The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარინა ადამია

მარინა ადამია
Date of birth:25 February, 1957  (67 years)
Category:Composer, Educator

Biography

მარინა შოთას ასული ადამია დაიბადა 1957 წლის 25 თებერვალს, თბილისში.

მუსიკის წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. 1976 წელს დაამთავრა თბილისის III სამუსიკო სასწავლებელი მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის განხრით (ნოდარ მამისაშვილის კლასი). იმავე წელს ჩააბარა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტზე. 

1978 წლიდან გადავიდა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა ოფიციალურად ნიკოლაი  სიდელნიკოვის საკომპოზიტორო კლასში, ხოლო არაოფიციალურად – ცნობილ კომპოზიტორთან, პედაგოგთან, ედისონ დენისოვთან.  1983 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის განხრით.

1983–1991 წწ. მუშაობდა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელსა და ახალციხის მუსიკალურ სკოლაში (თეორიის საგნები); 1986–1988 წწ. იყო ახალციხის დრამატული თეატრის მუსიკალური გამფორმებელი. 

1991 წელს საცხოვრებლად შოტლანდიაში გადავიდა. 1992 წლიდან სწავლობდა ედინბურგის უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის დოქტორანტურაში, ბრიტანელი კომპოზიტორისა და საზოგადო მოღვაწის, ნაიჯელ ოსბორნის ხელმძღვანელობით. 1998 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი (PhD) კომპოზიციაში.

1994 -2006 წლებში ედინბურგის უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ლექტორი იყო, სადაც სამივე საუნივერსიტეტო საფეხურზე ასწავლიდა კომპოზიციას და მუსიკის თეორიას. 

მარინა ადამია ბრიტანეთში მუშაობდა, როგორც თავისუფალი (freelance) კომპოზიტორი და აქტიურ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა – ქმნიდა მუსიკას შოტლანდიისა და ევროპის სხვადასხვა ანსამბლისთვის. მისი კომპოზიციები მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კამერულ, ისე საორკესტრო მუსიკას.

ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებებს ასრულებენ ცნობილი ანსამბლები: BBC Scottish Symphony Orchestra, Scottish Chamber Orchestra, The Endymion Ensemble, The Emperor Quartet, The Edinburgh Quartet, The NKG Ensemble, The One Voice Ensemble და სხვ.; მის დამკვეთებს შორისაა: ედინბურგის ფესტივალი, შოტლანდიის ხელოვნების საბჭო, Alemida-ს თეატრი და სხვა.

კომპოზიტორ ადამიას, ქორეოგრაფ ნორმან დაგლასის და  ანიმატორ ჯესიკა ლანგფორდის ერთობლივმა ნამუშევარმა - "At the Still point of the Turning World" – 2001 წელს მიიღო პრემია "Creative Scotlend";

2006 წელს საქართველოში დაბრუნდა.

2006-2008 წლებში მიწვეული იყო აკადემიურ კონსულტანტად ზ. ფალიაშვილის სახელობის N1 სამუსიკო სასწავლებელში („ნიჭიერთა ათწლედი“), სადაც, პარალელურად, ხელმძღვანელობდა მუსიკის თეორიის და კომპოზიციის განყოფილებებს. 

ამჟამად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის კომპოზიციას, გაორკესტრებას, მუსიკის თეორიას და თანამედროვე პროფესიული მუსიკის ისტორიას. 

მარინა ადამიას პედაგოგობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან ჩამოაყალიბა საქართველოში მუსიკის საუნივერსიტეტო სწავლების კონცეფცია. ამ კონცეფციის საფუძველზე, ნინო მამრაძესთან ერთად, 2009 წლის იანვარში დააარსა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი, სადაც კოლეგებთან ერთად მუშაობს მუსიკის კურსებისა და სამივე საფეხურის საუნივერსიტეტო პროგრამების შექმნასა და განვითარებაზე.

პროფესორი ადამია ამ ცენტრის დირექტორი და კომპოზიციის მიმართულების ხელმძღვანელია.

მისი ინიციატივით პირველად საქართველოში უმაღლეს საფეხურზე დაიწყო ელექტროაკუსტიკური მუსიკის, ჯაზისა და პოპმუსიკის, აგრეთვე ძველებური მუსიკის სწავლება.

მარინა ადამია არის საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი. შექმნილი აქვს განსხვავებული ჟანრისა და მასშტაბის მრავალი ნაწარმოები. მისი მუსიკა შესრულებულა როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში, ისე დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის: სავიოლინო კონცერტი (პირველი შესრულება მოსკოვში 1983 წელს).

კამერულ ინსტრუმენტული ნაწარმოებები – სამი სიმებიანი კვარტეტი (1978, 1982, 1997), ოთხი პიესა სიმებიანი კვარტეტისათვის (1980), არია სიმებიანი კვარტეტისათვის (ედინბურგის სიმებიანი კვარტეტის დაკვეთით, 1998),  ტრიო საქსოფონის, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1994), "გრავიტაცია" სიმებიანი ტრიოსათვის (2000), სონატა ვიოლენჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (1976), საფორტეპიანო მინიატიურა, ხუთი სავიოლინო ბაგატელი ფორტეპიანოსთან ერთად (1988), მუსიკა დასარტყამი ინსტრუმენტისათვის (1986), საფორტეპიანო ფანტაზია (1987), 5 პიესა ფლეიტის, კლარნეტის, ფორტეპიანოსა და დასარტყამებისათვის (ლონდონის Endymion Ensemble-ის დაკვეთით, 1990), 5 პიეს ფორტეპიანოსათვის (1992).

მუსიკა თეატრალური წარმოდგენისთვის "Gravity" (2000, ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის დაკვეთით); ქორეოგრაფ ნორმან დაგლასისგან (ბალეტი 2013).

საორკესტრო ნაწარმოებები – სამი პიესა კამერული ორკესტრისათვის (1987), ქართული ხალხური სიმღერები სიმებიანი ორკესტრისათვის (1999), „ენქიდუს დაბადება“ 42 პიესა ორკესტრისთვის (1995), "ათოვდა ზამთრის ბაღებს", სამი პოემა 24 ხმისა და ორკესტრისათვის (1997), "The Restless Wood" (2001, შოტლანდიის კამერული ორკესტრის დაკვეთით);

საგუნდო ნაწარმოებები – ორი პიესა გუნდისთვის ვაჟა-ფშაველას ლექსზე (1979),ოთხი პიესა გუნდისათვის ხალხურ ტექსტებზე (1979), სამი საგუნდო ლანდშაფტი (1980), ორი საგუნდო პიესა ტ. ჭანტურიას ლექსებზე (1984);  საგუნდო ციკლი ა. კალანდაძის ლექსებზე (1989).

ვოკალური ნაწარმოებები – შვიდი სიმღერა ძველ ჩინურ პოეზიაზე სოპრანოს, ტენორისა და კამერული ანსამბლისათვის (1988), ოთხი რომანსი ა. კალანდაძის ლექსებზე (1985), ხუთი სიმღერა მეცო–სოპრანოსა და კამერული ორკესტრისათვის (1993) და სხვა.

მარინა ადამიას ნაწარმოებები შესულია კრებულში "ქართველი და გერმანელი ქალი კომპოზიტორების თანამედროვე საფორტეპიანო მუსიკა. 12/12" (თანდართული CD).

კომპოზიტორს განსაკუთრებით აინტერესებს თანამედროვე ექსპერიმენტული მუსიკა, 50-60-იანი წლების იაპონური კინო, სამხრეთ კორეული პოპ-მუსიკა და დრამა, და მუსიკის სარეაბილიტაციო როლი საზოგადოებაში.

1990-იან წლებში მარინა ადამიას ხელმძღვანელობით საქართველოში საქველმოქმედო ორგანიზაცია War Child-ის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მათი მიზანი ომით ტრავმირებულ და ქუჩის ბავშვებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მუსიკის თერაპიაში ტრენინგი იყო. მარინას ერთ-ერთი ამჟამინდელი მიზანი საქართველოში ამ დარგის სწავლების დანერგვა და ხელშეწყობაა.

წყარო:

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 11 

https://ka.wikipedia.org/wiki/მარინა ადამია

https://faculty.iliauni.edu.ge/arts/marina-adamia


Share: