The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით მახათელი

დავით მახათელი
Date of birth:198?
Category:Dancer

Biography

მსოფლიოში აღიარებული ბალერონი დავით მახათელი დაიბადა თბილისში, ბალეტის მოცეკვავეების ნუგზარ მახათელისა და მარინე ლოლაძის ოჯახში. დათოს უმცროსი და, მაია მახათელი, ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინაა.

ათი წლის ასაკში ჩაირიცხა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. პირველი პედაგოგი ნუგზარ მახათელი იყო, მოგვიანებით მეცადინეობდა ლევან მხითარიანთან, ბორის რახმანინთან, ვახტანგ ჭაბუკიანთან და გერმან ზამუელთან.

1992 წელს ლოზანის (შვეიცარია) და ასევე, მოსკოვის დიაგილევის სახელობის საერთაშორისო საბალეტო  კონკურსებში გაიმარჯვა (იუნიორთა შორის), რამაც საშუალება მისცა ორი წლის განმავლობაში ესწავლა ინგლისის სამეფო სკოლაში (უფასოდ).

სკოლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბირმინგემის სამეფო თეატრში, ერთ წელიწადში კი ჰოლანდიის, ამსტერდამის საბალეტო კომპანიაში მიიწვიეს.

1996 წელს პარიზის საერთაშორისო კონკურსის  დიპლომი  და ლაურეატის წოდება მოიპოვა.

ამსტერდამში ორ წელი დაჰყო და 1996 წელს, აშშ-ში ჰიუსტონის საბალეტო კომპანიაში გადავიდა სოლისტად. აქ 7 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, მიაღწია წამყვანი მსახიობის სტატუსს და 2003 წელს დაბრუნდა იქ, საიდანაც დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა, ინგლისში, ამჯერად ლონდონის კოვენტ-გარდენის სამეფო თეატრში.

2005 წელს იაპონიაში გამართულ ვარსკვლავთა ინტერნაციონალურ საბალეტო ფესტივალზე და-ძმის, მაიასა და დათოს მოცეკვავე წყვილი საუკეთესოდ დასახელდა.

დათო მახათელი თანამშრომლობდა საბალეტო კომპანიებთან ევროპაში, იაპონიაში, ჩინეთში, ცენტრალურ ამერიკასა და შეერთებულ შტატებში. ის მთავარ პარტიებს ასრულებდა მსოფლიოს უდიდეს სცენებზე და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოცეკვავე გახლდათ.

ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ, ინგლისში სცენაზე ავიდნენ დედოფალი ელისაბედი და პრინცი ჩარლზი და დათოს წარმატება პირადად მიულოცეს. რამდენჯერმე ბეკინგემის სასახლეშიც იყო მიწვეული.

მაგრამ ოჯახისთვის განსაკუთრებით სასიხარულო დათოს თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე გამოსვლა იყო, როცა მან იცეკვა „ჟიზელი“ ნინო ანანიაშვილთან ერთად და „იაპონიის სიზმრები“ ანანიაშვილის ჯგუფთან ერთად.

დავით მახათელს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და საპატიო ტიტული.

2008 წლის თებერვალში ბრიტანეთში მიენიჭა XXI საუკუნის „ბრილიანტის მოცეკვავის“  - "Brilliance of the 21st Century"- წოდება.

2009 წელს ნიუ-იორკის ლინკოლნ-ცენტრში საბალეტო „ოსკარის“ ჯილდო გადაეცა.

იგი დაასახელს, როგორც ლონდონის საუკეთესო ონეგინი და ასე შემდეგ...

დათოს საპატივცემულოდ იაპონელებმა ერთ-ერთ ყვავილს -  Orkidea Hibrid-ს, მისი სახელი და გვარი უწოდეს, ლიცენზიით.

ტრავმების გამო, 37 წლისამ ცეკვა შეწყვიტა, პენსიაზე გავიდა, მაგრამ აგრძელებს საბალეტო ხელოვნებაში მოღვაწეობას. მას მენეჯერული ნიჭი აღმოაჩნდა და თავის ბელგიელ ბიზნესპარტნიორთან – დენისთან ერთად გახსნა ოფისი ლონდონსა და ბრიუსელში.

დათო მახათელი არის D&D Art Productions-ისა და Grand Audition-ის დამფუძნებელი დირექტორი, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული და მოთხოვნადი სტუმარი - მასწავლებელი - სამეფო ბალეტისთვის, ჰოლანდიის ეროვნული ბალეტისთვის, პარიზის ოპერისთვის, ფინეთის ეროვნული ბალეტისთვის, შვედეთის სამეფო ბალეტისთვის...

გარდა ამისა, არის ჟიურის წევრი სხვადასხვა კონკურსზე, ატარებს გაკვეთილებს "როიალ ბალეტში" და ევროპის ყველა წამყვან თეატრებში, ასევე, ჰქონდა მასტერკლასები  თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელსა და პანამის ეროვნულ საბალეტო სკოლაში.

კომპანია AD&D ART PRODUCTIONS-ის   ემსახურება მაღალი მხატვრული კლასის ქორეოგრაფიული ნაწარმოებებისა და ნიჭიერი ახალგაზრდა მოცეკვავეების საერთაშორისო პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მაშვეობით, უკვე, ჩატარდა ათობით საინტერესო გალა კონცერტი, მსოფლიოს სხვადასხვა ვარსკვლავების მონაწილეობით. მათ შორის ათენში, ლონდონში, მოსკოვში, ნიუ-იორკში და ასე შემდეგ...

დავით მახათელს ჰყავს მეუღლე, პროფესიით ბალერინა - დარია მახათელი-ვასნეცოვა და ერთი ქალიშვილი.

წყარო:

1. http://gza.kvirispalitra.ge/life/8007-maxateli-msoplio-brendi-sabaleto-xelovnebashi/

2. https://en.wikipedia.org/wiki/David_Makhateli


Share: