში მიიწვია საფრანგეთში, სწავლის გასაგრძელებლად. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ავთო გოგიჩაიშვილმა, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიით, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ქალაქ მონპელიეში (სამხრეთ საფრანგეთი) განაგრძო სწავლა. მისი სადისერტაციო ნაშრომი ეხებოდა ისლანდიის, ჩილესა და ფილიპინების ვულკანური ამოფრქვევის მაგნიტურ შესწავლას.

საფრანგეთში იმყოფებოდა 1993 წლის ოქტომბრიდან, 1999 წლის იანვრამდე.

დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ, პოსტდოკის გასაკეთებლად ვულკანურად აქტიური რეგიონი შეარჩია და კვლევების ჩასატარებლად გაემგზავრა მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტში (UNAM). ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტთა და პროფესორ-მეცნიერთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს.

პოსტდოქტორანტის კონკურსში გამარჯვებამ მოუტანა სამწლიანი კონტრაქტი, რის შემდეგაც მიიღო პერმანენტული პოზიცია, 2004 წლიდან კი სრული პროფესორის სტატუსი.

ამჟამად ხელმძღვანელობს მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ არქეომაგნიტიზმის ეროვნულ ცენტრს.

ქართველი მეცნიერის კვლევის ძირითადი საგანია დედამიწის მაგნიტური ველის ფლუქტუაციების, ანუ ერთგვარად ვარიაციების შესწავლა დროსა და სივრცეში.

რაც შეეხება არქეომაგნიტიზმს, ის იკვლევს დედამიწის მაგნიტური ველის ისტორიას წარსულში განცდილი მიმართულებისა და ინტენსივობის ვარიაციების გათვალისწინებით. ეს ხდება მაღალი ტემპერატურის ზეგავლენით გამომწვარი არქეოლოგიური მასალების გამოყენებით.

ავთო გოგიჩაიშვილი 22 წლზე მეტია მექსიკაში მოღვაწეობს. მისი კარიერა 200-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომს, დედამიწის მაგნიტური ველის კვლევას და უამრავ აღზრდილ მეცნიერს მოიცავს.

დღეს, მის ხელმძღვანელობაში არსებული ცენტრის, ერთგვარი ლონგლომერატის ფრთის ქვეშ ლაბორატორიათა ქსელი ერთიანდება, რომელთა მიზანია არქეოლოგიაში ფიზიკური მეთოდების გამოყენება მოპოვებული ნიმუშების აბსოლუტური ასაკის დასადგენად.

ავთანდილ გოგიჩაიშვილს 2022 წლის საერთაშორისო ჯილდო მიენიჭა არქეომეტრიის განხრით, მისი განსაკუთრებული წვლილისთვის მეზოამერიკული კულტურული მემკვიდრეობის არქეომაგნიტურ კვლევებში. ეს არის მე-5 ასეთი ინტერნაციონალური ჯილდო. წინა ოთხი გეოფიზიკაში მიიღო.

მეცნიერმა მექსიკაში ოჯახიც შექმნა. მისი მეუღლე მექსიკელია, პროფესიით ფსიქოლოგი. ორი შვილი ჰყავთ - ნიკოლოზი და მაია. ვაჟი მათემატიკური ეკონომიკის (ეკონომეტრიის) ფაკულტეტის სტუდენტია, გოგონა კი ჯერ მოსწავლეა.

ავთო გოგიჩაიშვილმა სამშობლო 1993 წელს დატოვა, თუმცა, მეცნიერული თვალსაზრისით არასდროს შეუწყვეტია  საქართველოში მოღვაწეობა. ყოველ წელს ჩაყავს საერთაშორისო ექსპედიცია ჯავახეთის ზეგანის ახალგაზრდა ვულკანური ლავური ნაკადების შესასწავლად. თავისი წვლილი შეიტანა დმანისის უძველესი ადამიანის ასაკის დადგენაში. ასევე, მონაწილეობს უნიკალური არქეოლოგიური ძეგლის - გრაკლიანის გორის შესწავლაში. გარდა ამისა, გრძელდება ერთობლივი კვლევა ჯავახეთისა და ყაზბეგის ვულკანურ წარმონაქმნებზე.

„ბედნიერი ვიქნები, თუ მომეცემა საშუალება გამოვიკვლიო რაც შეიძლება მეტი ვულკანური ქანები და არქეოლოგიური არტეფაქტები საქართველოში - ეს არის ჩემი პროფესიული მიზანი“, - ამბობს მეცნიერი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ავთო გოგიჩაიშვილის უმცროსი ძმაა ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და მარკეტერი დათო გოგიჩაიშვილი.

 წყარო:

1. https://www.facebook.com/speechmedia/posts/187226932975913/

2. https://primetime.ge/news/sazogadoeb/qartveli-metsnieris-morigi-aghiareba-dato-gogichaishvilis-dzmas-arqeometriis-gankhrit-saertashoriso-jildo-mienicha

3. https://www.marketer.ge/avto-gogichaishvili/


Share: