The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლაშა ცხონდია

ლაშა ცხონდია
Date of birth:197?
Category:Scientist, Sculptor

Biography

ლაშა ცხონდია ერთადერთი ქართველია, რომელიც ძველი რომის რეკონსტრუქციაზე მუშაობს. თბილისის ერთ ჩვეულებრივ კორპუსში ძველი რომის ბრწყინვალე არქიტექტურა ცოცხლდება, კომპიუტერში მუშავდება და ამერიკაში იმ ამერიკულ-იტალიურ კომპანიას ეგზავნება, რომელმაც ძველი რომის ვირტუალურად აღდგენის პროექტი დაგეგმა.

ლაშა პროფესიით მოქანდაკეა. დედ-მამა მხატვარი ჰყავდა და რა გასაკვირია რომ სკულპტურულ ფიგურებს ბავშვობიდან აკეთებდა. სიძველეები კი სკოლის პერიოდიდან ხიბლავდა. ისეთი გატაცებული იყო ყოველნაირი სიძველით, რომ ოჯახის ახლობელმა ცნობილ პალეონტოლოგ სლავა ჩხიკვაძესთან უშუამდგომლა, რომელმაც საფუძვლიანად შეასწავლა პრეისტორიული არსებები. მისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით მოხიბლული პედაგოგი ურჩევდა ამ სპეციალობას გაჰყოლოდა, შენგან კარგი მეცნიერი დადგებაო, მაგრამ ლაშამ მოქანდაკეობას ვერ უღალატა.

დინოზავრების ფიგურების გამოქანდაკება ლაშა ცხონდიამ 1990-იან წლებში დაიწყო.  

მიუხედავად იმისა, რომ ხალხს პურის ფული არ ჰქონდა და დინოზავრების ფიგურები ცუდად იყიდებოდა, ის მათ მაინც სიამოვნებით აკეთებდა. ერთხელაც სრულიად უცნობმა ადამიანებმა უთხრეს, რომ სურდათ ახალი საფოსტო მარკების შექმნა მისი დინოზავრების გამოსახულებით. ფოტოების გადაღებას სიხარულით დათანხმდა. გასამრჯელო არ მიუღია, მაგრამ სამაგიეროდ მისი დინოზავრიანი მარკები თვალის დახამხამებაში გაიყიდა, რაც დღემდე ეამაყება.

მერე კი ერთი პატარა სასწაულიც მოხდა - 1997 წელს ბატონ სლავას ორი ამერიკელი კოლეგა-მეცნიერი ეწვია სტუმრად. მან  ლაშასთან მიიყვანა და მისი გამოქანდაკებული პრეისტორიული ცხოველების კოლექცია აჩვენა. ცოტა ხნის შემდეგ ამერიკიდან დაუკავშირდნენ და ფიგურების გაგზავნა სთხოვეს - გვინდა, შენთან ვითანამშრომლოთო. გავიდა დრო და ხელშეკრულება მოუვიდა - შენ ქანდაკებებს გამოგვიგზავნი, ჩვენ ყალიბს ავუღებთ, ჩამოვასხამთ და გავყიდით, შენ კი შემოსული თანხის 12%-ს მიიღებო. ეს მხატვრის ნაშოვნი პურის ფული იყო. მართალია, არც ისე ბევრი, მაგრამ საკმარისი, რომ  მშვიდად ყოფილიყო.

სამი წლის შემდეგ ობიექტი სხვა მეპატრონემ იყიდა, რომელმაც კონტრაქტი განაახლა და გააფართოვა უფრო ხელსაყრელი პირობებით. ამ კომპანიის ერთ-ერთი მსხვილი შეკვეთა ამერიკელი გენერლის, ჯონ კასტერისა და ინდიელების ბრძოლა იყო. კასტერის 300-კაციანი რაზმი მრავალრიცხოვანმა ინდიელებმა მოაქციეს ალყაში და ცოცხალი არც ერთი არ დატოვეს. ლაშა რამდენიმე ათეულ სკულპტურას ფოსტით აგზავნიდა და ისევ ხელახლა იწყებდა. მათგან მხოლოდ ფოტოებიღა შემორჩა.

შეკვეთებზე მუშაობის პარალელურად საკუთარი სიამოვნებისთვისაც აკეთებდა კონსტრუქციებს. განსაკუთრებით დაინტერესდა ძველი რომის ბრწყინვალე არქიტექტურით და დაიწყო კიდეც მაკეტის გაკეთება სხვადასხვა მასალით: ქაღალდი, თაბაშირი, მუყაო, საღებავი... ამასობაში, რომის რეკონსტრუქციის ამერიკულ-იტალიური პროექტიც გამოჩნდა. კომპანიას თავისი კონსტრუქცია გაუგზავნა და პასუხმაც არ დააყოვნა - ეს უზუსტესი ნამუშევარია, კონტრაქტს გაგიფორმებთო.

რომის რეკონსტრუქციის ტრიდე ვერსიაზე ლაშა რამდენიმე უცხოელ არქიტექტორთან ერთად, უკვე, რამდენიმე წელია მუშაობს.

კონტრაქტით მთელი ძველი რომის არქიტექტურული ანსამბლი კომპიუტერულად უნდა აღდგეს და არა მხოლოდ კოლიზიუმები ან ტაძრები - ყველაფერი, რითაც რომი ბრწყინავდა. ეს სკრუპულოზური შრომაა.

რომაული არქიტექტურა ასიათასობით დეტალისაგან არის შედგენილი, მაგრამ ისე, რომ დღეს დანგრეულიც კი ყველას ნუსხავს. მის აღდგენაზე მუშაობა რთულია. ყოველი დეტალი უზუსტესად უნდა შეეხამოს წინა დეტალს, თორემ ყველაფერი წყალში ჩაყრილია. იმიტომაც არის, რომ ლაშა ცხონდია კომპიუტერთან დღე-ღამეში საშუალოდ 12 საათს შრომობს,ზოგჯერ უფრო მეტსაც, მაგრამ მაინც კმაყოფილია, რადგან მარადიული ფასეულობები მისთვის შეუცვლელია, ძველი რომი კი მარადიულობაა.

წყარო:

1. https://kvirispalitra.ge/article/33601-erthaderthi-qarthveli-romelic-dzveli-romis-rekonstruqciaze-mushaobs/

2. http://www.okarchive.okmagazine.ge/index.php/ok-decor/7509-ok-human-lasha-ckhondia


Share: