The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მამუკა მანჯგალაძე

მამუკა მანჯგალაძე
Date of birth:197?
Category:Singer

Biography

მომღერალი მამუკა მანჯგალაძე დაიბადა თელავში. მისი შემოქმედება მოიცავს სოლო, საგუნდო, ფოლკლორულ და საეკლესიო მუსიკას. სიმღერის სიყვარული ოჯახიდან მოსდევს. თავადაც პატარაობიდან მღეროდა. 7 წლის ასაკში აღმოაჩინა პავლე დემურიშვილმა, რომელიც რაიონის სკოლებში დადიოდა და გუნდისათვის ნიჭიერ ბავშვებს ეძებდა. მამუკა ამ გუნდის სოლისტი გახდა და საბჭოთა კავშირის მასშტაბით გამართულ ფესტივალებზე, გუნდთან ერთად, ბევრი წარმატებაც ხვდა წილად.

1985-1988 წლებში იყო ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ „კახეთის“ სოლისტი.

1997 წელს დაამთავრა ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის სამუსიკო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალის განხრით. ჯემალ ლორთქიფანიძის და ნოდარ ანდღულაძის კლასი. კონსერვატორიაში გაიარა სწავლების სამივე საფეხური - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და ასპირანტურა.

2008-1010 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის დასის წევრი.

2008-2013 წლებში გალობდა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ სამების საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდში.

სხვადასხვა დროს ნამღერი აქვს წამყვანი პარტიები ოპერებში: ჯაკომო პერი, „ევრიდიკე“ - ორფევსი; ზ. ფალიაშვილი, „დაისი“ - მალხაზი; ს. რახმანინოვი, „ალეკო“ - ახალგაზრდა ბოშა; მოცარტი, „ჯადოსნური ფლეიტა“ - ტამინო; დონიცეტი, „დონ პასკუალე“ - ერნესტო; როსინი, “ლასკალა დი სეტა” - დორვილი და სხვა.

შესრულებული აქვს ევანგელისტის პარტია იოჰან სებასტიან ბახის “საშობაო ორატორიასა” და “იოანეს ვნებანში”. გამართული აქვს მრავალი სოლო კონცერტი, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

2013 წელს საოპერო სააგენტოს საშუალებით (ZAV Künstlervermittlung – აგენტი ურსულა იოხმუსი) გავიდა ოფიციალურ მოსმენაზე ქალაქ დიუსელდორფის ოპერაში და პირველივე ცდის შემდეგ მუდმივი კონტრაქტი გაუფორმეს.

2014 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში. არის სახელმწიფო საოპერო თეატრის “დოიჩე ოპერ ამ რაინ”-ის (Deutsche Oper am Rhein) მომღერალი, ტენორი. პარალელურად, არის ოპერასთან არსებული ვაჟთა ანსამბლის “გლობუს ვოკალის” (Globus Vokalis) წევრი.  

მამუკა მანჯგალაძე დღეს უკვე გერმანიის მოქალაქეა. დიუსელდორფში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფოლკლორისტი და განათლების ექსპერტია. ნინო საქართველოში რამდენიმე უნივერსიტეტში მუშაობდა, ჰქონდა მრავალი საინტერესო საერთაშორისო და სამეცნიერო პროექტი, მაგრამ საკუთარ კარიერაზე უარი თქვა და მეუღლეს გაჰყვა. თუმცა, დიდი შრომის შედეგად თავი იქაც დაიმკვიდრა და ახლა გერმანიაში აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას.

მათი გოგონა, მარიამი, ფორტეპიანოს ეუფლება და უკვე რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია, წარმატებით სწავლობს გიმნაზიაში და საინტერესოდ ხატავს.

წყარო:

1. https://www.facebook.com/profile.php?id=100064862703472&sk=about_details

2. http://kartuli.kvira.ge/2020/04/22/ქართველი საოპერო მომღერლის კონცერტები...

3. ჯავახიშვილი . მეხუმრებიან, შენ რომ მღერი, კვარაცხელიას გოლი გააქვსო // გზა. – 2022. - #42. - გვ. 51-52.


Share: