The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლოზ მახათელი

ნიკოლოზ მახათელი
Other name:ნუგზარ
Date of birth:14 September, 1946  (78 years)
Category:Dancer

Biography

ნუგზარ (ნიკოლოზ) ვახტანგის ძე მახათელი დაიბადა თბილისში, 1946 წლის 14 სექტემბერს. 1957-1966 წწ. სწავლობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. პედაგოგები: თ. ვიხოდცევა, ვ. ჭაბუკიანი. 1975 წელს დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დრამისა და ბალეტის ფაკულტეტი (პედაგოგი: დოდო ალექსიძე).

სტუდენტობის პერიოდში თანამოაზრეები შემოიკრიბა და ერთად იღვწოდნენ კამერული ბალეტების შესაქმნელად. მათ შორის იყვნენ ცისკარი და ჯარჯი ბალანჩივაძეები. მათი ერთობლივი კამერული  სპექტაკლები ხშირად იდგმებოდა კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ტელევიზიის მუსიკალურ პროგრამასთან და მერაბ ჯალიაშვილთან ერთად თეატრალური საზოგადოების სცენაზე წარმოადგინეს „ორფეოსი და ევრიდიკე“, დიმიტრი ალექსიძის დადგმით (მუსიკალური ხელმძღვანელი ჯარჯი ბალანჩივაძე, ქორეოგრაფი - ნუგზარ მახათელი) და სხვა.

1966-1992 წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი. 1980-1983 წწ. სტაჟირება გაიარა ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში (პედაგოგი: ა. ვინოგრადოვი). 1983-1985 წწ. - გალის ცეკვის, მიმიკისა და პლასტიკის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფი. 1990-1991 წწ. - თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი; ამ თანამდებობაზე ვახტანგ ჭაბუკიანის თხოვნით დანიშნეს. დღემდე ამაყობს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქორეოგრაფიული სასწავლებლის პირველი დირექტორი იყო. სწორედ მისი მუშაობის პერიოდში მიაღწია სასწავლებელმა მნიშვნელოვან წარმატებებს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე - დავით მახათელმა გაიმარჯვა  ლოზანის საერთაშორისო კონკურსზე, პირველი ადგილი დაიკავა თავის ასაკში, ასევე, ბელორუსიის კონკურსზე; დიმიტრი კუზნეცოვი მოსკოვის დიაგილევის სახელობის პირველი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა და სხვა.

1992-2001 წწ. - თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი, პარალელურად, ქ. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი-ბალეტმაისტერი.

სანამ მუსიკალურ თეატრში დაიწყებდა მუშაობას ხელოვნების ინსტიტუტის რექტორმა, ბადრი გრუზინსკი-ბაგრატიონმა მიიწვია ქორეოგრაფიის დასადგმელად სტუდენტებისათვის. ქორეოგრაფიული ნომერი მოდერნის სტილში გააკეთა. დადგმა  ხელმძღვანელობამ (ბადრი გრუზინსკი, მიშა ბუკია), ძალიან საინტერესოდ მიიჩნია და დანიშნეს ხელოვნების ინსტიტუტის ქორეოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელად, რაც 9 წელი გაგრძელდა (1993-2001).
ამ ხნის განმავლობაში  ხელოვნების ინსტიტუტმა ფრიად საინტერესო კადრები აღზარდა -  ქორეოგრაფები, მხატვრები, დრამის მსახიობები და სხვა. მოწონება დაიმსახურა სტუდენტების მიერ ოპერისა და ბალეტის თეატრში შექმნილმა  სადიპლომო ნამუშევრებმა: „ცდუნება”, „ფანტაზია სამეჯლისო დარბაზში”, „კარმენის ახალი ვერსია”, „მოცარტის რექვიემი“, ამერიკიდან მოწვეულ „ბატლერ-ბალეტ უნივერსიტის“ სტუდენტებთან ერთად (2000) და სხვა.
ნუგზარ მახათელი მუშაობდა ნიკარაგუაში, ქ. მანაგუას კომპანია "ბალეტ-მოდერნში" პედაგოგ-რეპეტიტორად.

2001 წლიდან მოღვაწეობს აშშ-ში; თავიდან ფიქრობდა, რომ ეს ხანმოკლე ვიზიტი იქნებოდა. მიწვეული იყო აშშ-ის ბოსტონის საბალეტო აკადემიაში და ასევე, დენვერის საბალეტო აკადემიაში. ამ დროს მიიღო შეთავაზება აიდაჰოს შტატიდან, რომ სამი წელი კონტრაქტით ემუშავა ქალაქ სან-ვალეს ბალეტის სკოლის დირექტორად, რაზეც დათანხმდა.

საბალეტო სკოლაში მუშაობის რვა თვის მანძილზე იქ წარმატებით განახორციელა ჩაიკოვსკის "მაკნატუნას" და დელიბის "კოპელიას" დადგმები.

2002 წლის მაისის ბოლოს გადავიდა დენვერში, დავიდ ტეილორის მიწვევით, მის  საბალეტო კომპანიაში და ასევე საბალეტო სკოლაში, ბალეტმაისტერის, რეპეტიტორისა და პედაგოგის თანამდებობაზე. მათ ერათად დადგეს ძალიან ბევრი მოდერნისტული და ასევე კლასიკური სპექტაკლი (2002-2004).

იქვე დააარსა კერძო საბალეტო სკოლა „Makhateli Ballet Academy“, რომელმაც 2005 წელს მოიპოვა ქ. დენვერის საუკეთესო სკოლის, ხოლო, პირადად ნ. მახათელმა კოლორადოს შტატის საუკეთესო პედაგოგის წოდება.

2008 წლიდან ლუიზიანას შტატის ქ. ახალი ორლეანის "ხელოვნების სკოლის" პროფესორი და პედაგოგ-რეპეტიტორია;

ნიუ-ორლეანის შემდეგ იმუშავა ვაშინგტონის The Kirov ballet academy-ში დამდგმელ-ქორეაოგრაფად, ბოლო წლებში კი მიჩიგანის ბალეტაკადემიის ხელმძღვანელია.

ამერიკაში მოღვაწეობის ოცწლიან პერიოდში დაახლოებით 45 შტატში აქვს ჩატარებული მასტერკლასები, ასევე, მიწვევა ჰქონდა უცხოეთიდან (ორჯერ იაპონიიდან და პანამიდან).

ნუგზარ მახათელის მიერ განხორციელებული როლები და დადგმები:  

ქართული რეპერტუარი: აქტიორი (რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი"), მობილიზაცია (ფ. ღლონტი "განთიადი"), დუეტი (გ. ალექსიძე "თემა ვარიაციებით");

 სხვა რეპერტუარი: კოლენი (ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), პრინცი, ცისფერი ფრინველი, პა-დე-ტრუა (ჩაიკოვსკი "მაკნატუნა", "მძინარე მზეთუნახავი", "გედების ტბა"), ფრანცი (დელიბი "კოპელია"), ბაზილი (მინკუსი "დონ კიხოტი"), სატირი (გუნო "ვალპურგის ღამე"), ყმაწვილი (შოპენი "შოპენიანა") და სხვ.;

საბალეტო დადგმები: რ. გაბიჩვაძე - მინიატურა "შველი"; მოროზოვი - "ექიმი აიბოლიტი" (1974, ქ. ქუთაისი); "ქვევრები", "ქორეოგრაფიული ნოველები", "ზამთრის ფანტაზიები"; მოცარტის "რეკვიემი" (პლასტიკური დადგმა); ჰერტელი - "ამაო სიფრთხილე";  პა დე დე - ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე" (ს. ცინცაძის დამუშავებით); ქორეოგრაფიული ჩანახატები, რომლებიც განხორციელდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და ტელევიზიაში;

ქორეოგრაფიულად აფორმებდა დრამატულ სპექტაკლებს.

ნუგზარ მახათელს 1983 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

2013 წელს დასახელდა ამერიკაში განათლებითი დეპარტამენტის კოლეჯებს შორის საუკეთესო ქორეოგრაფად.

მისი მეუღლეა მარინე ლოლაძე, ქართული ცეკვის დიდოსტატის, კოტე ლოლაძის და ოპერის მომღერლის ელენე ლოლაძის ქალიშვილი. ისინი 1972  წელს დაქორწინდნენ, მარინამ საბალეტო სკოლა დაამთავრა და 20 წლის მანძილზე მოღვაწეობდა ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში. მათი ქალიშვილი, მაია, ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის პრიმაბალერინაა, ვაჟიშვილი - დავით მახათელი, ლონდონის სამეფო თეატრის წამყვანი ბალერონი იყო. დღეს ის სათავეში უდგას მის მიერვე შექმნილ კომპანიას, რომლის საშუალებითაც აწყობს საერთაშორისო მასშტაბის კონცერტებს, ეხმარება ახალგაზრდებს, პოპულარიზაციას უწევს ხელოვნებას.

ნუგზარ მახათელს ორმაგი მოქალაქეობა აქვს - არის, როგორც საქართველოს, ისე, ამერიკის მოქალაქე.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 309

2. http://gza.kvirispalitra.ge/life/8007-maxateli-msoplio-brendi-sabaleto-xelovnebashi/ 

http://kvira.ge/313019

 


Share: