The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით ეგნატეს ძე თუმანიშვილი

Date of birth:16 October, 1780  (243 years)
Date of death:18??
Category:Poet

Biography

თუმანიშვილების გვარმა არა ერთი მწიგნობარი და კულტურის მუშაკი მოგვცა. მათ რიცხვს მიეკუთვნება მე -19 ს-ის პირველი ნახევრის მოღვაწე დავით თუმანიშვილი - პოეტი და კალიგრაფი.

დავითის მამას, ეგნატე ბაინდურის ძე თუმანიშვილს, ჯერ ერეკლე II-ის, ხოლო შემდეგ გიორგი XII-ის კარზე მდივანბეგის თანამდებობა ეჭირა. 1801 წელს დროებითი მთავრობის წევრადაც აირჩიეს. მან თავის შვილებს შესაფერისი სწავლა-განათლება მიაღებინა და ბავშვობიდანვე ჩაუნერგა ლიტერატურისადმი სიყვარული.

მისი ვაჟები გიორგი და დავითი აქტიურად მოღვაწეობდნენ როგორც  საზოგადო, ასევე, ქართული კულტურისა და ლიტერატურის ასპარეზზეც.

დავითი 1780 წლის 16 ოქტომბერს დაბადებულა.

1810 წ. მას უკავია „გუბერნსკი სეკრეტარის“ პოსტი, 1812 წელს ის უკვე თბილისის პოლიცმეისტერი ყოფილა, 1813 წელს კი მას „კოლეჟსკი სეკრეტარად“ მოიხსენიებენ.

1812-1816 წლებში დავითი არის „ტიტულარნი სოვეტნიკი“, შემდეგ გახდა „კოლეჟსკი ასესორი“.

თბილისში გავრცელებული ჭირიანობის გამო, 1814-1816 წლებში დავითი იმყოფებოდა კარანტინში, სადაც მას ეკავა „კარანტინის ინსპექტორის ამხანაგის თანამდებობა“. კარანტინში ყოფნის პერიოდში იგი ხელნაწერების გადაწერით იყო დაკავებული და როგორც თვითონ აღნიშნავდა ამით ატარებდა დროს.

შემდგომ წლებში დავით ეგნატეს ძე მოღვაწეობდა რუსეთში.

1817 წლის 29 მარტს ერმოლოვს იგი წარუდგენია ჯილდოზე.

1824 წელს მოხსენიებულია „საქართველოს კარანტინების ვიც-ინსპექტორად“.

1826 წელს მიიღო ნადვორნი სოვეტნიკის ჩინი.

ჩვენამდე მოაღწია დავით თუმანიშვილის 12 ლექსმა. მის შემოქმედებას აშუღური პოეზიის დაღი აზის. თემატურად ლექსები ერთფეროვანია, ძირითადია სატრფიალო მოტივი.

აღსანიშნავია დავით თუმანიშვილის დამსახურება ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაში. მან გადანუსხა და მოკაზმა მრავალი ქართული ხელნაწერი.

იგი დავით რექტორის კალიგრაფიული სკოლის წარმომადგენელია. ნაწერები შესრულებულია ლამაზი მრგვალი მხედრულით. ხშირ შემთხვევაში თან ახლავს სათანადო მხატვრული გაფორმება და დართული აქვს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული შენიშვნები.

დავით ეგნატეს ძე თუნანიშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

წყარო:

1. მ . დავით თუმანიშვილი // ლიტერატურული ძიებანი.- თბილისი, 1963. - ტ.14. - გვ.175-186

2. https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_თუმანიშვილი 

3. საქართველო: ენციკლოპედია.ტ.4. თბილისი, 2018. - გვ.121


Share: