The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გია გვიჩია

გია გვიჩია
Date of birth:18 June, 1962  (62 years)
Category:Businessmen

Biography

პეტერბურგელი ბიზნესმენი გია გვიჩია დაიბადა 1962 წლის 18 ივნისს, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში. 1979 წელს დაამთავრა სამტრედიის რუსული საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთში გაემგზავრა. ჩაირიცხა სმოლენსკის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

სტუდენტობის პერიოდში ჯარში გაიწვიეს. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ სწავლა განაგრძო სანქტ-პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის) საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტში  და სამეწარმეო საქმეს დაეუფლა.

1988 წელს, ინსტიტუტი დაამთავრა და ოფიციალური განაწილებით  ლუდსახარშ „სტეპან რაზინში“ მოხვდა.

ეს საწარმო პეტერბურგში ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან არსებობდა და პირველი ლუდსახარში იყო რუსეთში. გიამ ჯერ რიგით ეკონომისტად დაიწყო მუშაობა, შემდეგ გასაღების განყოფილების უფროსად გადაიყვანეს. კარიერულ კიბეზე სწრაფად წაიწია და სულ მალე კომერციული დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

XX ს-ის 90-იან წლებში, მასობრივი პრივატიზაციის პროცესში, ლუდსახარშის აქციების საკონტროლო პაკეტი საწარმოს თანამშრომლების ხელში აღმოჩნდა. გია გვიჩია, რომელიც ლუდის კომბინატის გერმანული კომპანიისთვის მიყიდვას აპროტესტებდა, ლუდსახარშის გენერალურ დირექტორად აირჩიეს (1996 წ.)

2001 წლის 1 აგვისტოდან 2005 წლამდე  ღია  სააქციო საზოგადოება „კომბინატ სტეპან რაზინის“ პრეზიდენტი იყო.

2005 წლიდან კომბინატს სახელი შეეცვალა და ეწოდა „ღია საზოგადოება „ზავოდ სოლოდა ი პივო“ ( ალაოსა და ლუდის ქარხანა).

რუსეთის ბაზარზე ლუდის წარმოების მსხვილი უცხოელი მოთამაშეების შესვლის გამო, დამოუკიდებლობის შენარჩუნება გაჭირდა და სააქციო საზოგადოებას პრობლემები შეექმნა. ზედიზედ რამდენიმე წელიწადი „სტეპან რაზინი“ ზარალზე მუშაობდა. აუცილებელი გახდა კომპანიის გაყიდვა. გია გვიჩიამ და მისმა პარტნიორებმა „Heineken” -ის უაღრესად მომგებიანი წინადადება მიიღეს და 2007 წელს კომბინატი გაიყიდა.

აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შემდეგ, გია გვიჩიას საკუთრებაში დარჩა მინის ქარხნები ვოლგოგრადისა და ლიპეცკის ოლქებში, სადაც ხდება ბოთლების წარმოება.

გია გვიჩია არის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

რაც შეეხება სამშობლოსთან ურთიერთობას. იგი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მოწოდებას - უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს საქართველოში, მრეწველობის განვითარებისათვის ინვესტიციები განეხორციელებინათ და კაპიტალი მინერალური წყლის, „საირმის“, წარმოების განვითარებისა და მისი რეალიზაციის საქმეში დააბანდა. მან წარმოება თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობით აღჭურვა, რის შემდეგაც მისი მოცულობა ერთიორად გაიზარდა და უცხოეთის ქვეყნებშიც იყიდება.

სამკურნალო-მინერალური წყალი „საირმე“ რამდენჯერმე წარადგინეს სანქტ-პეტერბურგის „ლენექსპო - 99“-ის საერთაშორისო გამოფენაზე და ოქროს მედალი მიაკუთვნეს.

სანქტ-პეტერბურგში ბატონი გია ცნობილია, როგორც დიდი ქველმოქმედი და მეცენატი. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეკლესიის მშენებლობის თუ რესტავრაციის საქმეში. ყოველთვის მონაწილეობს ქართული სათვისტომოს „ივერიის“ მიერ გამართულ ღონისძიებებში.

გია გვიჩიამ სანქტ-პეტერბურგში ქართული ოჯახი შექმნა. მისი მეუღლეა ხათუნა ცისკარიშვილი. ჰყავთ 4 შვილი - ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი.

1999 წელს, რუსეთის ფედერაციამ მას მეგობრობის ორდენი გადასცა, საქართველოს მთავრობამ კი იმავე წელს, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

რუსეთში გია გვიჩიას გარდა, კარგად იცნობენ მის დას, ნანა გვიჩიას, რომელიც სანქტ-პეტერბურგში, ქალაქის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრს ხელმძღვანელობს.

წყარო:
1. https://www.bpn.ge/article/4856-xobidan-did-biznesshi 

2. ბახტაძე, . როგორ გახდა ხობელი გია გვიჩია მილიონერი //თბილისელები. - 2009.-9-15 თებერვალი. - N6(424). - გვ.25

3. კუხალაშვილი . გია გვიჩია // კუხალაშვილი გენადი. ჩემი ცხოვრების ქარტეხილები. - თბილისი, 2019. - გვ. 383-390.


Share: