The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარია კუბლაშვილი

მარია კუბლაშვილი
Date of birth:198?
Category:Singer

Biography

საოპერო მომღერალი მარია კუბლაშვილი არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მუსიკალური კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია. იგი აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობას ეწევა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

დაიბადა და გაიზარდა ქ. ტყიბულში.  იქვე დაამთავრა მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა, ფორტეპიანოს განხრით.

სიმღერა მის ცხოვრებაში ძალიან ადრე შემოვიდა. სამი წლის ასაკიდან მღეროდა, ოღონდ საესტრადო ჟანრში, თავისთვის სიმღერებსაც წერდა. მეცხრე კლასში იყო, როცა მშობლებმა ქუთაისში წაიყვანეს, სადაც მისმა მოგვარემ, მუსიკალური კოლეჯის ვოკალის პედაგოგმა რამაზ კუბლაშვილმა აღმოაჩინა, რომ გოგონას საოპერო ხმა ჰქონდა. მომღერლობა ამის შემდეგ გადაწყვიტა.

მარია კუბლაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი, გოჩა ბეჟუაშვილის კლასი. აქვს ლირიკულ-კოლორატული სოპრანო.

კონსერვატორიის მაგისტრატურაზე სწავლობდა, როცა გაიმარჯვა იტალიის საელჩოს მიერ საქართველოში ჩატარებულ კონკურსში „პრემიო-რომა”. გაემგზავრა რომში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, სანტა ჩეჩილიას კონსერვატორიაში. მისი პედაგოგი იყო პროფესორი კარლო დეზედელი, ცნობილი ბარიტონი.

იტალიაში გატარებულმა სამმა თვემ მომღერალს უდიდესი გამოცდილება შესძინა. გარდა ამისა, იგი იქვე გამოვიდა პიანისტებისა და ვოკალისტების ერთობლივ, ე. წ. ნიკოლოზის კონკურსზე, სადაც ფინალისტი გახდა.

მარია კუბლაშვილის კარიერა დახუნძლულია სტიპენდიებითა და საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებებით. მან პირველი ადგილი მოიპოვა ბელკანტოს აკადემიისა და საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსებში. მარია კანილიასა და ბიულბიულ ოღლის საერთაშორისო კონკურსებში კი მესამე ადგილი დაიკავა. იგი არის ჰანს გაბორ ბელვედერის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი.
2009- 2010 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი.

2010 წელს მომღერალმა ძალიან პრესტიჟულ, მონსერატ კაბალიეს სახელობის კონკურსზე იმღერა სარაგოსაში და მსოფლიოს საუკეთესო ხმებს შორის, ოცდასამი წლის ასაკში, მესამე ადგილი დაიკავა.
2016 წელს მარია კუბლაშვილმა დაამთავრა მაგისტრატურა ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში და ავსტრიის ქალაქ გრაცის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერისიტეტში, რის შემდეგაც იგი მღეროდა კელნის ოპერის თეატრში.
ქართველი სოპრანო მონაწილეობდა კრისტა ლუდვიგის, მიშელ კრაიდერის, ანგელიკა კირხშლაგერის, რუდოლფ იანსენის, ბრიგიტა ფასბენდერის და დებორა პოლასკის მასტერკლასებში.
მარია კუბლაშვილი, ამჟამად, შვეიცარიაში, ციურიხში ცხოვრობს და როგორც მიწვეული მომღერალი მღერის მსოფლიოს სხვადასახვა ქალაქების ცნობილი თეატრების სცენებზე.
წყარო:
1. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=6279 

2. კუბლაშვილი მარია.მარია კუბლაშვილის გზა კონსერვატორიიდან იტალიის საოპერო სცენაზე : კლასიკა : ინტერვიუ / მარია კუბლაშვილი ; ესაუბრა ოლიკო გვენეტაძე // ქართული ელიტა : საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი. - თბილისი, 2010. - იანვარი. - N1. - გვ.24


Share: