The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ისიდორე ქიქოძე

Other name:კიკი
Date of birth:January, 1855
Date of death:1916  (at 60 years)
Category:Politician

Biography

ისიდორე გიორგის ძე ქიქოძე დაიბადა 1855 წლის იანვარში ოზურგეთის მაზრაში, მღვდლის ოჯახში.

ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1871 წელს შევიდა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 1873 წლის მაისში გადავიდა სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში. მე-4 კურსზე იყო, როცა „კანონის საწინააღმდეგო პროპაგანდაში მონაწილეობისათვის“ აკადემიიდან გარიცხეს (1875 წ. 7 ივლისი).

სტუდენტობის პერიოდში ისიდორე ქიქოძე აქტიურად მონაწილეობდა „კავკასიელთა“ რევოლუციური წრისა და „სრულიად რუსეთის სოციალურ-რევოლუციური ორგანიზაციის“ საქმიანობაში.

რევოლუციური მეტსახელი ჰქონდა „კიკი“.

ისიდორე ქიქოძე იყო საქართველოში ხალხოსნური ორგანიზაციის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ლიდერი.

1876 წლის თებერვალში მონაწილეობდა საპატიმროდან რევოლუციონერი ამხანაგების გაქცევის ორგანიზებაში. სტეპანოვის გვარით აწარმოებდა მოლაპარაკებას ჟანდარმერიის უნტეროფიცერ ბულანოვთან. ეს შეთქმულება ჩაიშალა, ბულანოვი დააპატიმრეს, ქიქოძე მიიმალა.

შემდეგ იგი მონაწილეობდა ხალხოსანთა ორგანიზაციის ოდესის „ობშჩინის“ საქმიანობაში.

1875 წლის 13 ივლისს ალ. ციციშვილის საბუთებით ისიდორე ქიქოძე ფიქტიურად დაქორწინდა  ოდესის „ობშჩინის“ წევრზე ალექსანდრა ხორჟევსკაიაზე. ქორწინების მიზანი იყო ქალის მიერ მზითვად აღებული ფულის გამოყენება პროპაგანდის საქმისათვის.

„მოსკოველთა“ ორგანიზაციაში დაპატიმრების დაწყების შემდეგ ისიდორე ქიქოძე სამშობლოში ჩამოვიდა და არალეგალურად განაგრძო ცხოვრება დასავლეთ საქართველოში. აქ იგი ხალხოსნური წრეების გაფართოებაზე ზრუნავდა და ხელმძღვანელობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული ხალხოსნური ჯგუფების პრაქტიკულ-რევოლუციურ მუშაობას.

1875 წელს, გაზაფხულზე, საქართველოში იმყოფებოდა, როცა მოსკოვის ხალხოსნური ორგანიზაციციის საქმესთან დაკავშირებით გაიჩხრიკა მისი ბინა ქუთაისში. ისიდორე ქიქოძე აიყვანეს პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და ქალაქიდან გასვლა აუკრძალეს.

ამავე წლის 12 ნოემბერს ჟანდარმთა შეფმა განმეორებით უდეპეშა ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსს, დაუყოვნებლივ დაეპატიმრებინა ისიდორე ქიქოძე და გადაეგზავნა ქ. ოდესის ჟანდარმთა სამმართველოში ალექსანდრა ხორჟევსკაიას მშობლებისთვის წარსადგენად, რათა დაედასტურებინათ მართლა ის იყო თუ არა მათი სიძე.

ქუთაისში დეპეშის მიღებამდე ორი დღით ადრე ისიდორე ქიქოძე მიიმალა. კვალის ასარევად მან ბინაში დატოვა განცხადება ჟანდარმერიისთვის, თითქოს იგი პეტერბურგს გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად.  აქედან მოყოლებული იგი გადავიდა არალეგალურ ცხოვრებაზე.   

1875-77 წლებში იმალებოდა ქვემო გურიაში, რომელიც იმ დროს ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა და იქედან  ხელმძღვანელობდა ხალხოსნურ მოძრაობას გურიასა და სამეგრელოში.

აგენტურის ცნობით ისიდორე უმეტესად თურქეთს აფარებდა თავს, თუმცა ხშირად მალულად გადმოდიოდა გურიაში. როგორც ხალხის გულშემატკივარი დიდი პატივისცემით სარგებლობდა ადგილობრივ გლეხობაში.

რადგან ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ისიდორე ქიქოძის დაპატიმრება, 1878 წლის 26 ივლისს მის მიმართ აღძრული საქმის მსვლელობა შეჩერებულ იქნა.

ერთხანს იგი კვლავ განაგრძობდა რევოლუციურ საქმიანობას. დაახლოებით 1889 წელს პოლიტიკას თავი საბოლოოდ დაანება, დაბრუნდა საქართველოში და შვიდა სახელმწიფო სამსახურში. მსახურობდა გურიაში აქციზის უწყების მოხელედ. გარდაიცვალა 1916 წელს. 

წყარო:

1. ოზურგეთიდან გვწერენ... [ისიდორე ქიქოძის გადაკარგვა ოსმალეთში და ადმინისტაციის მიერ მისი ოჯახის აკლება] // გაზ. დროება. - ტფილისი, 1876. - 13 ოქტომბერი. - N102. - გვ.1

2. შველიძე ზაქარიაისისდორე გიორგის ძე ქიქოძე //ამიერკავკასიელები „სრულიად რუსეთის სოციალურ-  რევოლუციურ ორგანიზიციაში“ (1874-1876 წწ.)/ ზაქარია შველიძე. - თბილისი, 1974. - გვ. 134-137


Share: