The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით გიგილაშვილი

დავით გიგილაშვილი
Date of birth:199?
Category:Scientist

Biography

დავით გიგილაშვილს ბავშვობიდან ორი გატაცება ჰქონდა - კომპიუტერი და მოგზაურობა. ცხრა წლის იყო, როდესაც მისი დაჟინებული თხოვნით, მამამ პირველი პერსონალური კომპიუტერი უყიდა. მოგზაურობის, ჩვენი პლანეტისა და მისი მრავალფეროვნების შეცნობის დაუოკებელი წყურვილი კი, ხუთი წლის ასაკში,  მსოფლიო რუკის ნახვის შემდეგ გაუჩნდა. ამ ორი გატაცების შესათავსებლად ბევრი იშრომა და სკოლის დამთავრებისას უკვე მოფიქრებული ჰქონდა სად უნდა ესწავლა, რომ თავისი ოცნება აესრულებინა.

დავითმა საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტი დაამთავრა (2015). ბაკალავრიატის დასკვნით კურსზე აქტიურად დაიწყო საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად საჭირო გამოცდების ჩაბარება და სხვადასხვა სტიპენდიასა თუ პროგრამაზე აპლიკაციების გაგზავნა. საბოლოოდ, რამდენიმე კარგი შემოთავაზებიდან, არჩევანი ერასმუს მუნდუსის ფერთა მეცნიერების პროგრამაზე შეაჩერა, რომელიც სამ სხვადასხვა ქვეყანაში სწავლის შესაძლებლობას აძლევდა.

მაგისტრატურის ორწლიანი კურსის ოთხი სემესტრი ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში: საფრანგეთში, ესპანეთში, ნორვეგიასა და აშშ-ში გაატარა. ასევე, სემესტრებს შორის, პროგრამამ შესაძლებლობა მისცა, გაევლო სტაჟირება იაპონიაში, საზაფხულო სკოლა კი − დიდ ბრიტანეთში.

სწავლის დასრულების შემდეგ არ იცოდა კომპანიაში ეცადა ბედი თუ აკადემიურ სივრცეში. საბოლოოდ გადაწყვიტა ნორვეგიაში, დოქტორანტურაზე გაეგრძელებინა სწავლა.

დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ, 2017 წლიდან ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (NTNU) ფერების ლაბორატორიაში მუშაობს, პოსტსადოქტორო მკვლევარის რანგში. მისი კვლევის სფეროა ადამიანის მიერ გამოსახულებათა ვიზუალური აღქმის მექანიზმების შესწავლა: ატარებს ფსიქოფიზიკურ ექსპერიმენტებს − ადამიანებს აჩვენებს სხვადასხვა ვიზუალურ გამოსახულებას და მათ პასუხებზე დაყრდნობით ცდილობს იპოვოს კავშირი ფიზიკურ მასტიმულირებელსა და ადამიანის ვიზუალურ აღქმას შორის.

საქართველოს უნივერსიტეტში სწავლისას დავით გიგილაშვილი მონაწილეობდა სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციისთვის საჭირო გეოინფორმაციული სისტემის მომზადებაში. ამ სამუშაოს შესრულების დროს აღმოაჩინა, რომ თუ პროფესიულ ამოცანებს არაპროფესიულ ინტერესებს მოარგებ, სამუშაო ორმაგად სახალისო და სასიამოვნო გამოვა.

სწორედ ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი სამოყვარულო დონის ინტერესმა უბიძგა, ძირითადი კვლევის პარალელურად, ჩართულიყო პროექტში, რომლის მიზანია 1904 წელს ოსბერგის არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი ვიკინგების ეპოქის ტექსტილის ფრაგმენტების ვირტუალური რეკონსტრუქცია. ფრაგმენტები ძალიან დაზიანებული და გახუნებულია. თუ პროექტი წარმატებული გამოდგა, მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს, თუ როგორ გამოიყურებოდა ვიკინგების დროინდელი გობელენი. ცხადია, ამისთვის მხოლოდ კომპიუტერული მეცნიერების მიღწევები არ კმარა და, შესაბამისად, ინტერდისციპლინური გუნდის შეკრება გახდა საჭირო. ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, კონსერვატორები, რესტავრატორები და ქიმიკოსები.

დავით გიგილაშვილი თვლის, რომ მისი დღევანდელი სამსახური მის ბავშვობის დროინდელ მიზნებს შეესაბამება: „ ერთი მხრივ, ვიკვლევ იმას, რაც მაინტერესებს, მეორე მხრივ, კვლევითი ვიზიტებით ვმოგზაურობ მსოფლიოს გარშემო, ვიგებ სიახლეებს, ბევრს ვსწავლობ − ცოტასაც იქით ვასწავლი, ვხვდები უამრავ საინტერესო, უნიკალურ ადამიანს და, როგორც ბავშვობაში ვოცნებობდი, ვეცნობი ჩვენი პლანეტის სოციოკულტურულ თუ ბუნების საოცრებებთანაც ხშირად მიწევს მუშაობა“, - ამბობს მეცნიერი.

წყარო: 

https://speech.ge/metsniereba/davith-gigilashvili-metsnieri-norvegia/


Share: