The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლოზ ნამორაძე

ნიკოლოზ ნამორაძე
Other name:ნიკოლას
Date of birth:1992  (32 years)
Category:Musician

Biography

პიანისტმა და კომპოზიტორმა ნიკოლოზ ნამორაძემ 2018 წელს ერთბაშად მოიპოვა მსოფლიოს აღიარება. თუ მანამდე ბუდაპეშტის, ვენის, ფლორენციისა და ნიუ-იორკის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებლებში მის ნიჭიერებასა და ფართო შესაძლებლობებს ყველა აღიარებდა, წარმოუდგენლად ძნელ ჰონენსის (კანადა, ქალაქი კალგარი) საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში (Honens Interantional Piano Competition)  გამარჯვებამ იგი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია.

კონკურსზე მან ფორტეპიანოსთვის განკუთვნილი მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯილდო - 100 ათასი დოლარი და ხელოვნის განვითარების პროგრამა (500 ათასი დოლარი) მოიგო.

ქართველი ხელოვანი კრიტიკოსთა შეფასებით „მგრძნობიარე და ფერადოვანი“, „უბრალოდ ბრწყინვალე“ და „შეუდარებელია“.

ნიკოლას ნამორაძე 1992 წელს, თბილისში დაიბადა. ორი თვის ასაკში კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბუდაპეშტში გადავიდა. მუსიკოსი მის ირგვლივ არავინ იყო. მამა იურისტია, დედა პოლიტოლოგი. სახლში ინსტრუმენტიც კი არ ჰქონდათ. არ ახსოვს როდის შემოვიდა მუსიკა მის ცხოვრებაში, მაგრამ მშობლებს შვილის ნიჭი და მუსიკისადმი ინტერესი არ გამოეპარათ და 11 წლის ასაკში ბუდაპეშტის ფ. ლისტის სახელობის სამუსიკო აკადემიის (კონსერვატორიის) ბაზაზე არსებულ „ნიჭიერთა ათწლედში“ შეიყვანეს.

საფორტეპიანო ხელოვნებას ნიკოლოზი ბუდაპეშტში, ვენასა და ფლორენციაში ეუფლებოდა, რაც ნიუ იორკში ჯულიარდის სკოლის მაგისტრატურაში სწავლით დაგვირგვინდა. ამბობს, რომ მასწავლებლებში გაუმართლა. ბუდაპეშტში რიტა ვაგნერთან სწავლობდა, ვენაში – „ერაზმუსის პროგრამის“ მეშვეობით ოლეგ მაიზენბერგთან მოხვდა, ფლორენციაში მისი პედაგოგი ელისო ვირსალაძე გახლდათ,

ჯულიარდში კი ის მსოფლიოში ერთ–ერთი ცნობილი პიანისტის ემანუელ ეაქსის მოსწავლეა. „მე მისი ერთადერთი სტუდენტი ვარ და, შეიძლება ითქვას, რომ ნიუ-იორკში სწორედ მისთვის ჩამოვედი. როგორც წესი, გაკვეთილზე იმდენად საშემსრულებლო ტექნიკას კი არა, რამდენადაც იმას მასწავლის, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს მუსიკისადმი; როგორ უნდა ჟღერდეს კონკრეტული ნაწარმოების ინტერპრეტაცია“, - ამბობს ახალგაზრდა პიანისტი.

ჰონენსის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატობამ მუსიკოსს გზა გაუხსნა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზებისკენ. ასე აღმოჩნდა იგი ლონდონის „ვიგმორ ჰოლში“, სადაც კოლოსალური წარმატება მოიპოვა. ამ დარბაზში აღიარება ბევრს ნიშნავს, რადგან დამსწრეთა უმეტესობას პროფესიონალი მუსიკოსები შეადგენენ. მათ წინაშე წარდგომა და მოწონების ტაში ყველაზე დიდი საშვია მუსიკალურ სამყაროში.

ნიკოლოზ ნამორაძეს მრავალ სახელოვან ორკესტრთან და დირიჟორთან ერთად მოუწია გამოსვლა. მის გამოსვლებს საუკეთესო გამოხმაურება ჰქონდა  ბერლინის „კონცერტ-ჰაუსში“, ტოკიოს „ბუნკა კაიკანში“, ბოსტონის გარდნერ-მუზეუმში, ტორონტოში, მაიამიში, თბილისში, თელავში, სანტა-ფეში, გშტაადში…
კონცერტებზე იგი საკუთარ ნაწარმოებებსაც ასრულებს. მუსიკის წერა ძალიან ადრე დაიწყო. მისი კომპოზიციები თანამედროვე სამუსიკო სტილშია დაწერილი. რამდენიმე ცნობილმა შემსრულებელმა და ორკესტრმა უკვე შეიძინა მისი მუსიკის შესრულების უფლება და მათ გაიჟღერეს კიდეც სხვადასხვა აუდიტორიაში.

ნიკოლოზმა, ასევე, მუსიკალურად გააფორა რამდენიმე ფილმიც.
საფორტეპიანო სამყაროში International Piano მსოფლიოს წამყვანი გამოცემაა, რომლის გვერდებზე, მით უმეტეს გარეკანზე მოხვედრა ნებისმიერი მუსიკოსისთვის ღირსეულ გამარჯვებას ნიშნავს. ამჯერად ეს პატივი წილად ხვდა ნიკოლოზ ნამორაძეს. 2022 წლის იანვარ–თებერვლის ნომერი მისი პორტრეტით იხსნება. შიდა გვერდებზე განთავსებული ტექსტები კი მკითხველს მოუთხრობს 29 წლის პიანისტისა და კომპოზიტორის ჭეშმარიტად მრავალმხრივ ნატურაზე.

განსაკუთრებით საყურადღებოა ჟურნალში ამოკითხული გავლენიანი ბრიტანელი მუსიკალური კრიტიკოსის მაიკლ ჩერჩის შეფასება: „სიტყვებს ხშირად არ ვკარგავ, მაგრამ ნამორაძის კონცერტმა თითქმის დამამარცხა“.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზის ინტერესების სფერო მხოლოდ მუსიკით არ შემოიფარგლება. იგი სერიოზულადაა დაინტერესებული ფილოსოფიით, ესთეტიკითა და ეთიკით.

მუსიკოსმა ნაყოფიერად გამოიყენა პანდემიის დამთრგუნველი ორი წელიწადი. საკონცერტო გამოსვლების საკმაო ხნით შეფერხების პირობებში მან სინამდვილედ აქცია სიჭაბუკისდროინდელი  სურვილი – შეესწავლა ნევროლოგია. ჩააბარა ლონდონის კინგს კოლეჯის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და ნევრომეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში და დაწერა დისერტაცია, რომელიც იკვლევს გონებრივი პრაქტიკისა და ყურადღების ეფექტს მუსიკალურ შესრულებაში. ამასთან ერთად, ნიკოლოზმა გამონახა დრო, თეორიულად ჩაღრმავებოდა თანამედროვეობის გამოჩენილი კომპოზიტორის, გიორგი ლიგეტის (1923–2006) მუსიკას და წიგნად გამოსცა თავისი ნაშრომი – „ლიგეტის მაკროჰარმონიები“.

ნიკოლოზ ნამორაძემ ნოტების სახით გამოსცა საკუთარი კომპოზიციებიც, რომელიც Muse Pess-მა დაბეჭდა. მის პროფესიულ კარიერაში კი თვალსაჩინო წარმატებად უნდა მივიჩნიოთ ახალი ალბომი, რომელსაც Arabesque ჰქვია. იგი STEINWAY & SONS-მა გამოსცა და მასში ძირითად ადგილს შუმანის 12 ქმნილება იკავებს. მუსიკოსი აქვე ასრულებს საკუთარ ნაწარმოებებსაც, ერთ არაბესკას და სამ ეტიუდს.

როგორც ახალგაზრდა კომპოზიტორი აღნიშნავს: „ეს ალბომი წარმოადგენს რობერტ შუმანის ჩემეულ ანარეკლებს, როგორც პიანისტური, ასევე კომპოზიციური თვალსაზრისით“.
ნიკოლოზ ნამორაძის შემოქმედება უკვე იწვევს ინტერესს თანამედროვე მუსიკის სამყაროში. მას უწოდებენ რენესანსული ბუნების მუსიკოსსა და მეცნიერ-მკვლევარს, რომელიც ასე ფართო ჭრილიდან უმზერს და განსჯის ხელოვნებას.

წყარო:

1. https://imedinews.ge/ge/kultura/76830/qartveli-pianisti-nikoloz-namoradze-saertashoriso-konkursis-laureati-gakhda 

2. http://kvira.ge/723363

3. http://iamerkviladze.blogspot.com/2014/09/blog-post_12.html


Share: