The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კონსტანტინე დავითის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი

კონსტანტინე დავითის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი
Date of birth:1789
Date of death:1844  (at 55 years)
Burial location:დონის მონსატერი, მოსკოვი
Category:Royalty

Biography

კონსტანტინე ბაგრატიონ-იმერეტინსკი იმერეთის სამეფო ტახტიდან 1789 წელს ჩამოგდებული მეფის დავით გიორგის ძისა და ანა მამუკას ასულ ორბელიანის ვაჟი იყო. მამის ტახტიდან ჩამოგდებისა და გარდაცვალების (1795 წ.) შემდეგ მცირეწლოვანი კონსტანტინე ცხრა წლის მანძილზე მუხურის ციხეში იყო გამომწყვდეული. მხოლოდ 1803 წელს, მთავარმართებლის ზეწოლის შემდეგ, გაათავისუფლა იგი სოლომონ II.

1804 წლის 12 დეკემბერს დაწერილი წერილით რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I დედოფალ ანას და კონსტანტინეს მოსკოვში გადასახლებას, ბატონიშვილისთვის სათანადო განათლების მიღებას და პენსიის გაორმაგებას სთავაზობდა. თავად კონსტანტინე გადასახლების სასტიკი წინააღმდეგი იყო. მაგრამ 1809 წელს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იგი თბილისში გამოცხადდა მთავარმართებელთან და რუსეთისადმი ერთგულების ფიცი მიიღო.

1810 წლის ნოემბერში რუსეთში ჩასული ანა და კონსტანტინე მოსკოვში დიდი პატივით მიიღეს და ჩასვლისთანავე 10000 მანეთი პენსია დაუნიშნეს. მოსკოვში დედოფალი ანა საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობდა. თავად კონსტანტინეს იმპერატორის მონაწილეობით გამართულ ზეიმებსა და ცერემონიალებზე ხელმწიფე იმპერატორის კორტეჟში ჰქონდა ადგილი, ოლდენბურგის პრინცების გვერდით. იგი თითქმის სახელმწიფოს სრულ კმაყოფაზე იმყოფებოდა. მისი სამხედრო სამსახურიც განსაკუთრებული პრივილეგიებით დაიწყო: კაზაკთა ლეიბგვარდიულ პოლკში ჩაირიცხა პირდაპირ როტმისტრად, დაინიშნა ფლიგელ-ადიუტანტად და როგორც ყველა ქართველმა ბატონიშვილმა, მანაც ანას პირველი ხარისხის ორდენი მიიღო.

კონსტანტინე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ნაპოლეონის წინააღმდეგ წარმოებულ სამამულო ომში. მან თავი გამოიჩინა ვიტებსკისთან ბრძოლაში. ბოროდინოსთან გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გმირული მოქმედებისთვის კონსტანტინე დავითის ძეს ვლადიმერის ორდენი ებოძა ბაფთით. ნაპოლეონის ჯარების დამარცხების შემდეგ, იგი კვლავ არმიაში მსახურობდა. ოციანი წლების ბოლოს კი, გენერალ-მაიორის ჩინით დატოვა სამხედრო სამსახური და ლიტერატურულ მოღვაწეობას მიჰყო ხელი, უყვარდა ლექსების წერა. მისი ლექსი „Воздушный Корабль“ გამოქვეყნდა ალმანახ „Миневра“-ში.

კონსტანტინე ბაგრატიონი, სოლომონ II მითითებით, პირველად 12 წლის ასაკში დაქორწინდა ანასტასია აბაშიძეზე. წყვილს შვილები არ ჰყოლია. მეორედ მოსკოვში იქორწინა პორტუგალიის გენერალური კონსულის შვილზე ანა დენისის ასეულ ლოპეს-დე-სილვაზე. ამ ქორწინებიდან ჰყავდა ორი ვაჟი: კონსტანტინე და ნიკოლოზი. მესამედ ეკატერინე სერგის ასულ სტრახოვაზე იქორწინა, რომელთანაც შეეძინა ვაჟი, შემდეგში ცნობილი გენერალი და სახელმწიფო მოღვაწე - ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი.

კონსტანტინე დავითის ძის შვილები იყვნენ რუსეთში პირველი თავადები - იმერეტინსკები. კონსტანტინე დავითის ძე 1844 წლის 3 მაისს მოსკოვში გარდაიცვალა. დასაფლავებულია დონის მონასტერში.

წყარო:

გონიკაშვილი, მიხეილკონსტანტინე დავითის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი // ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში / მიხეილ გონიკაშვილი. - თბილისი, 1986. - გვ. 129-140.


Share: