The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ჰასან ბეგი თავდგირიძე

Date of birth:1810
Date of death:May, 1854  (at 44 years)
Category:Nobleman, Military Person

Biography

ჰასან ბეგ თავდგირიძე დაიბადა ოზურგეთში. მისი მამა იყო მეჰმედი, ხოლო დედა - ათაბაგის ქალი. ჰყავდა მასზე უმცროსი ძმები, რომლებიც მამამისს ფატმა დინდინესთან ქორწინებაში შეეძინა - ალი ფაშა (1829-1911) და ოსმან ფაშა (1837-1909).

ჰქონდა სასახლის კარის ქაფუჯიბაშის წოდება.

ჰასან ბეგი თვითნებობდა და ოსმალეთისა და რუსეთის საქმეებში უშუალოდ ერეოდა. გურიის სამთავროს  გაუქმებამ და მისმა შესვლამ რუსეთის იმპერიაში მას ტყვეთა სყიდვის არეალი შეუზღუდა. ამიტომ აქტიურად ჩაერთო 1841 წლის გურიის აჯანყებაში. იგი მოსახლეობას რუსეთისადმი ურჩობას სთხოვდა - თქვენ ოსმალეთის ქვეშევდომები ხართ და არა რუსეთისა, ამიტომ რუსეთის მთავრობას გადასახადი არ მისცეთო.

მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა გურულ ნათესავებთან, მათი დახმარებით ცდილობდა აჭარლების და გურულების მჭიდრო შეკავშირებას და ერთიანი ძალით რუსების განდევნას.

აჯანყების მსვლელობისას თავდგირიძე აჯანყებულებს სისტემატიურად იარაღს და ტყვია-წამალს უგზავნიდა. ოსმალეთის მთავრობა რუსეთთან ზავის გამო აჯანყებაში ჩარევას ვერ ბედავდა და ჰასან ბეგის საქციელს კიცხავდა. სამაგიეროდ თავდგირიძემ საიმედო მეგობარი გაიჩინა ბათუმში ინგლისის კონსულის სახით. კონსულმა ვაჭრებს განუცხადა, რომ მათ ყოველგვარი შიშის გარეშე შეუძლიათ ჩამოიტანონ ტყვია-წამალი და მსურველებს მიჰყიდონ, ვაჭრებმა მართლაც ჩამოიტანეს ტყვია-წამალი ტრაპიზონიდან და აჯანყებულ გურულებს მიჰყიდეს.

რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგი ჰასან ბეგი მხოლოდ საწყის ეტაპზე იყო, თუმცა შემდეგ, ერთ-ერთი ვერსიით, ქრთამის სანაცვლოდ, მიატოვა აჯანყებულები.

ყირიმის ომამდე ჰასან ბეგი ქეშაპის და ქობულეთის კაზებს ხელმძღვანელობდა. თუმცა შემდეგ ოსმალეთის ხელისუფლებამ ის გადააყენა ტყვეებით მოვაჭრეების მფარველობის გამო.

ყირიმის ომში (1853–1856) გამოჩენილი თავდადებისთვის ჰასან ბეგ თავდგირიძე ისთაბლი-ამირას წოდებით დაჯილდოვდა. ამავე დროს, მესამედან მეორე წოდებამდე დააწინაურეს. გურიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში. წარმატების შემთხვევაში მას ფაშის ტიტულის მიღებაზე ექნებოდა პრეტენზია.

დაიღუპა შეკვეთილთან, ნიგოითის ბრძოლაში, 1854 წელს. ერთ-ერთი ვერსიით თანამოძმის ღალატის შედეგად.

გადმოცემის მიხედვით, 15 000 ათას კაციანმა ოსმალურმა ჯარმა ჰასან ბეგ თავდგირიძის მეთაურობით მდინარე სუფსა გადმოლახა, ნიგოეთისაკენ დაიძრა და მთავარ ბანაკს დაესხა თავს, მაგრამ დამარცხდა. ჰასან-ბეგი გაქცევას ცდილობდა მაგრამ გურულმა აზნაურმა ერასტი ჭყონიამ შეიპყრო, თავი მოკვეთა და ანდრონიკაშვილს მიუტანა. თავდგირიძის დამარცხების შემდეგ ანდრონიკაშვილი ოზურგეთისაკენ დაიძრა, ოსმალებმა ბრძოლა ვეღარ გაბედეს და ოზურგეთიდან უკან დაიხიეს. ჰასან ბეგის მოკვეთილი თავი თბილისში მთავარმართებელს ჩაუტანეს.

სწორედ ნიგოეთთან ჰასან ბეგ თავდგირიძის დამარცხების შემდეგ დაწერეს გურულებმა ლექსი და სიმღერა "ჰასანბეგურა".

ჰასან ბეის სიკვდილის შემდეგ მის ვაჟს, მურატ ბეის პენსია დაენიშნა.

მამასთან ერთად ისიც მონაწილეობდა ყირიმის ომში და ბათუმის არმიის შემადგენლობაში დამხმარე ძალების პოლკოვნიკი გახდა.

მურატ ბეი ჯერ მამამისის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო შემდეგ ქობულეთის კაზის ხელმძღვანელად დაინიშნა.

რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ, ბათუმის და მიმდებარე ტერიტორიების რუსეთის მმართველობაში გადასვლის გამო, მურატ ბეი ოჯახთან ერთად სტამბოლში გადავიდა. გაწეული სამსახურისთვის კონიის ბატალიონის აღად დაინიშნა.

მოგვიანებით უნიეში დასახლდა და მუნიციპალიტეტის უფროსის მოადგილე გახდა. ქართული ბანდების მფარველობის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და უნიედან გაასახლეს.

მურატ ბეი ერთ ხანს იძულებული იყო ნიღდეში ეცხოვრა. 1887 წელს ბურსას მახლობლად დასახლების ნება დართეს და მრავალრიცხოვანი ოჯახის პატრონს პენსიაც დაუნიშნეს.

წყარო: 

1. საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014.-გვ.432

2. http://georgianencyclopedia.ge/index.php/თავდგირიძე

3. https://ka.wikipedia.org/wiki/თავდგირიძეები

4. ქასაბი მურად. ოსმალეთის ქართველები. - სტამბოლი, 2012. -გვ. 332-333


Share: