The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გასტონ ბუაჩიძე

გასტონ ბუაჩიძე
Date of birth:21 October, 1935
Date of death:13 July, 2022  (at 86 years)
Category:Philologist

Biography

მწერალი, პედაგოგი და მთარგმნელი გასტონ ბუაჩიძე სამენოვანი მწერალია. იგი დედით ფრანგი იყო და მამით ქართველი. ასე რომ ფრანგული და ქართული მისთვის თავიდანვე მშობლიური ენები გახლდათ, რასაც თავისთავად დაემატა რუსულიც. ასე გახდა იგი სამენოვანი მწერალი და სამივე ქვეყნის კულტურა გაამდიდრა ლიტერატურული მონაპოვრებით.

გასტონის მამა, სერგო ბუაჩიძე, ინჟინერი იყო და ამის გამო ხშირად უწევდა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. ის 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც ელექტროხაზის გაყვანას ხელმძღვანელობდა. იქ გაიცნო ფრანგი ქალი გაბრიელა ბრუსი, რომელის შეუყვარდა და მალე ცოლადაც მოიყვანა.

იქორწინეს თუ არა, საქართვე­ლოში ჩამოვიდნენ. გასტონი1935 წლის 21 ოქტომბერს  თბილისში დაიბადა.  შემდეგ მამა უკრაინაში გამოიძახეს სამუშაოდ და ოჯახი საცხოვრებლად ლვოვში გადავიდა. გასტონმა სკოლა იქ დაასრულა. პროფესიის არჩევაზე დიდხ­ანს არ უფიქრია, ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩააბარა, ლვოვის (უკრაინა) სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1958 წელს წარმატებით დაამთავრა.

მომავალი მეუღლე, სვეტლანა საბუცკაია, 1959 წელს ლვოვში გაივნო. ერთ წელიწადში დაქორწინდნენ და საცხოვრებლად საქართველოში წამოვიდნენ. გასტონი თბილისის უნ­ივერსიტეტში ფრანგულ ლიტერატურას ასწავლიდა, სვ­ეტლანა კი – რუსულ ენასა და ლიტერა­ტურას ვახტ­ანგ ჭაბუკიან­ის სახელობის ქორეოგრა­ფიულ სასწავ­ლებელში.

ქალ-ვაჟი შეეძინათ - ანა და ანდრ­ია. ბავშვები ქართულ სკოლაში სწავლობდნენ, მაგრამ რადგან სახლში ყოველთვის სამ ენაზე საუბრობდნენ, ისინიც სამივე ენას ზედმიწევნით დაეუფლნენ.

გასტონი 29 წლის იყო, როცა საფრანგეთში ჩავიდა და პირველად შეხვდა ფრანგ ბებიას და დედის ნათესავებს. მანამდე საზღვარგარეთ გასვლის ნებართვას არ აძლევდნენ.

1960 -1990 წწ. გასტონ ბუაჩიძე გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი. ამ ხნის განმავლობაში იგი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ნაყოფიერ მთარგმნელობით და ლიტერატურათმცოდნეობით შრომასაც ეწეოდა. ფრანგულად თარგმნიდა ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშებს და პირიქით, ფრანგული მწერლობის არაერთი ავტორი გავიცანით მისეული ქართული თარგმანებით.
1991 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთის ქალაქ ნანტში.
1991-2001 წწ. იყო ნანტის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის სწავლების ასოცირებული პროფესორი. უცხოეთიდან ჩასულ სტუდენტებს უკითხავდა ლექციებს ფრანგულ ლიტერატურაში.

მისი კვლევების ძირითადი თემა ყოველთვის იყო ქართული და ფრანგული ლიტერატურის კონტაქტები.

1995 წელს სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „წვლილი ფრანგულ–ქართული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისთვის“.
1998 წელს აირჩიეს ბრეტანისა და ლუარისპირეთის ლიტერატურული აკადემიის წევრად.
ის იყო თბილისის და ნანტის დაძმობილების ინიციატორი, ასევე ნანტის ხელოვნების მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების 1999 წლის გამოფენის ორგანიზატორი.

ამ ექსპოზიციას მიეძღვნა საგანგებო კატალოგი, რომელიც იხსნება გასტონ ბუაჩიძის ტექსტით: „ფიროსმანი, ლეგენდარული ფერების სიცოცხლე“.
იგი წლების მანძილზე წარმატებით ეწეოდა საფრანგეთში ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციას.

ცნობილმა ფრანგულმა და შვეიცარიულმა გამომცემლობებმა სხვადასხვა დროს დაბეჭდეს მის მიერ შესრულებული თარგმანები ქართულიდან ფრანგულად: „ქართული პროზა დასაწყისიდან დღემდე“ (1998), გალაკტიონ ტაბიძის „მე და ღამე“ (ლექსების კრებული, 1998), ილია ჭავჭავაძის „ლექსები და პროზა“ (2009), ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ (2012), ამავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში ფრანგულად გამოვიდა აკაკი წერეთლის „ლექსთა კრებული“.

1987 წელს მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენად იქნა აღიარებული გასტონ ბუაჩიძის ფრანგულად თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც გაფორმებული იყო რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით.
ფრანგმა მკითხველმა დიდი ინტერესით მიიღო გასტონ ბუაჩიძის სხვა ნაშრომებიც: „ფერები რემბოსთან“ (1991), „ფორთოხალი, ანგელოზთა ოქრო“, "აპოლინერის სიტყვათა თამაში“ (1992), „მარი ბროსეს ცხოვრება“ (1998), ნოველა „ვარდები მარგარიტასთვის“ (ორი გამოცემა, 1999 და 2008 წელს), ტრილოგია „ფეხდაფეხ“, „მარკიზ დე კიუსტინის მოგზაურობა რუსეთში“ (2005), „ალექსანდრე დიუმას თავგადასავალი რუსეთში“ (2004), „დაბრუნება საბჭოთა კავშირში ანდრე ჟიდთან ერთად“, და ბოლოს, ტრილოგია „სადღეგრძელო თევზით“ (მისი პირველი ტომი სახელწოდებით „ფიროსმანი ანუ ირმის განავარდება“ რუსულ ენაზე 1981 წელს 100 000-იანი ტირაჟით გამოიცა თბილისში).

გასტონის მეუღლემ, ფილოლოგმა და მხატვარმა სვეტლანა საბუცკაია-ბუაჩიძემ სამი წიგნი დაწერა საქართველოზე: „სუფრა ანუ ლხინის მბრძანებელი“, „მოგზაურობა ფიროსმანის სივრცეში“ და „რუსთაველის ცრემლები“.

მათი შვილებიც საფრანგეთში ცხოვრობენ. ანა ფილოლოგია, კლასიკური ფილო­ლოგიის სპეციალისტი. ქართველი მეუღლე და ორი ვაჟი ჰყავს. ანდრია პროფესიით ინფორმატიკის სპეც­იალისტია.

შეკითხვაზე თუ რომელ ენაზე აზროვნებს, ბატონი გასტონი პასუხობს, - „იმ ენაზე, რომელზეც ვწერ. სა­ერთოდ, სამ ენაზე ვაზროვნებ. ეს იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ასეა.

ახ­ლაც, თქვენ რომ გელაპარაკებით, ქართულად ვაზროვნებ. ჩემს მეუღ­ლესთან რუსულად ვაზროვნებ და საფრანგეთში – ფრანგულად...“

2010 წელს ​გასტონ ბუაჩიძეს თბილისის სა­პატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

გარდაიცვალა საფრანგეთში, 2022 წლის 13 ივლისს.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/გასტონ_ბუაჩიძე

2. https://primetime.ge/news/sazogadoeb/gardaitsvala-katsi-romelmats-vefkhistyaosani-frangulad-targmna-gaston-buachidzis-interviu-praimtaimis-arqividan 

3. #სფიჩი #სპიჩი #speech #speechmedia

 


Share: