The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით იოსელიანი

დავით იოსელიანი
Date of birth:3 June, 1943  (81 years)
Category:Medical Doctor

Biography

ექიმი-კარდიოლოგი დავით იოსელიანი დაიბადა 1943 წლის 3 ივნისს, თბილისში, ექიმების ოჯახში. პაპა - დიდი დავით იოსელიანი (1884-1967), ქართული ქირურგიული სკოლის დამაარსებელი, მსოფლიო სახელის ქირურგების აღმზრდელი: ვ. ბურაკოვსკი, ი. პეტროსიანი, მ. სრესელი... მამა - ქირურგი, მეცნიერი-მედიკოსი გიორგი იოსელიანი (1917-2005),  საქართველოსა და რუსეთის მედიცინის აკადემიათა წევრ-კორესპონდენტი.

დავითის დედა თამარ კონიაშვილი (1921-1989) ექიმი-მიკრობიოლოგი იყო, ისიც ექიმთა დინასტიიდან. მისი მამა, ივანე კონიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი იყო, საქართველოში კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ფუძემდებელი. იგი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა.

დავით იოსელიანი თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში გაიზარდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1960-1966). პარალელურად სწავლობდა ლენინგრადის ი. პ. პავლოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე (1964-1966). 1969 წელს დაამთავა ლენინგრადის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის იმუნომორფოლოგიის ლაბორატორიის ასპირანტურა.

დავით იოსელიანმა თავიდანვე კარდიოლოგობა გადაწყვიტა და მუშაობა დაიწყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიოკარდის ინფარქტის რეაბილიტაციის განყოფილების უფროს ლაბორანტად (1970-1971, ქ. თბილისი).

1971 წელს იგი სამუშაოდ გადავიდა მოსკოვში ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში, რომელსაც ვლადიმერ ბურაკოვსკი ხელმძღვანელობდა. სახელგანთქმული ექიმი და მეცნიერი წარმოშობით თბილისიდან იყო და ყოველმხრივ ხელს უწყობდა ახალგაზრდა თანამემამულეებს - ნიჭიერ მედიკოსებს, გზის გაკაფვაში.

დავით იოსელიანის სამედიცინო კარიერა წარმატებით განვითარდა: 1972-1977 წწ. - გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის კარდიოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1982 წწ. გულის იშემიურ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1996 წწ. მის მიერვე დაარსებული კორონალური სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევათა ინტენსიური თერაპიის (1992 წლიდან გადაუდებელი და ინტერვენციული კარდიოლოგიის) განყოფილების ხელმძღვანელი. 1996 წლიდან მოყოლებული დღემდე - მოსკოვის საქალაქო ინტერვენციული კარდიოანგიოლოგიის სახელმწიფო ცენტრის (ასევე მის მიერვე დაარსებული) დირექტორი; მოსკოვის მთავარი კარდიოლოგი (2000-2010).

სამეცნიერო წრეებში ღირსეულად შეფასდა დავით იოსელიანის პრაქტიკული თუ თეორიული მიღწევები. ის არის: მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1971); მედიცინის მეცნიერებთა დოქტორი (1977); პროფესორი (1982); უმაღლესი კატეგორიის ექიმი-კარდიოლოგი (1997); უმაღლესი კატეგორიის ექიმი-რენტგენოლოგი (1998); რუსეთის ინტერვენციული კარდიოანგიოლოგიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (2000-2004); ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ნამდვილი წევრი (2002); ორენოვან ჟურნალ “International Journal of Interventional Cardioangiology”-ის მთავარი რედაქტორი (2002); რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (2002); 2003 წლიდან მოსკოვის კარდიოანგიოლოგთა საბჭოს თავმჯდომარე.

უკვე საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდა დავით იოსელიანს, როცა 1980-იანი წლების ბოლოს, არცთუ „სასწავლო ასაკში“, დიდი ხნით ამერიკაში წავიდა და იქაურ ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა, რაც დაეხმარა პრაქტიკაში ახალი ქირურგიული მეთოდების დანერგვაში.

2011 წელს დავით იოსელიანმა ნ.ი. პიროგოვის სახ. რუსეთის სამედიცინო უნივერსიტეტში, ექიმთა დახელოვნების ფაკულტეტზე შექმნა მედიცინაში ახალი მიმართულების - დიაგნოსტიკის რენტგენოენდოვასკულარული მეთოდებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კათედრა, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობდა (შეთავსებით). ხოლო, 2016 წლიდან ის არის მოსკოვის ი. მ. სეჩენოვის სახელობის  I სამედიცინო უნივერსიტეტის ინტერვენციული კარდიოლოგიის კათედრის დამაარსებელი და გამგე.

მეცნიერი ფიქრობს, რომ XXI საუკუნე სწორედ მედიცინის ამ მიმართულების სწრაფ აღმავლობას მოიტანს. ამ მეთოდით ოპერაციები ისე კეთდება, გულს არ ეხებიან, არც არაფერი იჭრება და არც რამის ამოკვეთა ხდება, რომ არაფერი ვთქვათ გულმკერდის გახსნაზე. კანისა და სისხლძარღვის მცირე ნაჩხვლეტით შეჰყავთ კათეტერი, სტენდები, ბალონები, გამტარები...

დავით იოსელიანი ხუთი გამოგონებისა და 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 9 მონოგრაფიისა და 1 სახელმძღვანელოს  ავტორია. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 12 სადოქტორო და 54 საკანდიდატო დისერტაცია. მედიკოსის სამეცნიერო მიღწევები შესაბამისად დაფასდა - ის არის რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (2011); რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2016); საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2017).

ღვაწლმოსილ მედიკოსს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: 1988 - სსრკ სახელმწიფო პრემია გულის იშემიური დაავადების თანამედროვე მეთოდების მეცნიერული დამუშავებისა და პრაქტიკაში დანერგვისთვის; ქ. მოსკოვის მთავრობის პრემია (2003); ღირსების ორდენი (საქართველო, 2003) და სხვ.

მეცნიერი გახლავთ: რუსეთის ფედერაციის სამთავრობო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (2010); მოსკოვის სამთავრობო პრემიის ლაურეატი (2003, 2008, 2011); ვ. ი. ბურაკოვსკის სახ.პრემიის ლაურეატი (2010); კარდიოლოგიაში რუსეთის ჯანდაცვის საბჭოსა და ექსპერტთა საბჭოს წევრი; კუბის კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის უცხოელი წევრ-კორესპოდენტი (1980); ნიუ-იორკის აკადემიის წევრი (1995) და სხვ.

დავით იოსელიანი მშობლიურის გარდა ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

დავით იოსელიანსა და მის მეუღლეს, ექიმ-გინეკოლოგ გურანდა ხვედელიანს ქალ-ვაჟი ჰყავთ. ისინი საქართველოს დიდი პატრიოტები არიან. შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, რომ თავიანთი სახელოვანი წინაპრების ფუძეზე, თუნდაც რამდენიმე დღით არ ჩამოვიდნენ. ქალიშვილი, ნინო, ხელოვნებათმცოდნე და დიპლომატია. ვაჟი, ვლადიმერი, - საერთაშორისო მიმართულების ეკონომისტი.

თავისუფალ დროს დავით იოსელიანი ფერწერის შედევრების შესწავლას უთმობს. იგი კოლექციონერია. აგროვებს თანამედროვე რუსი მხატვრების ნამუშევრებს და თავისი კოლექციით გამოფენებშიც მონაწილეობს.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/ Иоселиани, Давид Георгиевич 

2. კობიაშვილი, ნელი. მოსკოვი : დავით იოსელიანი // შორეული-ახლობელი - თბ., 2010. - გვ.99-110

3. საქართველოენციკლოპედია. IV. -თბ., 2018. -გვ.337.

4. ჭავჭავაძე, მაია. ადამიანი საქართველოდან და გულის სახლიდან // საერთო გაზეთი. - თბილისი, 2014. - 19 ნოემბერი. - N40. - ჩანართი "პატრიოტი". - გვ14-15


Share: