The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნანა გეგეჭკორი

ნანა გეგეჭკორი
Date of birth:1980  (44 years)
Category:Medical Doctor

Biography

ნანა გეგეჭკორი წარმოშობით აფხაზეთიდანაა. 1980 წელს გალში დაიბადა. ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ აფხაზეთის ომი დაიწყო. 13 წლის იყო, მისი ოჯახი დევნილი რომ გახდა.

მამამისი, როლანდ გეგეჭკორი საშინლად განიცდიდა აფხაზეთის ტრაგედიას, მშობლიური კუთხის დაკარგვას. სავარაუდოდ, ამ ფსიქოლოგიურმა ტრამვამ მის ჯანმრთელობაზე გავლენა იქონია და დევნილობიდან ორ წელიწადში, 47 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალვის დღეს ნანამ მამას საჯაროდ შეჰფიცა, რომ აუცილებლად გახდებოდა კარდიოლოგი და იბრძოლებდა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ნანა გეგეჭკორი პირველივე წელს, უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2002 წლს მოსკოვში წავიდა და სწავლა ი. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ორდინატურაში გააგრძელა. ორდინატურის დასრულებისთანავე მიიღო შემოთავაზება ასპირანტურაში სწავლასა და მუშაობის გაგრძელებაზე, რასაც მოჰყვა კარდიოლოგად და მეცნიერ მუშაკად იქვე დარჩენის წინადადება. დისერტაციის დაცვა კი დაემთხვა მის გადაწყვეტილებას ოჯახის შექმნის თაობაზე.

ნანა გეგეჭკორი ნიუ-იორკში 2010 წელს ჩავიდა. ამერიკაში გადასვლის აუცილებლობა ოჯახურმა გარემოებამ განაპირობა, რადგან მისი მეუღლე მშობლებთან ერთად დევნილობის პერიოდიდან იქ ცხოვრობდა. ისიც აფხაზეთიდიდანაა, სოხუმიდან. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, სტუდენტი იყო უკრაინაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ სწავლა დროებით შეწყვიტა და მამასთან ერთად იბრძოდა ბოლო დღემდე. ომის დასრულებიდან რამდენიმე დღის მერე კოდორის ჯოჯოხეთი გაიარა და სასწაულად გადაურჩა სიკვდილს.

ნანა რუსეთში იყო, მისი საქმრო - ამერიკაში. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. არადა  გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო, რადგან მოსკოვში კარდიოლოგის ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა, ამერიკაში კი ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო რადგან იქ უცხოურ დიპლომსა და ხარისხს არ აქვს შესაბამისი სტატუსი, ყველაფერი თავიდან უნდა ჩააბარო, ნანამ კი მაშინ ინგლისური ენაც არ იცოდა.

მიუხედავად სირთულეებისა, ნანა გეგეჭკორს ფარ-ხმალი არ დაუყრია. ორი მცირეწლოვანი შვილის გაზრდის პარალელურად სწავლობდა ინგლისურ ენას და სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებისთვის ემზადებოდა. ამერიკის სამედიცინო უნივერსიტეტის მთელი პროგრამა წელიწადნახევარში გადააბარა. დღეში 16 საათს  მეცადინეობდა და წარმატებამაც არ დააყოვნა.

ამერიკაში რეზიდენტურის აპლიკაციას სარეკომენდაციო წერილები სჭირდება. მათ მისაღებად კი კლინიკური პრაქტიკის მინიმუმ სამთვიანი კურსი უნდა გაიარო. უცხოელი აპლიკანტისთვის ასეთი პრაქტიკის პოვნა მარტივი ამოცანა არ იყო.

ნანამ კლინიკური პრაქტიკის გავლის შესაძლებლობების მოძიება ინტერნეტით დაიწყო. ასზე მეტი წერილი დააგზავნა სრულიად უცხო ადამიანებთან დახმარების თხოვნით. ბევრი გამოეხმაურა. მათ შორის იყო „მაუნთ სინაის“ ჰოსპიტლის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი, რომელმაც ინტერვიუზე დაიბარა. ერთ დღეში გავლილი ექვსი გასაუბრების შემდეგ მიიღო შემოთავაზება კლინიკური კვლევების მაგისტრატურის სრულ დაფინანსებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის ნანა გეგეჭკორს უკვე ჰქონდა სადოქტორო ხარისხი, სწავლის ამ უნიკალურ შანსს დაუფიქრებლად დათანხმდა და ის პოსტ-სადოქტოროს წლებთან შეაწყვილა. ორივე ვალდებულების დასრულების მეორე დღესვე კი რეზიდენტურა დაიწყო, რომელიც, ასევე,  წარმატებით დაამთავრა და შემდეგ, იმავე ჰოსპიტალმა კარდიოლოგის ფელოუშიპის გაგრძელების საშუალება მისცა (ფელოუშიპი აშშ-ში არის სამედიცინო მომზადების პერიოდი, რომელსაც ექიმი რეზიდენტურის შემდეგ გადის).

ამჟამად მუშაობს კარდიოლოგად მაიმონიდის (Maimonides) სამედიცინო ცენტრში (ნიუ-იორკი, ბრუკლინი). ეს ჰოსპიტალი უკვე წლებია, პირველია ნიუ იორკის შტატში ინტერვენციულ კარდიოლოგიაში. ასევე,  აქვთ ყველაზე დაბალი სიკვდილიანობა გულის სარქვლოვან ქირურგიაში. კლინიკურ საქმიანობასთან ერთად ნანა რამდენიმე სამეცნიერო პროექტშიც არის ჩართული.

ამერიკაში დაიბადა ნანა გეგეჭკორის ორივე ქალიშვილი - ნინო და ანა-მარია. ბავშვები ქართულ გარემოში იზრდებიან და ქართულიც კარგად იციან.

წყარო:

1. https://sarkenews.ge/2018/05/nana-gegetchkori-uqhoqhmano/

2. https://speech.ge/meditsina/nana-gegetchkori-eqimi-ashsh/

 


Share: