The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ დადიანი

მიხეილ დადიანი
Other name:მიშა წყემელი  (Pseudonym)
Date of birth:22 March, 1899
Date of death:9 August, 1974  (at 75 years)
Burial location:კენედის სახელობის სასაფლაო, ვაშინგტონი
Category:Poet, Military Person

Biography

მიხეილ (მიშა) დადიანი დაიბადა 1899 წლის 22 მარტს, თბილისში. ის პოეტისა და პუბლიცისტის, ნიკოლოზ (კოკი) დადიანის (1878-1939) უფროსი ვაჟი გახლდათ. შინაურები ბუჭუს ეძახდნენ. მისი დედა იყო ნინო (ლაისო) მიქელაძე, რომელიც ძალიან ადრე გარდაიცვალა, 1905 წელს მშობიარობას გადაჰყვა.

1917 წლის შემოდგომაზე მიხეილ დადიანმა გაიგო, რომ დაიწყო ქართული სამხედრო ნაწილების შედგენა. ის ჯერ კიდევ გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლე იყო, მაგრამ ბევრი არ უფიქრია, გიმნაზიიდან გამოვიდა და დათიკო მიქელაძის ცხენოსან ასეულში ჩაეწერა. ამავე ასეულში მსახურობდა მამამისი, კოკი დადიანიც. ისინი ერთად მონაწილეობდნენ იმ პერიოდის ყველა ანტიეროვნული ამბოხების ჩაქრობაში.

ამ ასეულის დაშლის შემდეგ, 1918 წლის გაზაფხულზე, მიხეილ დადიანი ილიკო მამულაიშვილის ასეულში ჩაირიცხა.

1919 წლის სექტემბერში თბილისის სამხედრო (იუნკერთა) სკოლის სტუდენტი გახდა. 1921 წლის თებერვალში, სხვა იუნკრებთან ერთად, ისიც იცავდა თბილისის მისადგომებს, კოჯორ-ტაბახმელასთან.

1921 წლის მარტში, ოჯახთან და სხვა იუნკრებთან ერთად, სამშობლო დატოვა. საქართველოს დევნილი მთავრობა დაეხმარა საზღვარგარეთ სამხედრო სასწავლებელში მოწყობაში.

ვარშავის სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიხეილ დადიანი პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცერი, კავალერიის ლეიტენანტი გახდა.

1930-იან წლებში ვარშავიდან პარიზში გადავიდა, სადაც ჰენესის საცხენოსნო კომპლექსში ინსტრუქტორად მუშაობდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მხარეს იბრძოდა, ბერგმანის ბატალიონის ლეიტენანტი იყო და საბჭოთა რეჟიმის დამარცხებაზე ოცნებობდა.

ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. მუშაობდა "ამერიკის ხმაში", სადაც იყო ქართული ენის რედაქტორი.

მიხეილ დადიანი ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში მიხა წყემელის ფსევდონიმით ლექსებს აქვეყნებდა.

1976 წელს, პარიზში გამომავალ ჟურნალ „კავკასიონში“ დაიბეჭდა მისი მოგონებები „რაც მახსოვს“, სადაც მოთხრობილია საქართველოში გატარებულ  ბავშვობაზე, წინაპრებზე, ქართულ ჯარზე და საქართველოს ოკუპაციაზე.

მიშა დადიანი ცხოვრობდა ვაშინგტონის გარეუბანში, არლინგტონში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1974 წლის 9 აგვისტოს. მეუღლესთან, თინა გომართელთან ერთად დაკრძალულია ვაშინგტონის კენედის სახელობის სასაფლაოზე.

წყარო:

1. https://gmas.ge/2015/სიახლეები/იუნკერ-მიხეილ-დადიანის-/

2. ყოლბაია დავით. რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ : ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 = Kolbaia David. Pod skrzydłαmi Rzeczypospolitej : Emigrαcjα gruzińskα w Polsce 1921-1939 : [ფოტოალბომი]. - ვარშავა, 2019.- გვ.221

3. ხოფერია ნინო. ლეიტენანტი მიხეილ დადიანი: ყოველკვირეული ლიტერატურულ-პუბლიცისტური ჩანართი N 53: საოჯახო ალბომი: კვირაძალს საკითხავი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2006.- 22 აპრილი.- N80 (5418).- გვ. 8,9

4. ხოფერია ნინო. "ან უცხოეთში რად მენატრებით..." / ნინო ხოფერია ; კახა ქორიძე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2007. - 3 მარტი. - N41 (5642). - გვ.8-9.

5. ინასარიძე კარლო. არლინგტონის პანთეონი და მიხეილ დადიანი / კარლო ინასარიძე // მებრძოლი საქართველო / ქართული ეროვნული საბჭოს ორგანო. - პარიზი, 2007. - 26 მაისი. - N37(55). - გვ.50-51

 


Share: