The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ციციშვილი

Date of birth:24 April, 1850
Date of death:13 July, 1885  (at 35 years)
Category:Politician

Biography

ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ციციშვილი დაიბადა 1850 წლის 24 აპრილს, გორის მაზრის სოფელ ქარელში, თავადის ოჯახში.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა მოსწავლეთა თვითგანვითარების წრეში.

1872 წელს, სასწავლებლად გაემგზავრა შვეიცარიაში, ქ. ციურიხში, სადაც გახდა საზოგადოება „უღელის“ წევრი და რამდენიმე მეგობართან (ა. ელიოზიშვილი, დ. გურამიშვილი და სხვ.) ერთად შეადგინა ამ საზოგადოების მემარცხენე ფრთა.

გატაცებული იყო მიხეილ ბაკუნინის მოძღვრებით. ჟენევის კონგრესში მონაწილე  სხვა ხალხოსნებთან ერთად გამოვიდა რუსეთიდან ამიერკავკასიის გამოყოფისა და მისთვის ფედერაციის მოთხოვნის წინააღმდეგ. 

შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა „მოსკოვის“ ხალხოსნური ორგანიზაციის საქმიანობაში. ჟანდარმერიის ცნობით იყო „სრულიად რუსეთის სოციალურ-რევოლუციური ორგანიზაციის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი. როგორც ადმინისტრაციის წევრი იგი მიდიოდა პერიფერიებში და ადგილებზე უწევდა დახმარებას იქაურ ხალხოსნურ წრეებს.

ორგანიზაციის სალაროს შევსების მიზნით მან მოახდინა 200 ათას მანეთად ღირებული თავისი პირადი ქონების რეალიზაცია და აღებული თანხა მთლიანად რევოლუციური საზოგადოების სალაროს გადასცა. გარდა ამისა, იგი ფიქტიურად დაქორწინდა ორგანიზაციის წევრ ა. ხორჟევსკაიაზე და ქალის მიერ მშობლებისგან მიღებული მზითვი, ასევე, საზოგადოების სალაროში შეიტანა.

ალექსანდრე ციციშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი რგოლი „სრულიად რუსეთის სოციალურ-რევოლუციურ ორგანიზაციასა“ და კავკასიაში მოქმედ რევოლუციონერებს შორის. ხშირად ჩამოდიოდა ამიერკავკასიაში, ადგილობრივ ამხანაგებს სათანადო რჩევა-დარიგებებს აძლევდა და სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.

ალექსანდრე ციციშვილმა, რუსეთის რევოლუციური მოძრაობის ისტორიაში პირველმა, გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა ჟანდარმებს დაპატიმრების დროს (1875, 11 აგვისტო).

1877 წლის 14 მარტის განჩინებით ალექსანდრე ციციშვილს მიესაჯა ყოველგვარი უფლების აყრა და 10 წლით საკატორღო მუშაობა ციხეებში. სენატის საკასაციო სხდომის 1877 წლის მაისის გადაწყვეტილებით სასჯელი შეეცვალა ქარხნებში 8 წლის ვადით საკატორღო მუშაობით.

ალექსანდრე ციციშვილმა 1878 წლის აგვისტოში ნოვობელგოროდის საკატორღო ციხეში ადმინისტრაციის წინააღმდეგ პატიმრების აჯანყება სცადა. ამიტომ ხელისუფლების განკარგულებით იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს აღმოსავლეთ ციმბირის საკატორღო სარეწებში სამუშაოდ.

1883 წელს ალექსანდრე ციციშვილი ფსიქიურად დაავადდა. ამიტომ კატორღაში მისი გაჩერება აღარ შეიძლებოდა. ხელისუფლება იძულებული გახდა იგი გადასახლებულის კატეგორიაში გადაეყვანა და გადააგზავნა ირკუტსკის გუბერნიის დაბა კირენსკში. აქ მას ავადმყოფობა გაუძლიერდა და 1885 წლის 13 ივლისს კირენსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

წყარო:

1. ფერაძე ვახტანგ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობ ისტორიის ნარკვევები (X-XXI სს ) /. ფერაძე; . მუმლაძე. - თბ., 2008. - გვ. 177-178 

2. შველიძე ზაქარია. ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ციციშვილი // ამიერკავკასიელები სრულიად რუსეთის სოიალურ-რევოლუციურ ორგანიზიციაში“ (1874-1876 წწ.) / ზაქარია  შველიძე. - თბილისი, 1974. - გვ. 119-130

 


Share: