The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვიქტორ ერისთავი

ვიქტორ ერისთავი
Date of birth:22 June, 1939
Date of death:1 December, 2005  (at 66 years)
Burial location:თბილისი
Category:Chemist

Biography

ვიქტორ ერისთავი დაიბადა 1939 წლის 22 ივნისს, თბილისში, გამოჩენილი ქართველი ქიმიკოსის, აკადემიკოს დიმიტრი ერისთავის ოჯახში. მამის პროფესიამ თავიდანვე განსაზღვრა მისი ცხოვრების გზა.

თბილისის №25 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1956 წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1962 წელს დაამთავრა. ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო სპი-ს ჩაის მრეწველობის მანქანათმშენებლობის პრობლემურ ლაბორატორიაში.

1962-1963 წელებში მუშაობდა ჩაის წარმოების ნაკადური ხაზის კონსტრუქციის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1963-1966 წლებში სწავლობდა ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურაში.

1966 წლიდან ვიქტორ ერისთავის მოღვაწეობა სპი-ს ანალიზური ქიმიის კათედრას უკავშირდება. ინიშნება კათედრის ასისტენტად. 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1968-1972 წლებში ანალიზური ქიმიის კათედრის დოცენტია, კითხულობს ლექციებს და პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ატარებს სამეცნიერო - კვლევით სამუშაოს რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის ფიზიკურ-ქიმიურ მეთოდებში.

1974 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: კარბონატული ფორმის ანიონიტების გამოყენება იშვიათი ელემენტების ანალიზურ ქიმიაში და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ხოლო 1975 წელს - პროფესორის წოდება.

1975-1980 წლებში ვიქტორ ერისთავი ანალიზური ქიმიის კათედრის პროფესორია, პარალელურად ხელმძღვანელობს პრობლემური ლაბორატორიის სექტორს მეტად აქტუალური თემატიკით - გარემოს დაბინძურების კონტროლის ანალიზური მეთოდების შემუშავება.

1980 წლის სექტემბრიდან სათავეში ჩაუდგა ტექნიკური უნივერსიტეტის ახლად ჩამოყალიბებულ გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრას. 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის ატომურ-აბსორბციული სპექტროსკოპიის გამოყენების რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელია. მისი კვლევების ძირითადი მიმართულება იყო დალექვითი და კომპლექსწარმოქმნითი ქრომატოგრაფიის თეორია და პრაქტიკული გამოყენება.

პროფესორი ერისთავი 3 გამოგონების ავტორია; გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია; მისი თანაავტორობით გამოიცა რამდენიმე სახელმძღვანელო - ნიადაგის დაცვა. - თბ., 1983; ატმოსფეროს დაცვა.-თბ., 1982;  უნარჩენო ტექნოლოგიური პროცესების შექმნის საფუძვლები.- თბ., 1982  და სხვ.

მეცნიერი ხშირად იმაღლებდა კვალიფიკაციას საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში: 1971 და 1977 წლებში განათლების სამინისტროს ხაზით რუმინეთში და გერმანიაში იყო მივლინებული; 1978 – 1979 წლებში ანალოგიური პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა; 1991 წელს ლონდონის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ორი თვის მანძილზე ეცნობოდა გარემოს დაცვის კათედრის მუშაობას.

1995 წელს მივლინებულ იქნა აშშ –ის კალიფორნიისა და სან-ფრანცისკოს   სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეკოლოგიის გლობალურ საკითხებზე სამუშაოდ.

1995 წელს ვიქტორ ერისთავი აირჩიეს აშშ მეცნიერების, ინდუსტრიის, განათლებისა და ხელოვნების ინტერნაციონალური აკადემიის ნამდვილ წევრად, 1997 წელს კი საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის ნამდვილ წევრად.

2001 წლიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე მეცნიერის მოღვაწეობა აშშ-ს უკავშირდება, თუმცა მისი ძალისხმევით შექმნილ გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრასთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია, გარდაცვალებამდე ასრულებდა კათედრის პროფესორ-კონსულტანტის როლს.

ვიქტორ ერისთავი გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქ. სან-ფრანცისკოში, 2005 წლის 16 დეკემბერს. დაკრძალულია  თბილისში.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014.–გვ.60

2. https://gtu.ge/Ctmf/News/?ELEMENT_ID=13630 

 


Share: