The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იოსებ ელიგულაშვილი

იოსებ ელიგულაშვილი
Date of birth:12 November, 1890
Date of death:20 October, 1952  (at 61 years)
Burial location:ბანიოს სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Politician

Biography

ქართველი ებრაელი პოლიტიკოსი იოსებ ელიგულაშვილი დაიბადა 1890 წლის 12 ნოემბერს, ქუთაისში, პირველი გილდიის ვაჭრისა და ქველმოქმედის, ქუთაისის ხმოსანთა საბჭოს წევრის აარონ ელიგულაშვილის მდიდარ ოჯახში.

საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. სწავლის დროს ჩაერთო მოსწავლეთა სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში, რის გამოც სასწავლებლიდან გარიცხეს და გადაასახლეს ქუთაისიდან.

დაამთავრა მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი, სადაც მიანიჭეს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

სტუდენტობის პერიოდში გახდა სოციალ-დემოკრატიული  პარტიის (მენშევიკური მიმართულება) წევრი. მონაწილეობდა ქართველ სტუდენტთა მოძრაობაში.

პარალელურად, მამასა და ძმებთან ერთად, ეწეოდა კომერციულ საქმიანობას რუსეთის იმპერიაში.

1917 წელს, ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, პეტროგრადში მყოფ ელიგულაშვილების ოჯახს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ქონების დიდი ნაწილი ჩამოართვა.

1917 წლის ბოლოს იოსებ ელიგულაშვილი თბილისში დაბრუნდა.

1918 წელს დაინიშნა საგარეო ვაჭრობის კომიტეტის („საქონლის გაცვლა გამოცვლის“)  წევრად. 

1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეპუტატად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო საფინანსო-საბიუჯეტო და შრომის კომისიების წევრი.

იოსებ ელიგულაშვილის ხელმოწერა არის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე.

1920 წლის აგვისტოში დაინიშნა საქართველოს ხელისუფლების სავაჭრო წარმომადგენლად (აგენტად) პარიზსა და როტერდამში, რის გამოც გათავისუფლდა დამფუძნებელი კრების წევრობიდან. შემდეგ იკავებდა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, კონსტანტინე კანდელაკის მოადგილის პოსტს და საგარეო სავაჭრო ურთიერთობებზე იყო პასუხისმგებელი.

იოსებ ელიგულაშვილი შედიოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაგზავნილი სამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით საგარეო ვალის აღებას ცდილობდნენ. მის სახელს უკავშირდება შიმშილისა და ეკონომიკური ბლოკადის პირობებში საქართველოს მიერ ევროპულ საწარმოებთან დადებული რამდენიმე შემოსავლიანი ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც ქვეყნის ეროვნული ხაზინის დეფიციტის შემცირება მოხერხდა.

საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელ საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ნოე ჟორდანიას ბრძანებით, დაინიშნა ქვეყნის ეროვნული საგანძურის მცველის, ექვთიმე თაყაიშვილის თანაშემწედ. მან უდიდესი ღვაწლი გაიღო საგანძურის აღწერის, საზღვარგარეთ გაგზავნისა და დაცვის საქმეში. 1921 წლის მარტში მონაწილეობდა ეროვნული საგანძურის ევაკუაციაში საფრანგეთში. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს, სწორედ იოსებ ელიგულაშვილის განსაკუთრებული ორგანიზატორული უნარის წყალობით შევძელით დავალების ბრწყინვალედ შესრულებაო.

1921 წლიდან იოსებ ელიგულაშვილი პარიზში ცხოვრობდა, სადაც მცირე ბიზნესს - ბამბის თეთრეულის წარმოება-რეალიზაციას ჩაუყარა საფუძველი. ის ემიგრაციაშიც ერთგულად ემსახურებოდა ეროვნული განძის დაცვა-გადარჩენის საქმეს. მონაწილეობდა ქართველ ემიგრანტთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი ხელშეწყობით, საქართველოს დევნილმა მთავრობამ შეიძინა პარიზთან ახლოს, დაბა ლევილში მდებარე მამული და სასახლე (1922), რომელმაც უდიდესი სამსახური გაუწია ქართულ ემიგრაციას.

გარდა ამისა, მან უცხოეთშიც გააგრძელა ქართული წიგნებისა და სხვა ფასეულობების დამოუკიდებლად შეგროვება. მისი მდიდარი კოლექცია, მრავალი წლის შემდეგ, როცა ელიგულაშვილი უკვე ცოცხალი აღარ იყო, საჩუქრად გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სიონის ტაძარს.

იოსებ ელიგულაშვილი ემიგრაციაში აირჩიეს გადახვეწილ ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარედ.

1930-იან წლებში საფრანგეთში საკმაოდ მტკიცე ქართული დიასპორა ჩამოყალიბდა: ემიგრანტებს შორის იყვნენ პოლიტიკის, კულტურისა და განათლების საუკეთესო წარმომადგენლები, რომელთა სახელებიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დავიწყებას მიეცა.

ქართული დიასპორის მშვიდი ცხოვრება ნაცისტების მიერ საფრანგეთის ოკუპაციამ დაარღვია.

იოსებ ელიგულაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გერმანელებმა დააპატიმრეს. საბედნიეროდ, გერმანიაში თავისი კონტაქტების წყალობოთ, მისი დახსნა შეძლო მიხეილ კედიამ – საქართველოს ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების მინისტრის შვილმა.

ელიგულაშვილმა და კედიამ, საერთო ძალისხმევით, ფაშისტების ბანაკებიდან ათასობით ადამიანის გამოყვანა მოახერხეს. ამას დიდად შეუწყო ხელი მათ მიერ შექმნილმა ორგანიზაციამ და თითქოსდა „მეცნიერულად დასაბუთებულმა“ ქართველ ებრაელთა მემორანდუმმა, რომელიც ნაცისტების წარმომადგენლებს გაუგზავნეს პარიზში.

მემორანდუმის მიხედვით ქართველი ებრაელები სემიტები კი არა, არამედ ქალდეველები იყვნენ, რომლებმაც იუდაიზმი იწამეს და კავკასიაში დამკვიდრდნენ (უწოდებდნენ „მოსეს რჯულის ქართველებს“). დოკუმენტი ირწმუნებოდა, რომ ქართველი ებრაელები არაფრით განსხვავდებოდნენ ეთნიკური ქართველებისაგან: „საერთო ფიზიკური კონსტიტუცია, ერთი ენა და გარეგნობა“. ხაზგასმული იყო ის, რომ „მათ არ გააჩნიათ არავითარი კომუნისტური ან სიონისტური მისწრაფებანი“.

ეს არგუმენტაცია დასაბუთებულად მიიჩნიეს ნაცისტმა მაღალჩინოსნებმა, რომლებმაც გააუქმეს ქართველ ებრაელთა დეპორტაციის განკარგულება.

მემორანდუმის წყალობით გაჩნდა მოკლევადიანი შესაძლებლობა ყველა „ქართველი“ ებრაელის გადარჩენისა. დაიწყო ყალბი დოკუმენტების გაცემა. ევროპაში მცხოვრებ ებრაელებს პასპორტში, ნამდვილ გვარზე უმატებდნენ სიტყვას „შვილი“ ან „ძე“, რაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმარისად მიიჩნეოდა ქართული წარმომავლობის დასამტკიცებლად.

საბოლოო ჯამში, ელიგულაშვილის და მისი თანამებრძოლების ძალისხმევით, 20 ათასზე მეტი ებრაელი გათავისუფლდა, თუმცა, სინამდვილეში, საქართველოსთან რაიმე კავშირი მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა. დანარჩენები კი ირანიდან, თურქეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ.

იოსებ ელიგულაშვილის ღვაწლს დიდად აფასებდა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის ყოფილი მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი: „ებრაელობა იოსებისგან მოელოდა შველას. მან მოახერხა  ქართული ემიგრაციის ერთსულოვნად დაინტერესება ქართველი ებრაელების გადარჩენით და მათი საკითხი საქართველოს ისტორიას დაუკავშირა. იოსების ამ ბრწყინვალე საქმეს ვერ დაივიწყებს ვერც ქართველი  ებრაელობა და ვერც საქართველოს ისტორია, რადგან ამ საქმით აღდგა უცხოელების თვალში საქართველოს ისტორიული ტრადიცია – ყველა ერისა და სარწმუნოების პატივისცემისა და დაცვის. თვითონ ასე აფასებდა ამას და ამბობდა ხოლმე: „ბევრი, ბევრი ქართველი დაგვეხმარა ჩვენ ამ საქმეში, ამას ვერ დავივიწყებთ; მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის ქართველი დაგვეხმარა, რომელსაც საქართველოს ისტორია ეწოდებაო!“ (ფრაგმენტი დაკრძალვაზე წარმოთქმული გამოსათხოვარი სიტყვიდან).

იოსებ ელიგულაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1952 წლის 20 ოქტომბერს, პარიზში. დაკრძალულია ბანიოს სასაფლაოზე.

ელიგულაშვილების ოჯახის თითქმის ყველა წევრმა მოახერხა საფრანგეთში ჩასვლა. იოსების მამა, აარონ ელიგულაშვილი (1856-1938), ძმები-მოსე (1880-1940), რაფაელი (1882-1952), სოლომონ (1888-1958), იაკობ (1889-1965), ბენო (1893-1962); ასევე დები-მაშო (1884-1971), ანა (1901-1983), მატილდა (1903-1985) იოსებ ელიგულაშვილთან ერთად განისვენებენ პარიზის ბანიოს სასაფლაოზე. იოსების დედა, სარა ფიჩხაძე, 1918 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ქუთაისში.

წყარო:
1. https://qtv.ge › სტატიები › ცნობილი-ადამიანები იოსებ ელიგულაშვილი – ქართველი ...
2. https://ka.wikipedia.org › wiki › იოსებ_ელიგულაშვი.

3. http://kvira.ge/636394 

4. ელიგულაშვილი იოსებ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.78-79


Share: