The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თენგიზ გლოველი

თენგიზ გლოველი
Date of birth:196?
Category:Medical Doctor

Biography

თენგიზ გლოველი ქართული ფიზიოლოგიური სკოლის ღირსეული წარმომადგენელია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ის წლების განმავლობაში სამეცნიერო, პედაგოგიურ და ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა ამავე უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ფიზიოლოგიის კათედრაზე და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აკადემიკოს თ. იოსელიანის ხელმძღვანელობით.

1992 წლიდან მოღვაწეობს გერმანიაში, სადაც გერმანიის აკადემიური გაცვლის პროგრამის (DAAD) სტიპენდიით ჩავიდა და წარმატებით განვლო გზა მეცნიერ-თანამშრომლიდან ლაბორატორიის გამგემდე.

თავდაპირველად კელნის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა, შემდგომ - ბერლინის სამედიცინო უნივერსიტეტში. აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

პროფესორი თენგიზ გლოველი დღეს ხელმძღვანელობს ბერლინის სამედიცინო უნივერსიტეტის (Charité) თავის ტვინის ნერვული ქსელის ფიზიოლოგიის ლაბორატორიას. მისი მეცნიერული ინტერესების სფერო მოიცავს თავის ტვინის ნორმალური და პათოლოგიური აქტივობის ნატიფი მექანიზმების კვლევას, რასაც სამოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა. ამ შრომებმა მას საერთაშორისო აღიარება მოუპოვა.

ბოლო წლებში თ. გლოველმა, თამარ დუგლაძესთან და გერმანელ კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა თავის ტვინში ინფორმაციის გადამუშავების ახალი, მანამდე უცნობი პრინციპი, რომელიც რენომირებულ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა. ამ პრინციპის დარღვევამ შეიძლება ისეთი მძიმე ნევროლოგიური დაავადება გამოიწვიოს, როგორიცაა ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსია. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების კვლევას განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართველი მეცნიერის შრომებში. ეს ეპილეფსიის ის ფორმაა, რომელიც, სამწუხაროდ, მედიკამენტებით მკურნალობას არ ექვემდებარება და ხშირად მკურნალობა მხოლოდ ნეიროქირურგიული ჩარევითაა შესაძლებელი.

ეპილეფსიის მკურნალობის გლოველისეული მეთოდი, რომელიც დასავლეთ ევროპაში წარმატებით გამოიყენება, შესაბამისი პროგრამის არ არსებობის გამო ბოლო დრომდე არ იყო დანერგილი საქართველოში. ამ პრობლემის დასაძლევად თენგიზ გლოველმა მოიპოვა რამდენიმე გერმანული გრანტი, რითაც მას საქართველოში პროექტის განხორციელების ფინანსური საშუალება მიეცა. პროექტის ფარგლებში მოეწყო საერთაშორისო კონფერენცია თბილისში.

ბატონი თენგიზის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას ერთი წუთითაც არ გაუწყვეტია კავშირი სამშობლოსთან მის ლაბორატორიაში წლების განმავლობაში განათლებას იღებს და მეცნიერებაში პირველ ნაბიჯებს დგამს მრავალი ქართველი ახალგაზრდა მკვლევარეი, რომლებიც წარმატებით იცავენ სადიპლომო თუ სადისერტაციო ნაშრომებს და უბრუნდებიან სამშობლოს. მას ასევე მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა აქვს ქართველ კოლეგებთან. მისი ხელშეწყობით იმართება ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები სისტემატურად ეწყობა ვორკშოპები, იხსნება სეზონური სკოლები, ქვეყნდება ერთობლივი სამეცნიერო კრებულები და სხვა.

პროფესორ გლოველის ძალისხმევით მოხდა ქართველ კოლეგებთან ერთად ეპილეფსიის ქირურგიაში პირველი ნაციონალური პროგრამის შემუშავება საქართველოში და მისი პრაქტიკაში განხორციელება. კერძოდ, გერმანელი კოლეგების მონაწილეობით წარმატებით ჩატარდა პირველი ფარმაკორეზისტენტული პაციენტების ქირურგიული ჩარევით მკურნალობა თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში.

ამავე კლინიკაში მან, თამარ დუგლაძესთან ერთად დააარსა და სათავეში ჩაუდგა ნეირომეცნიერების ლაბორატორიას. ეს ლაბორატორია, რომელიც მის მიერ გერმანიაში შეძენილი თანამედროვე აპარატურითაა დაკომპლექტებული, მიზნად ისახავს ექსპერიმენტული და კლინიკური ძალების გაერთიანებით, ერთი მხრივ- ტვინის მოქმედების ფუნდამენტური მექანიზმების კვლევას, მეორე მხრივ კი, მულტიდისციპლინარული მიდგომით პათოლოგიური ტვინის მკურნალობის გზების ძიებას.

წყარო:

1. https://speech.ge/metsniereba/thengiz-gloveli-metsnieri-germania/
2. http://geworld.ge › შეხვედრა-თვალსაჩინო-მეცნ

 



Share: