The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით ბადრიძე

დავით ბადრიძე
Date of birth:23 March, 1899
Date of death:26 January, 1987  (at 87 years)
Burial location:ტროეკუროვის სასაფლაო, მოსკოვი.
Category:Singer

Biography

საოპერო მომღერალი (ლირიკული ტენორი) დავით (დათიკო) გიორგის ძე ბადრიძე დაიბადა 1899 წლის 23 მარტს, ქუთაისში. დამთავრებული აქვს ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი. 1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, 1926 წელს - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ე. ვრონსკის კლასი).

საჯარო გამოსვლები, როგორც მომღერალმა, 1923 წელს დაიწყო, მაშინ როცა ჯერ კიდევ თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1926–1934 წწ.თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი გახლდათ (დებიუტი - ჰერცოგის პარტია ჯ. ვერდის "რიგოლეტოში");

1934–1936 წწ. მღეროდა ეკატერინბურგის, 1936–1944 წწ. თბილისის, 1944–1948 წწ. მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო სცენებზე.

1937 წლიდან იყო სსრკ სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; საკავშირო კონკურსის ლაურეატი 

1942 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1943 წელს კი -  საქართველოს სახალხო არტისტს წოდება;

საოპერო სცენა 1948 წელს დატოვა;

1952 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალურ-პედაგოგიურ ინსტიტუტში;

1957–1958 წწ., როგორც პედაგოგ-ვოკალისტი და კონსულტანტი, მივლინებული იყო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა (ფხენიანი) და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ჰანოი), სადაც მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ეროვნული საოპერო დასი და დაიდგა პეტრე ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"(პირველი საოპერო სპექტაკლი ვიეტნამში).

1962 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია (1972 წლიდან - პროფესორი);

1967–1970 წწ. წარგზავნილი იყო ეგვიპტეში, კაიროს კონსერვატორიაში, სადაც დიდი მუშაობა ჩაატარა ეროვნული ვოკალური ხელოვნების განვითარებისათვის.

დავით ბადრიძეს ჰქონდა ლამაზი ტემბრის, სრული დიაპაზონის ხმა, მაღალი ვოკალურ-სცენური კულტურა.

შესრულებული აქვს ქართული და კლასიკური საოპერო რეპერტუარის მრავალი წამყვანი პარტია, რომელთაგან აღსანიშნავია: მალხაზი ( ზ. ფალიაშვილის "დაისი"), მეურმე (დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ერეკლე (ი. გოკიელის "პატარა კახი"), კოტე (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ჰერცოგი და ალფრედი (ჯ. ვერდის "რიგოლეტო" და "ტრავიატა"), ფაუსტი (შ. გუნოს "ფაუსტი"), ჯერალდი (ლ. დელიბის "ჰოდმანის ზღაპრები"), ვერთერი (ჟ. მასნეს "ვერთერი"), ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), სალოსი (მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი") და სხვა.

ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც, გამოდიოდა ყოფილ სსრკ ქალაქებში (უპირატესად ქართული რეპერტუარით). საოპერო არიების გარდა ასრულებდა რომანსებს და ნეაპოლურ სიმღერებს.

1944 წელს მონაწილეობა მიიღო სიკო დოლიძისა და დავით რონდელის ფილმში "ჯურღაის ფარი" (ლეიტენანტი, ესპანელი სტუმარი; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1950). 

საკონცერტო სცენაზე დავით ბადრიძის  ბოლო გამოსვლა შედგა 1956 წლის 16 აპრილს, მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოზე. აკომპანიმენტს ძირითადად პიანისტი სოფიო დავიდოვა უწევდა.

გარდაიცვალა 1987 წლის 26 იანვარს მოსკოვში. დაკრძალულია იქვე ტროეკუროვის სასაფლაოზე.

დავით ბადრიძის შვილი გიორგი (გია) ბადრიძე (1928 — 1999) იყო ცნობილი ჟურნალისტი, კინოდრამატურგი, მსახიობი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980).

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .I.–თბ., 1997.–გვ.324

2. https://ka.wikipedia.org/wiki//დავით_ბადრიძე 

3. https://ru.wikipedia.org/wiki//Бадридзе,_Давид_Георгиевич

4. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. - თბ., 2015. -გვ.54.


Share: